Belive

რეიტინგი განახლდა | 'ოლ ბლექსის' ისტორიული ანტირეკორდი - აფრიკა კვლავ ცხრილის სათავეში

4 საათის წინ რაგბი
3 წთ

დიდი სარაგბო ნოემბრის შემდეგ, მსოფლიო რეიტინგში დიდი ცვლილებებია - „ოლ ბლექსი“ მსოფლიო რაგბის მამაკაცთა რეიტინგში მე-5 პოზიციამდე დაეშვა და თავის ისტორიაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელი დააფიქსირა. პარალელურად, ირლანდია მეორე ადგილზე აღზევდა და რეიტინგის ლიდერ სამხრეთ აფრიკას („სპრინგბოკსს“) სულ რაღაც 0.27 სარეიტინგო ქულით ჩამორჩება.

21 ნოემბერს ინგლისის ნაკრების მიერ ახალი ზელანდიის 37-12 დამარცხებამ „ოლ ბლექსი“ სამი საფეხურით დააქვეითა, ხოლო დუბლინში ირლანდიის გამარჯვებამ სამხრეთ აფრიკასთან (20-17) „სამყურები“ მეოთხე ადგილიდან მეორეზე აიყვანა. 2026 წლის 23 ნოემბერს განახლებულმა რეიტინგმა საუკეთესო ხუთეული მნიშვნელოვნად გადაახალისა - ავსტრალიაში გასამართ 2027 წლის მსოფლიო თასამდე კი ერთ წელზე ნაკლები რჩება.

მსოფლიო რაგბის განახლებული რეიტინგი TOP 20

  • სამხრეთ აფრიკა - 90.25 ქულა

  • ირლანდია - 89.98 ქულა

  • საფრანგეთი - 89.51 ქულა

  • ინგლისი - 89.04 ქულა

  • ახალი ზელანდია - 88.60 ქულა

  • შოტლანდია - 85.28 ქულა

  • ავსტრალია - 82.96 ქულა

  • არგენტინა - 81.63 ქულა

  • უელსი - 78.66 ქულა

  • ფიჯი - 78.59 ქულა

  • იაპონია - 75.25 ქულა

  • იტალია - 75.03 ქულა

  • საქართველო - 74.86 ქულა

  • სამოა - 68.94 ქულა

  • პორტუგალია - 68.24 ქულა

  • აშშ - 67.77 ქულა

  • ჩილე - 67.07 ქულა

  • ტონგა - 66.01 ქულა

  • ესპანეთი - 65.19 ქულა

  • ურუგვაი - 65.17 ქულა

ინგლისთან მარცხის შემდეგ „ოლ ბლექსი“ მე-5 ადგილზე დაეშვა

21 ნოემბერს ლონდონში, „ალიანს სთედიუმზე“ ინგლისთან 37-12 განცდილი მარცხის შემდეგ, ახალმა ზელანდიამ მიმდინარე კვირის ყველაზე დიდი სარეიტინგო ვარდნა განიცადა. ამ წაგებამ „ოლ ბლექსს“ 2.05 სარეიტინგო ქულა დააკარგვინა, რის შედეგადაც გუნდი მეორე ადგილიდან მეხუთეზე ჩამოქვეითდა და მსოფლიო რაგბის ოფიციალურ რეიტინგში თავისი ყველა დროის ყველაზე დაბალი პოზიცია გაიმეორა.

ბოლოს ახალი ზელანდია მეხუთე ადგილს 2022 წლის აგვისტოში იკავებდა, მას შემდეგ, რაც საკუთარ მოედანზე არგენტინასთან 25-18 დამარცხდა.

ინგლისმა კი, თავის მხრივ, ზუსტად ის 2.05 ქულა მოიპოვა, რაც ზელანდიამ დაკარგა, და 89.04 ქულით მეხუთე პოზიციიდან მეოთხეზე გადაინაცვლა.

ამ შედეგით, გაფართოებული ფორმატით გასამართ 2027 წლის მსოფლიო თასამდე ერთ წელზე ნაკლები დროით ადრე, ინგლისი რეიტინგში „ოლ ბლექსზე“ წინ იმყოფება.

ირლანდია ლიდერ სამხრეთ აფრიკას მხოლოდ 0.27 ქულით ჩამორჩება

„ერთა ჩემპიონატზე“ (Nations Championship) განცდილი ზედიზედ მეორე მარცხის მიუხედავად, სამხრეთ აფრიკა მსოფლიო რეიტინგის სათავეში რჩება.

21 ნოემბერს დუბლინში ირლანდიამ „სპრინგბოკსი“ 20-17 დაამარცხა, 1.28 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და მეოთხე ადგილიდან მეორეზე გადაინაცვლა. ამ გამარჯვებით ირლანდიამ 89.98 ქულას მოუყარა თავი და პირველადგილოსან სამხრეთ აფრიკას (90.25) სულ რაღაც 0.27 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები