ლეგიონერები | საახალწლო ლელოები ტოპ 14-იდან
ახალი წლების წინა და მომდევნო დღეეებში ტოპ 14-ში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა და როგორც მე-14, ასევე მე-15 ტურში, ლელოებით თავი ქართველმა პირველხაზელებმა გამოიჩინეს.
ტოპ 14. მე-14 ტური
30 დეკემბერს ‘ბორდომ’ ‘მონპელიეს’ უმასპინძლა და ბონუსით, 40:10 დაამარცხა. ჟირონდელთა რიგებში პირველიდან 57-ე წუთამდე ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა. სტუმართა განაცხადში იყო, მაგრამ თამაშმა არ მოუწია გელა აფრასიძეს.
წინასაახალწლოდ, 31 დეკემბერს 5 თამაში გაიმართა. ‘ბეიონმა’ ‘ტულონი’ მიიღო და 23:18 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე 44-ე წუთიდან ითამაშა კოტე მიქაუტაძემ. ბექა გიგაშვილი ‘ტულონის’ სასტარტოში იყო და მოედანზე 60 წუთი გაატარა.
‘ლიონი’ ‘ბრივს’ დაუხვდა და 27:30 დამარცხდა. ქართველ ლეგიონერებს მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ფრედ – 26:26 დასრულდა ‘კასტრისა’ და ‘რასინგ 92’-ის შეხვედრა. პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და დერეფანში გათამაშებული კომბინაციის შედეგად, 44-ე წუთზე ლელო გაიტანა გოგიჩაშვილმა. ბურთის მოგების შემდეგ მან მკვირცხლად შეუტია, პირველი მბოჭავი გადააყირავა, საჭირო დროით ფეხზე დარჩა, მერე თანაგუნდელები წამოეშველენ და დარჩენილი 4 მეტრიც დაფარა. ეს მისი პირველი ლელოა მიმდინარე სეზონში. ის 56-ე წუთზე შეცვალეს. ‘რასინგის’ რიგებში 72-ე წუთზე გამოჩნდა გია ხარაიშვილი, ხოლო მასპინძელთა შორის ლევან ჩილაჩავამ 59-ე წუთიდან ითამაშა.
გიორგი თეთრაშვილის ‘პერპინიანი’ ‘ლა როშელს’ დაუხვდა და 10:29 დამარცხდა. ქართველმა ბურჯმა პირველი 40 წუთი ითამაშა.
‘სტად ფრანსემ’ ‘პოს’ 6 უპასუხო ლელო გაუტანა და ბონუსით, 37:3 დაამარცხა. გამარჯვებულთა ძირითადში იყო და 56 წუთი ითამაშა გიორგი მელიქიძემ. სტუმართა შორის პირველიდან 64-ე წუთამდე ითამაშა გუნდის კაპიტანმა ბექა გორგაძემ. შეცვლაზე 56-ე წუთზე შევიდა გურამ პაპიძე.
ნაახალწლევს, 1 იანვარს ‘კლერმონმა’ ‘ტულუზს’ უმასპინძლა და 13:32 დამარცხდა. მასპინძელთა შორის პირველი 40 წუთი ითამაშა დუდუ ქუბრიაშვილმა.
ტოპ 14. მე-15 ტური
მე-15 ტურის ექვსი თამაში 7 იანვარს გაიმართა. ‘ბორდომ’ ‘ბეიონი’ მიიღო და 23:15 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში პირველიდან 63-ე წუთამდე ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა. სტუმართა ძირითადში იყო კოტე მიქაუტაძე და ის 66-ე წუთზე შეცვალეს.
‘კლერმონმა’ ‘პერპინიანს’ 31:20 მოუგო. მასპინძელთა განაცხადში იყო და თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო დუდუ ქუბრიაშვილი. სტუმართა შორის მოედანზე პირველივე წუთებიდან გავიდა გიორგი თეთრაშვილი. ის 57-ე წუთზე შეცვალეს.
‘ბრივმა’ ‘ტულონს’ 26:17 სძლია და ამ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი ვანო კარკაძემ შეიტანა. ის შეცვლაზე 42-ე წუთზე შევიდა, 78-ეზე რაქიდან აიტაცა ბურთი, თანაგუნდელის დახმარებით ლელომდე დარჩენილი 2 მეტრი ბრძოლით დაფარა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ეს მისი პირველი ლელოა მიმდინარე სეზონში. სტუმართა შორის ასევე 42-ე წუთიდან ითამაშა ბექა გიგაშვილმა.
‘ლიონი’ ‘პოს’ ქართველების გარეშე ეწვია და 21:12 დაამარცხა. მასპინძელთა ძირითადში იყო და 37-ე წუთზე შეცვალეს ბექა გორგაძე, ხოლო გურამ პაპიძე თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო.
‘სტად ფრანსემ’ ‘კასტრს’ 26:7 მოუგო. გამარჯვებულთა შორის პირველიდან 57-ე წუთამდე ითამაშა გიორგი მელიქიძემ. სტუმართა მარქაფაში იყო და შეცვლაზე 64-ე წუთზე შევიდა ლევან ჩილაჩავა.
ტური 8 იანვარს, ‘მონპელიესა’ და ‘რასინგ 92’-ის ჯახით დასრულდა. მასპინძლებმა პარიზელებს 17:12 სძლიეს. სტუმართა ძირითადში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს გურამ გოგიჩაშვილი.
ინგლისის პრემიერშიფი
ინგლისის პრემიერშიფის მე-15 ტურში ‘გლოსთერმა’ არეკნი უკანასკნელ წუთზე გაუშვა და ლიდერ ‘სარასენსთან’ 16:19 დამარცხდა. გიორგი კვესელაძემ შუამარბის პოზიციაზე შეუცვლელად ითამაშა და დაცვაში 13 ბოჭვა შეასრულა.
ფოტო: L’Equipe
წყარო: Rugby.ge