მაპიმპი საფრთხეშია - სამხრეთ აფრიკა მორიგი ლიდერის გარეშე?!
სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა - მაკაზოლე მაპიმპიმ, შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშოს.
ამის მიზეზი კი, რაგბის მსოფლიო თასის მესამე ტურში, ტონგასთან (49:18 აფრიკელთა სასარგებლოდ) სახის არეში მიღებული მძიმე ტრავმა და დაზიანებაა.
სამხრეთ აფრიკას 1/4-ფინალში თამაში უკვე განაღდებული აქვს, თუმცა ისინი უნდა უფრთხილდნენ მძიმე დაზიანებებს, რადგან შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასის დაწყებამდე, აფრიკელებმა ნაკრების ერთ-ერთი შერკინების ლიდერი - მალკორმ მარქსი დააკლდათ.
მაპიმპის ტრავმის შესახებ, სამხრეთ აფრიკის მთავარმა მწვრთნელმა - ჟაკ ნიენაბერმა ისაუბრა.
"პირველად მონაცემებით მაპიმპის სახის ძვლის მოტეხილობა ჰქონდა. ორშაბათს მოხდება გადამოწმება და სკანირება, შემდეგ კი გადავწყვეტთ, ითამაშებს თუ არა მაკაზოლე მსოფლიო თასზე.
იგი ერთ-ერთი უდიდესი დანაკლისი იქნება, რადგან ყველას ახსოვს, თუ როგორ ითამაშა და რამხელა როლი შეასრულა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონობაში..." - ჟაკ ნიენაბერი
მაკაზოლე მაპიმპი 2019 წლის მსოფლიო თასის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. მან ფინალში ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ლელოს გატანა მოახერხა, იმ მსოფლიო თასზე კი ჯამში 5 ლელო გაიტანა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი იყო.
მსოფლიო თასზე, B ჯგუფში 3 ტურის შემდეგ პირველ ადგილზე სამხრეთ აფრიკა იმყოფება, რომელთაც 1/4-ფინალში თამაში უკვე გარანტირებული აქვთ.