ლევან მაისაშვილმა ბორჯღალოსანთა შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შემოდგომის ტესტ-მატჩებზე 3 დაპირისპირებას გამართავს.
6 ნოემბერს, "ბორჯღალოსნები" ურუგვაის დაუპირისპირდებიან. 12 ნოემბერს საქართველოსა და სამოას მატჩი შედგება, ხოლო 19 ნოემბერს უელსი ლეგენდარულ "პრინსიპალიტიზე" გვიმასპინძლებს.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ლევან მაისაშვილმა შემოდგომის ტესტებისთვის "ბორჯღალოსანთა" შემადგენლობა დაასახელა. 2022 წლის ნოემბრის ტესტ-მატჩებს საქართველო 7 დებიუტანტით ხვდება. ტრავმისა თუ სხვა მიზეზებით გუნდს რამდენიმე ლიდერი დააკლდა, რამაც მსოფლიო თასამდე ერთი წლით ადრე მწვრთნელებს ახალი სახეების საქმეში ხილვის შესაძლებლობა მისცა.
7 დებიუტანტიდან სამი პირველხაზელია. გამოძახებულთა შორისაა ‘ლენსთერის’ ბურჯი ვახტანგ აბდალაძე, რომლის მამა ვეტერანი ბორჯღალოსანია, თავად კი ირლანდიის 20-წლამდელთა ნაკრებში ითამაშა. ასევე გამოძახებულები არიან ახალგაზრდა ბურჯები სერგო აბრამიშვილი და ალექსანდრე ქუნთელია. 9-10 ნომრებზე, ასევე ხაზში ‘შავი ლომიდან’ ოთხი მოთამაშეა – თენგიზ პერანიძე, გიორგი მარგალიტაძე, ლუკა მატკავა და ოთარ ლაშხი.
„აბრამიშვილს და ქუნთელიას 20-წლამდელთა ნაკრებიდან ვიცნობთ და კლუბებისგანაც კარგი დახასიათება აქვთ. ‘ლა როშელში’ კვალიფიკაციის ასამაღლებლად იმყოფებოდა ჩვენი შერკინების მწვრთნელი ილია მაისურაძე და ქუნთელია უშუალოდ საქმეში ნახა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ახალგაზრდაა, ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ისინი საქმეში გვენახა. ასევე გვყავს აბდალაძე, რომელსაც 20-წლამდელთა ირლანდიის ნაკრებში აქვს ნათამაშები. ხაზში ‘შავი ლომიდან’ ოთხი დებიუტანტია. ეს გუნდი სწორედ იმისთვის გვყავს, რომ უმტკივნეულოდ მოხდეს მოთამაშეების ჩანაცვლება. ლაშხი ადრეც გვყავდა გაფართოებულ შემადგენლობაში, თუმცა თამაში არ მოუწია“ – გვიხსნის მაისაშვილი.
ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა ნოემბრის ტესტებზე
პირველი ხაზი: ნიკა აბულაძე (შავი ლომი), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე); შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი), ჯაბა ბრეგვაძე (შავი ლომი); გურამ პაპიძე (პო), ვახტანგ აბდალაძე (ლენსთერი), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი);
მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბაიონი), ლაშა ჯაიანი (ნევერი), ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი);
მესამე ხაზი: ბექა საღინაძე (ლიონი), ბექა გორგაძე (პო), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), ოთარ გიორგაძე (მონტობანი), მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი);
ღერძი (9-10): ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი), გიორგი მარგალიტაძე (შავი ლომი); თედო აბჟანდაძე (მონტობანი), ლუკა მატკავა (შავი ლომი);
12-13: მერაბ შარიქაძე (შავი ლომი), დემე თაფლაძე (შავი ლომი), ლაშა ლომიძე (შავი ლომი), გიორგი კვესელაძე (გლოსთერი);
11-14: აკა ტაბუცაძე (შავი ლომი), სანდრო თოდუა (შავი ლომი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი), ოთარ ლაშხი (შავი ლომი);
15: დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი).
წყარო: rugby.ge