ირლანდიამ რაგბის მსოფლიო თასზე უნიკალური რეკორდი დაამყარა
2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის 1/4-ფინალში, ირლანდიისა და ახალი ზელანდიის დრამატული დაპირისპირება შედგა. "სტად დე ფრანსზე" ნამდვილი სარაგბო შოუ და ფინალის ტოლფასი მატჩი გაიმართა, რომელიც ირლანდიის მარცხით 24:28 დასრულდა.
ირლანდია 1/4-ფინალში კვლავ დამარცხდა და მსოფლიო თასის პლეი-ოფი სამყურებისთვის კვლავ გადაულახავი დაბრკოლებაა, თუმცა, ენდი ფარელის გუნდმა უნიკალური რეკორდი დაამყარა. მატჩის მიწურულს ირლანდიამ ენერგია მოიკრიბა და ბოლო შემართებით მიეძალა. "სამყურებმა" 37-ფაზიანი შეტევა განახორციელეს, რაც მსოფლიო თასების ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია, რის შემდეგაც სემ ვაითლოქი რაქში ბურთზე ჩაჯდა და "ოლ ბლექსს" უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
აღსანიშნავია, რომ ირლანდიამდე საუკეთესო შედეგი უელსს ეკუთვნოდა. 2011 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, უელსმა ავსტრალიის წინააღმდეგ შეტევის 32 ფაზა აკინძა.
Going the distance in attack and defence#RWC2023 | #GameChangers | @Capgemini pic.twitter.com/PFjylteKjC
— Rugby World Cup (@rugbyworldcup) October 16, 2023