ოფიციალურად: ლევან მაისაშვილმა ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ლევან მაისაშვილმა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. აღნიშნულის შესახებ, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე სტატია განთავსდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
ლევან მაისაშვილმა, თითქმის ოთხი წლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობა დაასრულა. მისი შემცვლელის ძებნა მიმდინარეობს და ლევანი თანახმაა, ახალი მწვრთნელის შერჩევამდე განაგრძოს მოვალეობის შესრულება. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ლევანს ქართული რაგბისადმი ერთგულებისთვის და გამორჩეულ მორაგბეთა გუნდის ჭეშმარიტი ლიდერობისთვის. ჩვენ მოველით, რომ ლევანი დარჩება ქართული სარაგბო ოჯახის მნიშვნელოვან წევრად და სათანადო დროს გადაინაცვლებს ახალ ამპლუაში, საიდანაც ყველა დონის მოთამაშეთა პროფესიულ მომზადებას და განვითარებას გაუწევს მეთვალყურეობას.
მან ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა “შავი ლომის” ტრიუმფალურ გამარჯვებებში სუპერთასის ტურნირზე. მოხარული ვარ, რომ დათანხმდა ჩვენთან დარჩენას, ჩვენ ერთად ვმუშაობთ მისი ახალი როლის უკეთ განსაზღვრაზე. - იოსებ ტყემალაძე.
მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობის ანალიზის შედეგად გადავწყვიტე მთავარი მწვრთნელის პოზიციის დატოვება. გასული 4 წელი იყო უმნიშვნელოვანესი და მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები ჩემი გუნდის – მათი თავდაუზოგავი შრომისა და თავგანწირვისთვის. ვამაყობ იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ. - ლევან მაისაშვილი.
ლევან მაისაშვილის მოღვაწეობის პერიოდში საქართველომ პირველად დაამარცხა ტიერ 1 დონის მეტოქეები- იტალია და უელსი 2022 წელს; მოიგო ზედიზედ ოთხი რაგბი ევროპის ჩემპიონატი; ჰქონდა გამარჯვების საუკეთესო კოეფიციენტი (60%) – ითამაშა 40 – მოიგო 24, ფრე 3, წააგო 13 და მიიღო კვალიფიკაცია ზედიზედ მე-6 მსოფლიო ჩემპიონატზე.
შავი ლომმა ზედიზედ ორჯერ მოიგო “სუპერ თასი”.
წყარო: rugby.ge