Belive

ნიკა ამაშუკელი: "რაგბი ჩემი ცხოვრებაა, არ არსებობს ჩემი ცხოვრება მის გარეშე"

8 თვის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასი, რომელსაც საფრანგეთი მასპინძლობს 8 სექტემბერს აიღებს სტარტს.

მსოფლიო თასის დაწყებამდე 17 დღით ადრე, მსოფლიო რაგბის ოფიციალურ გვერდზე დეტალური ინფორმაცია განთავსდა, თუ რომელი არბიტრი, რომელ მატჩს მოემსახურება.

საუკეთესო ქართველი არბიტრი, ნიკა ამაშუკელი მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის 7 მატჩზე იმუშავებს. მათ შორის სამს მთავარი არბიტრის რანგში გაუძღვება, ხოლო 4 მატჩში ასისტენტი იქნება.

belive-სთან საუბარში, უმაღლესი კატეგორიის ქართველმა არბიტრმა, რაგბის მსოფლიო თასის მოლოდინის შესახებ ისაუბრა.

ცნობილი იყო, რომ მსოფლიოზე მივდიოდი და სხვათაშორის, ასევე ცნობილი იყო თამაშებიც, უბრალოდ კონფინდენციალური იყო და ამიტომ არსად ვამბობდით, სანამ ოფიციალურად არ გახდებოდა ცნობილი.

მოლოდინი იყო, რომ დაახლოებით 7-8 თამაშზე ვიმუშავებდი. ყველა მსაჯი ასეა. ისეა განაწილებული, რომ 3 თამაში აქვს ყველას ცენტრზე და შემდგომ უკვე 4 თამაში გვაქვს, როგორც ასისტენტებს. ჯამში 7-8 თამაში გამოგვდის. ოქტომბრის შუაში გვერდითი მსაჯები წავლენ უკვე სახლში და მთავარი მსაჯები ვინც ვართ, ისინი გადავინაწილებთ პლეი-ოფის თამაშებს, რაც მოგვიანებით გაირკვევა.

რა თქმა უნდა, ყველა ვინც მიცნობს იცის, რომ რაგბია ჩემი მთლიანი ცხოვრება. არ არსებობს ჩემი ცხოვრება რაგბის გარეშე. ბავშვობიდან ასე ვარ. ძალიან ბევრს ნიშნავს და ძალიან სიმბოლურია ჩემთვის მსოფლიოზე მოხვედრა. ბავშვობიდან მთელი გულით მინდოდა და მარტო ამაზე ვფიქრობდი, ამიტომ სიტყვებით ამის გადმოცემა ჩემთვის შეუძლებელია.

რაც შეეხება ტესტ-მატჩებსა და მსოფლიოს შორის განსხვავებას - მსოფლიო ჩემპიონატი არის მწვერვალი როგორც მოთამაშისა და მწვრთნელისთვის, ასევე, მსაჯისა და გულშემატკივრისთვისაც, ყველასთვის. ეს ისეთი მასშტაბის მოვლენაა, რომ ძალიან დიდი ვნებათაღელვა მოსდევს. რა თქმა უნდა, აქ შეცდომები ასმაგად ფასობს. არ აქვს მნიშვნელობა თამაშს, თუ რომელ მათგანში იქნება კრიტიკა. აბსოლუტური უმრავლესობა ამ კრიტიკის იქნება დაუმსახურებელი და სუბიექტური და უნდა იცოდეს გულშემატკივარმა, რომ ეს პროფესია საკმაოდ რთული და დაუფასებელია, ამიტომ, კრიტიკიდან გამომდინარე, იქნება რთული მომენტებიც, მაგრამ ყველა მსაჯი რომელიც მიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, არის მენტალურად ძალიან ძლიერი. ეს ჩვენი პროფესიის ნაწილია, თუმცა, მთავარი განსხვავება, რა თქმა უნდა, მასშტაბია. მილიარდიანი აუდიტორიაა, შესაბამისად, ყველა შენი შეცდომა და ნიუანსი ფასობს ათმაგად და ასმაგად და ყოველთვის მიკროსკოპის ქვეშ ხარ.
არ უნდა დაავიწყდეს მაყურებელს და ხალხს, რომ ეს არის უდიდესი ზეიმი და აქ მოხვედრა პირველ რიგში უდიდესი სიამოვნებაა. პირველ რიგში უნდა ვისიამოვნოთ თამაშით. - ნიკა ამაშუკელი.

შეგახსენებთ, ნიკა ამაშუკელი რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის 7 მატჩზე იმუშავებს.

9 სექტემბერი - ირლანდია Vs. რუმინეთი (მთავარი მსაჯი)

10 სექტემბერი - სამხრეთ აფრიკა Vs. შოტლანდია (პირველი ასისტენტი)

17 სექტემბერი - ინგლისი Vs. იაპონია (მთავარი მსაჯი)

22 სექტემბერი - არგენტინა Vs. სამოა (პირველი ასისტენტი)

24 სექტემბერი - შოტლანდია Vs. ტონგა (პირველი ასისტენტი)

1 ოქტომბერი - ავსტრალია Vs. პორტუგალია (მთავარი მსაჯი)

7 ოქტომბერი - ინგლისი Vs. სამოა (პირველი ასისტენტი)

სხვა სტატიები