Belive

მონტი იოანე: "თუ ამას გავაკეთებთ, საქართველოს აუცილებლად დავამარცხებთ"

1 თვის წინ რაგბი
1 წთ

შემოდგომის რიგით მეორე ტესტ-მატჩს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იტალიის წინააღმდეგ გამართავს. 10 ნოემბერს, ახალი ზელანდია XV-ის წინააღმდეგ განცდილი მარცხის (13:31) შემდეგ, ბორჯღალოსნებს მორიგი პრინციპული დაპირისპირება 17 ნოემბერს ელით.

უკანასკნელ წლებში, იტალიასა და საქართველოს შორის მძაფრი კონკურენცია ჩამოყალიბდა - 6 ერის გაფართოებისა და ან გავარდნა/აღზევების სისტემის დანერგვის შესახებ დაწყებულმა სპეკულაციებმა კი მატჩებს კიდევ უფრო დიდი ინტერესი შესძინა. შესაბამისად, 17 ნოემბერს, გენუაში გასამართი შეხვედრა უდიდესი ინტრიგის მატარებელია.

მოახლოებული დაპირისპირების შესახებ, წარმოშობით ავსტრალიელმა, იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრმა - მონტი იოანემ ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოსთან მოსაგებად, გულშემატკივრების დიდი ძალა დასჭირდებათ.

"ჩვენთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია და ყოველთვის უნდა შევინარჩუნოთ ეს მენტალიტეტი. ვიცი, რომ ამ თამაშის განსაკუთრებული აღქმა არსებობს, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში და ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ მატჩის მოგება, მაგრამ გამარჯვება არის ზუსტად ის, რაც ჩვენ გვინდა, ამ და ყველა მატჩში, სადაც ჩვენ ვთამაშობთ.

ჩვენ აღარ ვფიქრობთ არგენტინაზე და რა თქმა უნდა, ჯერ ვერ ვიფიქრებთ ორ კვირაში ოლ ბლექსთან გასამართ მატჩზე - ჩვენი მთავარი აქცენტი საქართველოზეა, ისევე როგორც ყველა თამაში, რომელსაც ვთამაშობთ.

ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და წარმოვადგინოთ იტალიის საუკეთესო შესაძლო ვერსია - თუ ამას გავაკეთებთ, მაშინ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

არგენტინასთან ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც ჩვენ ვგეგმავდით, მაგრამ საქართველოს წინააღმდეგ მნიშვნელოვანია, არ გადავუხვიოთ იმას, თუ ვინ ვართ და რას ვაკეთებთ საუკეთესოდ. ცხადია, მათ ვსწავლობთ და მატჩისთვის კონკრეტულ სათამაშო გეგმას ვამზადებთ, მაგრამ შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ყოველთვის, მოედანზე რის გატანას შევძლებთ..." - მონტი იოანე

იტალიელი მორაგბეები ბათუმში განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებას ცდილობენ. 2022 წლის 10 ივლისს, იტალია გახდა ტიერ 1-ის პირველი წარმომადგენელი, რომელიც ბორჯღალოსნებმა დაამარცხეს - ბათუმში გამართული მატჩი 28:19 დასრულდა.

შეგახსენებთ, იტალიისა და საქართველოს მატჩი 17 ნოემბერს, 17:40 საათზე, გენუაში "ლუიჯი ფერარისზე" გაიმართება.

ბორჯღალოსნების ტესტ-მატჩები

  • 10 ნოემბერი - ახალი ზელანდია XV 31:13 საქართველო

  • 17 ნოემბერი - იტალია Vs. საქართველო

  • 24 ნოემბერი - საქართველო Vs. ტონგა

სხვა სტატიები