Belive

ლეგიონერები | ხუთი ლელო საფრანგეთის მე-6 ტურში

1 წლის წინ რაგბი
5 წთ

საფრანგეთის ტოპ 14-ისა და პრო დე2-ის მე-6 ტური წარმატებული აღმოჩნდა ქართველი ლეგიონერებისთვის. გასულ კვირაში ოთხმა მათგანმა ჯამში 5 ლელო გაიტანა.

ტოპ 14-ის მე-6 ტურში ‘სტად ფრანსემ’ ‘პერპინიანი’ მიიღო, 8 ლელო გაუტანა და ბონუსით დაამარცხა – 52:3. გიორგი მელიქიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-19 წუთამდე დუბლი შეასრულა. მე-10 წუთზე ის რამდენჯერმე მიეძალა მეტოქის დაცვას, ბოლოს კარის წინ მიიღო ბურთი და მძლავრი დარტყმით მცველს უკან დაახევინა. მე-19 წუთზე მელიქიძემ რაქიდან შეუტია, სამი მბოჭავი არ შეიმჩნია და ლელოს ხაზი გადაკვეთა. აღსანიშნავია, რომ გიორგის ზედიზედ ორი ტურია ლელო გააქვს. ის 53-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძელთა შორის 49-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა სერგი აბრამიშვილი. სტუმართა ძირითადში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს გიორგი თეთრაშვილი.

‘ლა როშელმა’ ‘ლიონს’ პირველ ტაიმში ორი ლელო გაუტანა და 15:6 დაწინაურდა. მასპინძლებმა ჯარიმებით შეამცირეს ჩამორჩენა. 55-ე წუთზე, ‘ლიონის’ ხანგრძლივი შეტევის შემდეგ, საღინაძემ მარჯვენა ფრთაზე მიიღო გადაცემა და ლელოთი საკუთარი გუნდი დააწინაურა – 19:18. მისმა გუნდმა მატჩის მიწურულს კიდე ორი ლელო გაიტანა და 36:21 იმარჯვა. საღინაძემ და ფულბეკმა დავით ნინიაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს. სტუმართა შორის 55-ე წუთზე გამოჩნდა ლექსო ყაულაშვილი.


222-1

‘კასტრმა’ ‘მონპელიეს’ უმასპინძლა და 26:13 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის მე-60-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ლევან ჩილაჩავამ. სტუმართა ძირითადში იყო და მისთვის უჩვეულო, ფრთის პოზიციაზე შუცვლელად გაისარჯა გელა აფრასიძე. მე-12 წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო, 34-ე წუთზე კი სალელოვე პასი გააკეთა. გელამ მარჯვენა ფრთაზე, კიდით ხაზთან მიიღო გადაცემა, ორმაგი ბოჭვის მიუხედავად მოედანში დარჩა და თანაგუნდელს ოფლოუდი ამოუგდო, მისი შემჩერებელი კი არავინ იყო.

იგივე ანგარიშით, 26:13 დასრულდა პარიზში გამართული შეხვედრა, რომელშიც ‘რასინგ 92’ ‘პოს’ მასპინძლობდა. სტუმართა შორის ფლანკერის პოზიციაზე სრულად ითამაშა ბექა გორგაძემ, ხოლო გურამ პაპიძე შეცვლაზე 48-ე წუთზე შევიდა.

‘ბეიონმა’ ‘ლა როშელი’ მიიღო და 29:13 მოუგო. მასპინძელთა მარქაფაში იყო და მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა კოტე მიქაუტაძე.

‘ტულონმა’ ‘ბრივს’ 7 უპასუხო ლელო გაუტანა და 47:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის პირველიდან 49-ე წუთამდე ითამაშა ბექა გიგაშვილმა.

‘კლერმონი’ ‘ტულუზს’ ეწვია და 10:46 დამარცხდა. სტუმართა ძირითადში პირველად ითამაშა გიორგი ძმანაშვილმა. ის 52-ე წუთზე შეცვალეს.



პრო დე2

პრო დე2-ის მე-6 ტურის პირველ მატჩში ‘ბიარიცმა’ უშუალო კონკურენტი ‘მონტობანი’ სტუმრად 46:32 დაამარცხა. უხვქულიან მატჩში 23-ე წუთზე ლელო თორნიკე ჯალაღონიამ გაიტანა. 5-მეტრიანი შერკინებიდან მან თავად შეუტია, რამდენიმე მბოჭავი ჩამოიცილა და სტუმრები 20:13 დააწინაურა. ჯალაღონიამ შეუცვლელად ითამაშა. ‘ბიარიცის’ ძირითადში იყო ლუკა ჭელიძე, მე-17 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 48-ეზე კი ლაშა ტაბიძემ შეცვალა. მასპინძელთა რიგებში 42-ე წუთიდან ითამაშა მირიან ბურდულმა.

‘ორიაკი’ ‘აჟენს’ ეწვია და 20:43 დამარცხდა. 58-ე წუთზე მიხეილ ალანია დერეფნის შემდეგ შეტევას მიყვა, ოფლოუდი შეირგო და ლელო გაიტანა. ეს მისი პირველი ლელოა მიმდინარე სეზონში. სტუმართა ძირითადში 4 ქართველი იყო. ალანიამ 65 წუთი ითამაშა, ბექა შვანგირაძე შეუცვლელად გაისარჯა, გიორგი ქართველიშვილმა მოედანზე 33 წუთი გაატარა, ლუკა ნიორაძე კი 64-ე წუთზე შეცვალეს. მანამდე, 51-ე წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო. შეცვლაზე მე-60-ე წუთიდან ითამაშა გიორგი ჯავახიამ.



‘ბეზიემ’ დასკვნით წუთებში ორი ჯარიმა გაუშვა და ‘კოლომიესთან’ საკუთარ მოედანზე 17:20 დამარცხდა. მასპინძელთა ძირითადში იყო 52-ე წუთზე შეცვალეს გიორგი ახალაძე.

‘მონ-დე-მარსანმა’ ‘ანგულემი’ მიიღო და 34:26 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის პირველი ტაიმი ითამაშა და შესვენებისას შეცვალეს ლაშა მაჭარაშვილი. სტუმართა რიგებში შეცვლაზე 27-ე წუთზე შევიდა ომარ ოდიშვილი და 34-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

‘კარკასონმა’ ‘მასი’ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში მეტოქე კაცნაკლული დარჩა და რამდენიმე წუთი 12 კაცის ამარა მოუწია თამაში, 17:20 დამარცხდა. მასპინძელთა ძირითადში იყო სოსო ბეკოშვილი და შესვენებისას ის ვახტანგ ახობაძემ შეცვალა.

‘ნევერმა’ ‘რუანს’ 27:17 სძლია. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ლადო ჩაჩანიძე და შერკინების მეორე ხაზში შეუცვლელად გაისარჯა. 46-ე წუთიდან მას ლაშა ჯაიანი შეუწყვილდა. მოედანზე 56-ე წუთიდან გამოჩნდა თორნიკე მატარაძე.

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები