2 პუნქტი, რომელმაც ქოქრილის ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლება გამოიწვია
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ ქოქრილმა კონტრაქტში არსებული 2 პუნქტის შესახებ ისაუბრა, საიდანაც 1 ინგლისელი სპეციალისტის გათავისუფლების მიზეზი გახდა.
55 წლის რიჩარდ ქოქრილი ამჟამად ინგლისში იმყოფება, მას შემდეგ, რაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2-წლიანი მოღვაწეობიდან გაათავისუფლეს. რომ არა ნოემბრის ტესტებზე, იაპონიის მიერ უკანასკნელ წუთზე გატანილი ჯარიმა, ქოქრილი ახლა ბორჯღალოსნებთან ერთად ამსტერდამში იქნებოდა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩისთვის მოემზადებოდა.
ჩემს კონტრაქტში 2 განსაკუთრებული პუნქტი იყო. პირველი ის, რომ არასდროს უნდა წამეგო ტიერ 2-ის წარმომადგენელ ქვეყანასთან და მეორე ის, რომ კალენდარული წლის განმავლობაში ტიერ 1-ის მინიმუმ ერთი წარმომადგენელი დამემარცხებინა.
ჩვენ გვქონდა მატჩები ირლანდიის, სამხრეთ აფრიკისა და იაპონიის წინააღმდეგ. რომ არა იაპონელთა ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმა - ჩემი გათავისუფლების პუნქტი არ გააქტიურდებოდა. - რიჩარდ ქოქრილი.
💬 "For whatever reason Georgia don't seem to be fashionable enough to be granted that opportunity."
— Planet Rugby (@PlanetRugby) February 12, 2026
✍️ @alexspinksport with the exclusive. pic.twitter.com/KYrDAf4F2Y
ქოქრილი საქართველოში გატარებულ პერიოდს დადებითად იხსენებს, აღფრთოვანებულია ქართული სტუმართმოყვარეობითა და ხალხის სიყვარულით რაგბის მიმართ.
ქართველები უბრალოდ შესაძლებლობას ითხოვენ. ეს საოცრად ამაყი ერია და მათ უყვართ რაგბი. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საქართველომ თავდაუზოგავად იშრომა იმ ადგილზე მისასვლელად, სადაც დღესაა. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო 14 გათამაშებიდან 13 მოიგეს და განვითარების ახალ შესაძლებლობას ითხოვენ.
6 ერის გავარდნა/აღზევების პლეი-ოფის გარეშე, განვითარებისკენ მიმავალი გზა არ ჩანს. ამიტომ, 20-წლამდელთა პროგრამის დაახლოებით 90% საფრანგეთში მიდის სათამაშოდ. ამის მიზეზი ბუნებრივია ფინანსებიცაა, მაგრამ პირველ რიგში იმიტომ მიდიან, რომ ფრანგულ კლუბებში 5-წლიანი თამაშის შემდეგ, საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ, რაც ევროპაში თავისუფლად გადაადგილების უფლებას აძლევთ.
წარმოიდგინეთ, ყოველწლიურად 18, 19 და 20 ახალგაზრდა მოთამაშე, რომ ტოვებდეს ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებს. სწორედ ეს ხდება საქართველოში. რა მექანიზმია საიმისოდ, რომ საქართველომ უმაღლეს დონეზე იასპარეზოს და განვითარების შესაძლებლობა მიიღოს?
ამ დროისთვის შავი ლომის გაერთიანებულ სარაგბო ჩემპიონატში (URC) გაწევრიანება ყველაზე მისაღები ვარიანტია. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს განვითარებას. - რიჩარდ ქოქრილი.
შეგახსენებთ, რომ რიჩარდ ქოქრილის გათავისუფლების შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და შავი ლომის მთავარ მწვრთნელად ფრანგი პიერ-ანრი ბრონკანი დაინიშნა, რომელიც მოვალეობის შესრულებას ზაფხულში დაიწყებს. მანამდე ნაკრებს ბრონკანის იტალიელი ასისტენტი მარკო ბორტოლამი გაუძღვება.