Belive

მსოფლიო რაგბიმ ახალი ტურნირი დაამტკიცა - საქართველო მეორე ეშელონის ქვეყნებთან ითამაშებს

2 კვირის წინ რაგბი
2 წთ

საერთაშორისო ტესტ-მატჩები იმ სახით, რომლითაც აქამდე ვიცნობდით დასასრულს მიუახლოვდა - მსოფლიო რაგბიმ ოფიციალურად დაამტკიცა ახალი ტურნირი, რომელიც სტარტს 2026 წელს აიღებს და ტესტებს ჩაანაცვლებს.

მსოფლიო რაგბის ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა - ბორჯღალოსნებს პირველი ეშელონის ერებთან (Tier 1) დაპირისპირების შესაძლებლობა მხოლოდ მსოფლიო თასზე ექნებათ.

ახალი 24-გუნდიანი ტურნირი ერთა თასის სახელითაა ცნობილი და ის ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ჩატარდება. ტურნირი არ დაემთხვევა მსოფლიო თასის გამართვის თარიღსა და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნეს. ერთა თასი 2 დივიზიონისგან შედგება. პირველ დივიზიონში 6 ერისა და სანზაარის წარმომადგენლებთან ერთად, ფიჯი და იაპონია არიან მიწვეული. საქართველო კი მეორე დივიზიონში ითამაშებს, სადაც მეორე ეშელონის ქვეყნებს დაუპირისპირდება.

ერთა თასი

პირველი დივიზიონი: ირლანდია, საფრანგეთი, ინგლისი, უელსი, იტალია, შოტლანდია, ახალი ზელანდია, ავსტრალია, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, ფიჯი, იაპონია.

მეორე დივიზიონი: საქართველო, პორტუგალია, ესპანეთი, რუმინეთი, აშშ, კანადა, ჩილე, ურუგვაი, ტონგა, ზიმბაბვე, ჰონგ კონგი, სამოასა და ბელგიას შორის გამარჯვებული.

მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, ერთა თასის მეორე დივიზიონის A-ჯგუფში ევროპის, აზიისა და აფრიკის წარმომადგენლები მოხვდნენ, ხოლო B-ჯგუფს ამერიკისა და ოკეანეთის ერები დააკომპლექტებენ. კალენდარი შემდეგნაირად განაწილდა - ივლისში ბორჯღლოსნები 3 თამაშს სტუმრად ჩაატარებენ, ნოემბერში კი 3 თამაშს შინ გამართავენ.

მსოფლიო რაგბის ეს გადაწყვეტილება მძიმე დარტყმაა, როგორც საქართველოსთვის - ისე სხვა განვითარებადი ერებისთვის, რადგან მათ პირველი ეშელონის წარმომადგენლებთან თამაში აღარ შეეძლებათ და მხოლოდ მსოფლიო თასზე გაეჯიბრებიან. აღსანიშნავია რომ პირველ და მეორე დივიზიონებს შორის გავარდნა/აღზევების პლეი-ოფი 2030 წლამდე არ იმოქმედებს. პლეი-ოფში პირველი დივიზიონის ბოლოადგილოსანი და მეორე დივიზიონის გამარჯვებული შეხვდებიან ერთმანეთს.

სხვა სტატიები