Belive

7-ქალა | ელიტაში! - ჯერჯერობით მხოლოდ მსაჯით

1 წლის წინ რაგბი
3 წთ

ნინო ელოშვილი პირველი ქართველი ქალბატონია, რომლისთვისაც 7-ქალას რაგბი ევროპის ჩემპიონატის კარი გაიხსნა. ის ჩემპიონატის პირველ, ალგარვეს ეტაპზეა მიწვეული.

36 წლის რეფერი, რომელიც 8 წლის განმავლობაში იცავდა საქართველოს 7-ქალას სახელს, 2014 წელს მიზანთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მაშინ გოგონებმა „ალაფაზე“ მე-4 ადგილი დაიკავეს და ევროპულ ელიტამდე ორი ნაბიჯი დააკლდათ. ჯერჯერობით ეს არის საუკეთესო შედეგი, რისთვისაც საქართველოს 7-ქალას მიუღწევია.

ჩვენი გუნდი, განახლებული შემადგენლობით, რაგბი ევროპის საგზურისთვის წელსაც იბრძოლებს, მანამდე კი ევროპული 7-ქალას ელიტას, მოედნის მსაჯის რანგში ნინო ელოშვილი მოსინჯავს:

„შარშან „ალაფაზე“ ვიმსაჯე და წელსაც იგივე დანიშვნას ველოდი, თუმცა ჩემპიონატზე მიმიწვიეს! ამას არ ველოდი და ძალიან გახარებული ვარ. ევროპულ ელიტაში თამაში ჩემი და ჩემი თაობის გოგონების მიზანი და ოცნება იყო. სამწუხაროდ, მაშინ ეს ვერ მოვახერხეთ, ცოტა დაგვაკლდა, მაგრამ რაც ვერ შევძელი როგორც მოთამაშემ, შევძელი როგორც მსაჯმა“ – განაცხადა ნინო ელოშვილმა, რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 7-ქალას ალაფის გარდა 15-ქალას ორი თამაშიც იმსაჯა – ბელგია-პორტუგალია და ჩეხეთი-ფინეთი:

„ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველმა ქალმა მსაჯმა რაგბი 15-ის საერთაშორისო თამაში განსაჯა. ამან განსხვავებული კუთხით წარმომაჩინა, გვერდში დამიდგა რაგბის კავშირი, ჩვენი სამსაჯო კორპუსი, დევიდ მაკქიუ, რომელიც ძალიან დამეხმარა გამოცდილების შეძენაში, გამზარდა როგორც პროფესიული, ასევე მენტალური კუთხით და შედეგად ერთი ნაბიჯით წინ წავიწიე“.

სასიამოვნოა, რომ ვაჟების კვალდაკვალ ქართველი ქალი მსაჯებიც წინ მიიწევენ და სულ უფრო მაღალი დონის დანიშვნებს იღებენ. ეს გამოცდილება ქალთა რაგბის განვითარებას უთუოდ წაადგება. ელოშვილი იმუშავებს უმაღლესი დონის მსაჯების გარემოცვაში, რომლებიც მსოფლიო სერიებს მსაჯობენ და საკუთარი თვალით ნახავს ევროპის ელიტური გუნდების თამაშებს, ქცევებს, რასაც მერე ქართულ რაგბს გაუზიარებს:

„ჩემპიონატზე დანიშვნა მთლიანად ქართული რაგბის წარმატებაა. მნიშვნელოვანია ყველა ხედავდეს, რომ საქართველოში რაგბი კომპექსურად ვითარდება და მხოლოდ ჩვენი ნაკრები არაა წარმატებული. ვითარდებიან როგორც კაცი, ასევე ქალი მორაგბეები და მსაჯები. როდესაც მაღალი დონის ტურნირებს მსაჯობ, შენს ქვეყანას საუკეთესოდ წარმოაჩენ. გარდა ამისა, მაქვს სურვილი მიღებული გამოცდილება ჩვენს გოგონებს გავუზიარო. წელს მათ რაგბი ევროპის „ალაფა“ ელით. ვიმედოვნებ, რომ ისინი შეძლებენ „ალაფის“ მოგებას და გაისად ერთად გავემგზავრებით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე“.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპს პორტუგალია, ალგარვე 9-11 ივნისს უმასპინძლებს. ნინო ელოშვილის გარდა,, რომელიც 7-ქალას ტურნირს იმსაჯებს, იქ სულხან ჩიხლაძეც მიდის, 7-კაცა ტურნირის რეფერის რანგში. წელს ორივე მათგანს კიდევ ერთი ოფიციალური, მნიშვნელოვანი ტურნირი ელის. ელოშვილი ივლისში 18-წლამდე გოგონათა ჩემპიონატზეც იმსაჯებს, ხოლო ჩიხლაძე 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირზეა მიწვეული.

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები