Belive

Midi Olympique | ლიონს დავით ნინიაშვილთან დამშვიდობება მოუწევს

3 თვის წინ რაგბი
2 წთ

"ლიონს" მოუწევს შეეგუოს, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, დავით ნინიაშვილს დაკარგავს. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა Midi Olympique აღნიშნავს, რომ 22 წლის ქართველი ვარსკვლავის გადაბირებას "ლა როშელი" ცდილობს და უდიდესი ალბათობით, მომავალ სეზონში დავით ნინიაშვილი სწორედ ამ კლუბის ღირსებას დაიცავს.

"ლიონის" 24 მოთამაშეს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტი ეწურება. დავით ნინიაშვილი ერთ-ერთი მათგანია და ქართველის საკუთარ გუნდში ხილვა ისეთ სარაგბო გრანდებს სურთ, როგორიცაა: "ტულუზი" და "ტულონი", თუმცა ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნინიაშვილისთვის გაჩაღებულ დავაში, "ლა როშელი" ლიდერობს.

რონან ო'გარა 34 წლის ბრის დულინის იდეალურ და გრძელვადიან შემცვლელს ეძებს, რომელიც ფულბექის პოზიციაზე ითამაშებს. "სტად ფრანსეს" უკანახაზელის - ლეო ბარეს დაკარგვის შემდეგ კი "ლა როშელმა" ნინიაშვილი ნომერ პირველ სამიზნედ დაისახა. 2021 წელს, ახალგაზრდულ ასაკში "ლიონში" გადასვლის შემდეგ, დავით ნინიაშვილი მომავალ წელს "ჟიფის" სტატუსს მიიღებს, რაც მას ტოპ კლუბებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველ სამიზნედ აქცევს.

"ლიონის" პრეზიდენტმა, იან რუბერმა Midi Olympique-სთან საუბარში, ნინიაშვილის დაკარგვა ფაქტობრივად დაადასტურა.

დავით ნინიაშვილს განახლებული კონტრაქტი შევთავაზეთ, რომელიც ჩვენი გადმოსახედიდან იდეალურია. ამის მიღმა არაფერი შეგვიძლია, რადგან ვთვლით, რომ კლუბზე მაღლა არც ერთი მოთამაშე დგას. - იან რუბერი.

შეგახსენებთ, Top 14-ის პირველ ტურში, "მონპელიესა" და "ლიონს" შორის გამართული მატჩი, სტუმრების გამარჯვებით, 22:26 დასრულდა. დავით ნინიაშვილი მატჩში გამორჩეული იყო და თავი დიდებული სალელოვე პასით დაგვამახსოვრა.

სხვა სტატიები