კარლ დიქსონის უხეში შეცდომები და მოპარული გამარჯვება
30 სექტემბერს, ბორდოში, "მატმუტ ატლანტიკზე", ფიჯისა და საქართველოს დაპირისპირება გაიმართა. ბორჯღალოსნები ფიჯისთან ბოლო წუთამდე იბრძოდნენ, მაგრამ 5-ქულიანი სხვაობით 17:12 დამარცხდნენ.
ბორჯღალოსნები დამარცხდნენ, თუმცა, ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა, მაგრად მიაწვა და ფიზიკურად უძლიერესი ფიჯის გაჩერება შეძლო. ბორჯღალოსნებმა პირველი ტაიმი იდეალურად დაიწყეს - მეტოქე თამაშის ყველა კომპონენტში დაჩაგრეს და შეჯგუფებებსა თუ ღია თამაშში, ფიჯის განეიტრალება შეძლეს. ერთადერთი, ვინც ბორჯღალოსნებმა ვერ გაანეიტრალეს, მატჩის მთავარი არბიტრი - ინგლისელი კარლ დიქსონი აღმოჩნდა, რომელმაც ნებსით თუ უნებლიედ, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბორჯღალოსნებს არ მოეგოთ.
რაგბი სპორტის ის სახეობაა, სადაც მსაჯის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ საჩივრდება და მის მიერ დაშვებულ შეცდომებზე მწვავედ არ საუბრობენ, თუმცა, ის, რაც კარლ დიქსონმა გააკეთა გულშემაკივარს გულგრილს ვერ დატოვებს.