Belive

ფინალში გამარჯვებით ბორჯღალოსნებმა 1.34 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს

8 თვის წინ რაგბი
1 წთ

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში, საქართველოსა და პორტუგალიის დაპირისპირება შედგა. პარიზში გამართული ფინალური მატჩი, ბორჯღალოსანთა სრული დომინაციით წარიმართა, რაც ტაბლოზეც შესაბამისად აისახა - ბორჯღალოსნებმა მეტოქე 36:10 დაამარცხეს, ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვეს ჩემპიონის ტიტული და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესეს.

მთლიანობაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონის მე-16 ტიტული მოიპოვა, ხოლო ალექსანდრე თოდუამ უნიკალური ინდივიდუალური მიღწევა დააფიქსირა - ბორჯღალოსანთა გარემარბი ჩემპიონი მეთოთხმეტედ გახდა.

პარიზში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შედეგად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 1.34 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. შესაბამისად, მსოფლიო რაგბის რეიტინგში, ბორჯღალოსნებს 74.02 ქულა დაუგროვდათ და მე-12 პოზიციაზე მყოფ იაპონიას მხოლოდ 0.25 ქულით ჩამორჩებიან. რეიტინგის მე-11 პოზიციაზე, 76.38 ქულით ფიჯი იმყოფება, ხოლო 6 ერზე კატასტროფული ასპარეზობის შედეგად, უელსი მე-10 პოზიციაზე ჩამოქვეითდა (77.26).

კოლოსალური წინსვლა განიცადა იტალიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელმაც ისტორიული 6 ერი ჩაატარა. "აძურიმ" ტურნირზე 2 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, ხოლო 2 მატჩში დამარცხდა. გამომუშავებული ქულების შედეგად, იტალია (79.41) მე-8 პოზიციაზე აღზევდა.

სხვა სტატიები