Belive

ბრონკანი: "ჩემი პირველი საზრუნავი გუნდის შექმნა იყო - როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა"

1 საათის წინ რაგბი
5 წთ

მსოფლიო რაგბის სადებიუტო „ერთა თასი“ (World Rugby Nations Cup) საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. შაბათს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებები ერთმანეთს ერთადერთი მიზნით - გამარჯვებისთვის დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დასკვნით ტურამდე ორივე გუნდმა საკუთარ ჯგუფში ჩემპიონის ტიტული უკვე გაინაღდა, შაბათის მატჩს ნამდვილი ფინალის დატვირთვა ჰქონდა, რადგან ივლისში ტურნირის დაწყების დღიდან ორივე ნაკრები უდანაკარგოდ ასპარეზობდა.

თუმცა, „ბორჯღალოსნებისთვის“ ივლისიდან ნოემბრამდე განვლილი გზა მხოლოდ მატჩების მოგებას არ ნიშნავდა. მას შემდეგ, რაც საქართველომ 2016 წლის შემდეგ პირველად დათმო რაგბი ევროპის ჩემპიონატი, გუნდი პასუხებსა და განვითარების ახალ გზას ეძებდა, რაც პიერ-ანრი ბრონკანის ხელმძღვანელობით იპოვა კიდეც.

საქართველოს ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა - პიერ-ანრი ბრონკანმა, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სარაგბო სპორტულ გამოცემას 'RugbyPass'-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

მას შემდეგ, რაც ფრანგმა სპეციალისტმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაიბარა, საქართველოს ნაკრები საუკეთესო ფორმას დაუბრუნდა, ზედიზედ ექვსი გამარჯვება მოიპოვა და ყველა მეტოქეზე დომინირებდა - ეს კი მამაკაცთა მომავალ მსოფლიო თასამდე ათი თვით ადრე მეტად იმედისმომცემი ნიშანია.

თუმცა, როგორც კასტრისა და ბრივის ყოფილი მთავარი მწვრთნელი განმარტავს, დასაწყისი დაბრკოლებების გარეშე არ ყოფილა.

„დასაწყისი მარტივი არ ყოფილა, რადგან პირველი მატჩის [ურუგვაის წინააღმდეგ] მოგების მიუხედავად, ცუდად ვითამაშეთ - განსაკუთრებით შეტევაში. მას შემდეგ ძალიან მოვუმატეთ და ეს გუნდის სულისკვეთებაზეც აისახება, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ კმაყოფილები ვართ“ - პიერ-ანრი ბრონკანი

ბრონკანმა საქართველოს რაგბის კავშირთან კონტრაქტი 2026 წლის დასაწყისში გააფორმა, მაგრამ გუნდის სათავეში მხოლოდ ივნისში, ბრივთან ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ ჩადგა. მან ეროვნულ ნაკრებში გატარებული პირველი თვეებიც გაიხსენა.

„ჩემი პირველი საზრუნავი გუნდის შექმნა იყო - როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახლდათ, რომ მართლაც შეკრულ კოლექტივად ჩამოვყალიბებულიყავით. მანამდე ეგოისტური გუნდი ვიყავით - მოთამაშეები ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ და არ ფიქრობდნენ იმაზე, დაუჭერდა თუ არა ვინმე მხარს. ეს მენტალიტეტი მოედნის მიღმაც ვრცელდებოდა. ამიტომ, ჩვენი მთავარი ფოკუსი გუნდური სულისკვეთების ჩამოყალიბება და ბურთით უფრო მეტი, ერთიანი თამაში გახდა“ - პიერ-ანრი ბრონკანი

მიუხედავად იმისა, რომ მორაგბეები უმეტეს ასპექტებში თავდაუზოგავი შრომისთვის მზად იყვნენ, ბრონკანი ცდილობდა, გუნდს ვარჯიშის ყველა ელემენტი, იქნებოდა ეს ვიდეოანალიზი, ბურთის ფლობის ტექნიკა თუ სხვა, სრულფასოვნად აეთვისებინა, რადგან მისი აზრით, ეს წინსვლის ერთადერთი გზაა. ამავდროულად, მოთამაშეებს თვალსაწიერი უნდა გაეფართოებინათ, თანამედროვე რაგბის ყველა კომპონენტი მიეღოთ და მხოლოდ სტანდარტული მდგომარეობების იმედად აღარ ყოფილიყვნენ.

„არ მომწონს, როცა თამაშს მხოლოდ შერკინება აკონტროლებს, რადგან მეტი უნდა ვითამაშოთ, ავიღოთ ინიციატივა და წავიდეთ რისკზე. ჩვენი ძლიერი მხარეები უნდა გამოვიყენოთ, რადგან სწრაფი და ათლეტური უკანახაზელები გვყავს. რაქში ბურთი უნდა ავასწრაფოთ, გადაწყვეტილებები სწრაფად მივიღოთ და ჩამოვაყალიბოთ თამაშის ისეთი სტილი, რომელშიც ყველა იქნება ჩართული. ბალანსი - ეს არის საკვანძო სიტყვა იმისა, რისკენაც „ბორჯღალოსნებთან“ ერთად მივისწრაფვით“ - პიერ-ანრი ბრონკანი

გამოცდილი სპეციალისტისთვის „ბორჯღალოსნების“ ლექსიკონში სიტყვა „ტრანზიციაც“ (გარდამავალი ფაზა) უნდა დამკვიდრებულიყო - გუნდს უნდა ესწავლა მეტოქესთან ადაპტირება, სწრაფი რეაგირება და შერკინებასა და უკანა ხაზს შორის კავშირით შეტევების შექმნა. ხუთი მატჩის შემდეგ ტონგასთან ნაჩვენები თამაში ყველაზე მეტად მიუახლოვდა იმას, რის სტაბილურად ჩვენებასაც ბრონკანი და მისი სამწვრთნელო შტაბი ისახავენ მიზნად.

„დიახ, საბოლოოდ ზედმეტად ბევრი ქულა და ლელო გავუშვით, მაგრამ ეს იყო თამაში, რომლითაც ყველაზე მეტად ვისიამოვნეთ. ვფიქრობ, გულშემატკივრებიც საკმაოდ კმაყოფილები არიან, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო ორი შეხვედრა წააგო. საქართველო სარაგბო ქვეყანაა და ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანნი არიან „ბორჯღალოსნები“ ქომაგებისთვის“ - პიერ-ანრი ბრონკანი

მისი ხედვით, საქართველოს, როგორც ერთიანი, შეკრული სისტემის განვითარება მხოლოდ ყველა რგოლს 18-წლამდელთა ნაკრებიდან დაწყებული, საფრანგეთის იმ მრავალრიცხოვანი კლუბებით დამთავრებული, სადაც ქართველი ლეგიონერები თამაშობენ - შორის უფრო მჭიდრო და ღრმა კავშირის დამყარებით მიიღწევა. ბრონკანი მზადაა, ამ პროცესში ნებისმიერი ფორმით ჩაერთოს:

„ქართულმა რაგბიმ უფრო მჭიდრო კავშირი უნდა განავითაროს ეროვნულ ნაკრებსა და 20 და 18-წლამდელთა გუნდებს შორის, ისევე როგორც ადგილობრივ, ფრანგულ და ინგლისურ კლუბებთან. ეს უშუალოდ ჩემი სამუშაო არ არის, მაგრამ ახლა საერთო მობილიზებაა საჭირო, რადგან აქ ყველანი ერთი მიზეზით ვართ შეკრებილნი - ქართული რაგბის სიყვარულით“ - პიერ-ანრი ბრონკანი

იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული ნაკრების მოთამაშეთა აბსოლუტური უმრავლესობა და 20-წლამდელთა სულ მცირე 50% საფრანგეთში ასპარეზობს, საქართველოს ნაკრების თავკაცი ხაზს უსვამს ამ კლუბებთან მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას, რათა „ბორჯღალოსნები“ მოედანზე ყოველთვის საუკეთესო კონდიციაში გავიდნენ.

„ერთადერთი პრობლემა, რაც ჩვენი მოთამაშეების საფრანგეთში ყოფნას უკავშირდება, შესაძლო გადაღლილობაა, რადგან ზოგიერთი მათგანი სეზონს 30-ზე მეტი ჩატარებული მატჩით ასრულებს. სწორედ ამიტომ, მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ როგორც მორაგბეებთან, ისე მათ კლუბებთან, რათა მათი საჭიროებები ვაკონტროლოთ“ - პიერ-ანრი ბრონკანი

ამ სირთულის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები „ერთა თასზე“ პირველივე წუთიდან უპირობოდ დომინირებდა - დაამარცხა ურუგვაი, სამოა, ჩილე, კანადა, ტონგა და ამერიკა - გაიტანა 275 ქულა, გაუშვა მხოლოდ 123 და ტურნირის ლიდერი იყო როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. ბრონკანის თქმით, გუნდმა ამ ეტაპისთვის შტაბის მიერ დასახულ ყველა მიზანს მიაღწია.

„პირველი მიზანი ყველა თამაშის მოგება იყო. ტურნირზე თავიდანვე უნდა გვეჩვენებინა ძვენი ძალა. მეორე ამოცანა ძლიერი შემადგენლობის ჩამოყალიბება და ყველასთვის შესანიშნავი გარემოს შექმნა გახლდათ. ივლისსა და ნოემბერში სამი-ოთხი კვირის ერთად გატარებამ ამ კუთხით საოცარი შედეგი გამოიღო“ - პიერ-ანრი ბრონკანი

ვინაიდან საქართველო, აშშ-სთან ერთად, „ერთა თასის“ სადებიუტო გათამაშების გამარჯვებულია, ბრონკანი ტურნირით კმაყოფილებას გამოთქვამს, თუმცა აღნიშნავს, რომ პროგრესის გასაგრძელებლად საქართველოს მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებებთან თამაშიც სჭირდება.

„საინტერესო ტურნირია. ჩვენთვის სასარგებლო გამოდგა, მაგრამ განვითარების გასაგრძელებლად მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებების წინააღმდეგაც უნდა ვითამაშოთ. მოხარულები ვართ „ერთა თასზე“ ასპარეზობით, რადგან ის დაბალანსებულ კონკურენციას გვთავაზობს, თუმცა, ამავდროულად, დიდი სიამოვნებით ვეთამაშებოდით მსოფლიო რაგბის გრანდებს“ - პიერ-ანრი ბრონკანი

საქართველოს ნაკრების საუკეთესო ფორმაში დაბრუნებასთან ერთად, ბრონკანი ხაზს უსვამს ტრიბუნებიდან წამოსული ემოციის მნიშვნელობას, რომელიც „ბორჯღალოსნების“ მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

„გვინდა, რომ ისინი ჩვენით ამაყობდნენ. აქ ყველაფრის მიმართ საოცარი ვნება აქვთ. საქართველო შემიყვარდა და საკუთარ თავს აქ მცხოვრებადაც კი ვხედავ, რადგან ქართველებს ცხოვრების გადამდები სტილი აქვთ. სწორედ ამიტომ ქართულ რაგბს წარმატება უნდა მოვუტანოთ“. - პიერ-ანრი ბრონკანი

ქართული რაგბის ამ გარდამტეხ ეტაპზე ბრონკანი ამბობს, რომ ნაკრების ჩაბარება თითქოს ბედისწერაც იყო, ვინაიდან წარსულში „ბორჯღალოსნებთან“ მისი ოჯახის წევრიც მუშაობდა.

„მოწვევაზე ჩემი პირველი რეაქცია თანხმობა იყო. ეს ჩემთვის სამუშაოდ სწორი ქვეყანაა, რადგან არაერთ ქართველ მორაგბესთან მითამაშია და მიმუშავია, მამაჩემი კი „ბორჯღალოსნების“ შტაბში 2007 წლის მსოფლიო თასზე მუშაობდა. ამ გამოწვევის მიღება ჩემთვის სრულიად ბუნებრივი იყო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ახლა აქ ვიმყოფები“. - პიერ-ანრი ბრონკანი

წინ მსოფლიო ჩემპიონატია - მომდევნო ათი თვე კი ბრონკანის მდიდარ სამწვრთნელო კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და პერსპექტიულ პერიოდად ყალიბდება.

„მომავალი წელი საინტერესო იქნება, რადგან ძალიან ბევრი მოთამაშე აცხადებს პრეტენზიას ნაკრებში მოხვედრაზე, ჩვენ კი მხოლოდ 33 მორაგბის წაყვანა შეგვიძლია. საქართველოსთვის სიღრმის ქონა საკვანძოა და ავსტრალიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის წინ სწორედ ამას ვაკეთებთ. ჩვენ ჯერ კიდევ ვითარდებით - სულ ეს არის, რისი თქმაც შემიძლია“. - პიერ-ანრი ბრონკანი

ბოლო მატჩებში „ბორჯღალოსნების“ თამაშში ნამდვილად თვალშისაცემი პროგრესი შეიმჩნეოდა - გუნდმა ხელით თამაშში აშკარად მოუამტა, ხაზის მოთამაშეებმა კი ბრწყინვალედ ითამაშეს და შეტევებს მეტი სისწრაფე და სიმწვავე შესძინეს. მომდევნო წელს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ავსტრალიაში გაიმართება და თუ ნაკრები ამ ტემპითა და ხარისხით განაგრძობს პროგრესს, ეს ჩვენი გუნდისთვის ძალიან კარგი და იმედისმომცემი იქნება.

სხვა სტატიები