გრეგორ თაუნსენდი: "ბორჯღალოსნების წინააღმდეგ შოტლანდია უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს"
2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 1 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. მოსამზადებელ ეტაპზე, ბორჯღალოსნებმა რუმინეთი გაანადგურეს (56:6). 19 აგვისტოს ბორჯღალოსნები აშშ-ს დაუპირისპირდებიან, ხოლო 26 აგვისტოს, ედინბურგში, დასკვნით მატჩში შოტლანდიას შეერკინებიან.
მომავალი მატჩის წინ, შოტლანდიის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - გრეგორ თაუნსენდმა განაცხადა, რომ ბორჯღალოსნების წინააღმდეგ უძლიერეს შემადგენლობას დაასახელებს.
"ნარშავების" მთავარი მწვრთნელი ამტკიცებს, მსოფლიო თასის მოსამზადებელი ეტაპის ბოლო ტესტ-მატჩში, მის საკვანძო მოთამაშეებს მოედნის მიღმა არ დატოვებს და 26 აგვისტოს, "მერიფილდზე", ბორჯღალოსნების წინააღმდეგ უძლიერესი რაზმით ითამაშებს.
თაუნსენდს რამდენიმე მოთამაშის ფიზიკური მდგომარეობა აფიქრებს - ჯეიმი რიჩი, ბენ უაითი და დუან ვან დერ მერვე, არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებიან. ზანდერ ფაგერსონს კი, საფრანგეთთან მიღებული წითელი ბარათის გამო, კიდევ 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოუწევს.
კარგი იქნებოდა, რომ მსოფლიო თასის წინ კიდევ 2 ან 3 მატჩის გამართვა მოგვესწრო, მაგრამ რეალობა ისაა, რომ მხოლოდ 3 კვირა დაგვრჩა. საქართველოს წინააღმდეგ ძლიერი გუნდით გავალთ. ჩვენი უძლიერესი მოთამაშეების რაც უფრო დიდი ჯგუფი მიიღებს ერთად თამაშის შესაძლებლობას, მით უფრო კარგად მოვემზადებით სამხრეთ აფრიკასთან გასამართი მატჩისთვის. ეს მოთამაშეებსაც სურთ. ყველას უნდა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ითამაშოს.
მოთამაშეები ვარჯიშებზე იდეალურად გამოიყურებიან, მაგრამ სავარჯიშო სესია ზუსტად ვერ ასახავს იმ ყველაფერს, რისი გაკეთებაც მატჩის დროს გსურს. საქართველოსთან თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა დავინახოთ, რამდენად დიდი პროგრესი განვიცადეთ და გავაუმჯობესეთ ხარისხი, სამხრეთ აფრიკასთან მატჩის წინ. - გრეგორ თაუნსენდი.
შეგახსენებთ, შოტლანდიისა და საქართველოს სარაგბო მატჩი 26 აგვისტოს, ედინბურგში გაიმართება. აღნიშნული მატჩის შემდეგ, ბორჯღალოსნები საფრანგეთში გაემგზავრებიან და ლა როშელში დაბანაკდებიან.