Belive

დებიუტანტები და დაბრუნება წლების შემდეგ - ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა

6 საათის წინ რაგბი
3 წთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას 8 თებერვალს დაიწყებს. ტურნირის 17-გზის ტრიუმფატორი წლევანდელ სეზონშიც შეეცდება წარმატების მიღწევას და ჩემპიონის ტიტულის ზედიზედ მერვედ მოპოვებას.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ბორჯღალოსნების გაფართოებული რაზმი დასახელდა, სადაც საინტერესო ცვლილებები ვიხილეთ - რაზმში 9 პოტენციურ დებიუტანტი მოხვდა. ბურჯი მამუკა მსტოიანი, მეორეხაზელები - თემურ წულუკიძე, დავით ლაგვილავა და გაგი მარგველაშვილი, მესამეხაზელი ანდრო დვალი, 9 ნომერი გიორგი სპანდერაშვილი, ცენტრი დავით ბარბაქაძე, ფრთა ნიკოლოზ რეხვიაშვილი და ფულბეკი ოთარ მეტრეველი. მათგან რამდენიმე გაფართოებულ შემადგენლობაში აქამდეც ყოფილა, თუმცა ნაკრების კვართით ჯერ არ უთამაშიათ.

ბრონკანმა და ბორტოლამიმ გუნდში რამდენიმე ისეთი მოთამაშე დააბრუნეს, რომელთაც დიდი ხანია ნაკრებში აღარ უთამაშიათ. ბორჯღალოსნებში ბრუნდება გიორგი მელიქიძე, რომელსაც 2021 წლის შემდეგ ნაკრების კვართი არ მოურგია. ასევე, იოანე იაშაღაშვილი, რომელმაც ბოლოს 2024 წელს ითამაშა. გუნდში ბრუნდებიან ლუკა გოგინავა და ლუკა ნიორაძე.

გაფართოებულ შემადგენლობაში სულ 34 მორაგბეა, საიდანაც 20 შერკინების, ხოლო 14 ხაზის მოთამაშეა. გამოძახებულთა შორის 27 ლეგიონერია, 6 შავი ლომის ღირსებას იცავს, ხოლო 1 (ნიკოლოზ რეხვიაშვილი) საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგას წარმოადგენს.

ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა

პირველი ხაზი: გიორგი ახალაძე (კლერმონი), ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), მამუკა მსტოიანი (აჟენი); ვანო კარკაძე (ოიონა), ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), ლუკა ნიორაძე (ორიაკი); ირაკლი აფციაური (ლიონი), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე);

მეორე ხაზი: მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), თემურ წულუკიძე (ოიონა), დავით ლაგვილავა (პერპინიანი), გიორგი ჯავახია (ტულონი), გაგი მარგველაშვილი (რასინგი);

მესამე ხაზი: ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), ბექა საღინაძე (ლიონი), ანდრო დვალი (პერპინიანი), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი), იოანე იაშაღაშვილი (მონ დე მარსანი);

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), გელა აფრასიძე (პერპინიანი), გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი); ლუკა მატკავა (ოიონა), თედო აბჟანდაძე (ორიაკი);

ცენტრი: გიორგი კვესელაძე (გრენობლი), გიორგი შველიძე (ბრივი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), დავით ბარბაქაძე (ლიონი);

ფრთა: ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი);

ფულბეკი: დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), ოთარ მეტრეველი (შავი ლომი).

როგორც აღვნიშნეთ, ბორჯღალოსნები ტურნირზე ასპარეზობას 8 თებერვალს იწყებენ, ხოლო ფინალური მატჩი 15 მარტს, მადრიდში გაიმართება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები A-ჯგუფში ესპანეთის, ნიდერლანდებისა და შვეიცარიის წინააღმდეგ ითამაშებს.

rugby.ge