ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, ესპანეთში ფიჯისთან ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი დარჩა.
არანხუესში გამართული რკენა დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ფრედ, 15:15 დასრულდა. მაისაშვილს განსაკუთრებით პირველ ტაიმში ნაჩვენები თამაშის ხარისხი მოეწონა:
"თამაშამდე ღრმა ანალიზი გვქონდა, რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა და მთლიანობაში ეს მოვახერხეთ. შეხვედრის დებიუტშივე შევძელით თამაშის მართვა, რისი პრობლემაც ძლიერ გუნდებთან სულ გვაქვს ხოლმე. ფიჯიმ შეცდომები დაუშვა და მათი რეალიზება შევძელით. საწყენია, რომ იქით გასატანი ლელო აქეთ მივიღეთ. ამ ეპიზოდში ემოციამ გვძლია, თორემ დარწმუნებული ვარ შემდეგ ფაზაში ლელოს ჩვენ დავდებდით. სამწუხარო იყო ტაიმის ბოლოს აცელილი ჯარიმა. როგორც აღმოჩნდა, ის გადამწყვეტი იქნებოდა. მთლიანობაში, ტაიმმა ჩვენი კარნახით ჩაიარა, ვიყავით ხისტები დაცვაში და კარგად ვმოქმედებდით ფეხით თამაშისას".
"მეორე ტაიმში ფიჯიმ თავისი თამაში მოგვახვია თავს და ასეთ დროს მისი შეჩერება ძალიან რთულია. მნიშვნელოვანი იყო, რომ შევძელით მათი მოლების გაჩერება და შერკინებაში რამდენჯერმე დავაჯარიმეთ. საწყენია, რომ გამარჯვება ვერ მოვახერხეთ, რისი შანსიც გვქონდა, თუმცა წაგებამდეც ერთი ნაბიჯი იყო. მთლიანობაში, ჩვენი გეგმის ნაწილობრივ განხირციელება შევძელით და თამაშსაც დადებითად ვაფასებ".
"მიმაჩნია, რომ ამ თამაშით და ზოგადად ამ ტურნეთი, ერთი საფეხურით ზევით ავედით. ბიჭებმა საკუთარი ძალების ირწმუნეს და დაინახეს, რომ ამ მრისხანე მეტოქის დამარცხება შეუძლიათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კარგად გვახსოვს რა შედეგით დასრულდა ფიჯისთან მატჩი 2019 წლის მსოფლიო თასზე. მას შემდეგ, შარშანდელ შეხვედრაში გვქონდა პროგრესი, ახლა კი შარშანდელთან შედარებით იყო პროგრესი. ეს იმის ნიშანია, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ნოემბრის ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია".
წყარო:საქართველოს რაგბის კავშირი