Belive

გიორგი ჭყოიძე: „ეს მხოლოდ ციფრებია“

1 წლის წინ რაგბი
2 წთ

ბორჯღალოსანთა კვაჭმა გიორგი ჭყოიძემ, 11 თებერვალს ამსტერდამში, ნიდერლანდებს მეორე ტაიმის დასაწყისში, 8 წუთის ინტერვალით ორი ლელო გაუტანა.

52-ე წუთზე ის მოლს დროულად მოწყდა და დუბლი გაიფორმა. ეს მატჩში საქართველოს მე-4 ლელო იყო და მე-500-ე რაგბი ევროპის ჩემპიონატში (და მის წინამორბედ ერთა თასზე), რომელშიც საქართველო 2000 წლიდან რეგულარულად თამაშობს და დღემდე 115 შეხვედრა ჩაატარა.

„რა თქმა უნდა არ ვიცოდი, რადგან მორაგბეები ლელოებს არასდროს ვითვლით. მთავარია, რომ ჩვენს მიერ გატანილმა ლელომ გუნდს მოუტანოს წარმატება, დანარჩენი კი მხოლოდ ციფრებია, რომელიც ჩვენთვის არაფერს ნიშნავს“ – აღნიშნა ჭყოიძემ, რომელიც რაგბი ევროპამ იმ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩი ბორჯღალოსნებმა 40:8 მოიგეს. საქართველომ ნიდერლანდებს ჯამში 6 ლელო გაუტანა, თუმცა როგორც სამწვრთნელო შტაბი, ასევე თავად მორაგბეები, საკუთარი თამაშის ხარისხით უკმაყოფილო დარჩნენ:

„დავალებები ვერ შევასრულეთ. ვინც არ უნდა იყოს მეტოქე, იქნება ეს ტიერ1-ის წარმომადგენელი თუ ნიდერლანდები, ჩვენი თავისგან მაქსიმუმს ვითხოვთ. ამსტერდამში ინდივიდუალურად უფრო ვითამაშეთ, ვიდრე გუნდურად, რამაც ხარისხის კუთხით დიდი გავლენა იქონია. ჩვენთვის კი გუნდური თამაში ძლიერი მხარეა და ვიმედოვნებთ მომდევნო შეხვედრა ბევრად უფრო ხარისხიანი იქნება“ – აღნიშნავს ჭყოიძე,

ის გუნდთან ერთად უკვე პორტუგალიაშია და მომდევნო შეხვედრისთვის ემზადება, რომელიც 18 თებერვალს ტორელავეგაში, ჩვენი დროით 22 საათზე დაიწყება, მეტოქე კი მასპინძელი ესპანეთი იქნება:

„ესპანეთი კარგი გუნდია, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ჩვენს მსგავსად ორივე თამაში მოიგეს. მომავალი შეხვედრისთვის მზადება დღეს დავიწყეთ. კარგად ვიცით, რომ სერიოზული თამაში გველოდება და განწყობაც შესაფერისია. როდესაც გუნდურად ვთამაშობთ, შედეგსაც შესაფერისს ვიღებთ. იმედი მაქვს ამჯერადაც ასე იქნება და ჩვენი თამაშის ხარისხით და რა თქმა უნდა გამარჯვებით, მთელ ქვეყანას გავახარებთ“.

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები