Belive

"მატკავა შავი ლომის საკვანძო მოთამაშეა" - კასტრის ოფიციალური ვებგვერდი

11 თვის წინ რაგბი
2 წთ

პირველი პროფესიონალური ქართული ფრენჩაიზი - "შავი ლომი", ჩელენჯ ქაფის მატჩებისთვის ემზადება. 13 იანვარს, 19:15 საათზე, ჩელენჯ ქაფის მესამე ტურში "კასტრისა" და "შავი ლომის" დაპირისპირება შედგება, ხოლო 20 იანვარს, 17:00 საათზე, "მიხეილ მესხზე" ქართული ფრენჩაიზი სახელოვან ფრანგულ კლუბს - "კლერმონს" უმასპინძლებს.

ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩის წინ, "კასტრის" ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდა, სადაც "შავი ლომისა" და ლუკა მატკავას შესახებ საუბრობენ. ფრანგული სარაგბო კლუბის სტატიაში აღნიშნულია, რომ მატკავა "შავი ლომის" საკვანძო მოთამაშეა.

"შავი ლომი" ევროსარბიელზე

"შავი ლომი" რაგბი ევროპის სუპერთასზე ბრწყინვალედ ასპარეზობს. ქართულმა ფრენჩაიზმა სუპერ თასი ზედიზედ სამჯერ მოიგო - უკანასკნელად კი 22 დეკემბერს, ფინალში "თელ-ავივ ჰითსი" დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა. ჩელენჯ ქაფის სადებიუტო შეხვედრაში, ქართველები "გლოსტერთან" დამარცხდნენ (10:15), თუმცა 1 კვირის შემდეგ, ლჰანეჰლიში "სკარლეტსი" დაამარცხეს (7:23) და ქართული რაგბის ისტორია დაწერეს. 2 ტურში დაგროვებული 5 ქულით, "შავი ლომი" ქვეჯგუფში მეორე ადგილს იკავებს.

ურთიერთშეხვედრების ისტორია

ქართული ფრენჩაიზი 2021 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ბრწყინვალედ ასპარეზობს. "კასტრისა" და "შავი ლომის" დაპირისპირება წარსულში არ შემდგარა, თუმცა შაბათს, "პიერ ფაბრეს სტადიონზე" დიდებული სანახაობა და დიდი ბრძოლა გაიმართება.

გამორჩეული მოთამაშე - ლუკა მატკავა

ლუკა მატკავა ახალგაზრდა და იმედისმომცემი მოთამაშეა, რომელსაც ბრწყინვალე მომავალი ელის. 22 წლის მატკავა "შავი ლომისა" და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების საკვანძო მოთამაშეა. მატკავამ 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე იასპარეზა და 3 მატჩში ძირითად შემადგენლობაშიც ვიხილეთ, რის შედეგადაც კიდევ უფრო დიდი გამოცდილება შეიძინა და თავისი პოტენციალის დემონსტრირება მოახდინა. ლუკა მატკავა იმ კატეგორიის 10-ნომერს მიეკუთვნება, რომელსაც აგრესიული შეტევა და უპირატესობის შექმნა უყვარს. ის თავისი გუნდის თამაშს შესანიშნავად უძღვება - მატკავა ბურთით ხელში საოცრად მოხერხებულია.

სხვა სტატიები