Belive

"ეს შესანიშნავი სიახლე და ნდობაა ქართული რაგბისთვის" - ნიკა ამაშუკელი

4 თვის წინ რაგბი
1 წთ

2024 წლის რაგბი ჩემპიონშიპის ტურნირზე, საუკეთესო ქართველი არბიტრი - ნიკა ამაშუკელი იმუშავებს. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ამაშუკელი მე-6 ტურის მატჩს განსჯის, რომელშიც ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის დაპირისპირება შედგება.

ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის მატჩში "ბლედისლოუს თასი" თამაშდება და ნიკა ამაშუკელი სწორედ ასეთ ისტორიულ და უმაღლესი კატეგორიის მატჩს გაუძღვება.

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე ნიკა ამაშუკელის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც ქართველი არბიტრი აღნიშნავს, რომ ასეთი დონის მატჩებზე დანიშვნა აღარ უკვირს.

უკვე აღარ მიკვირს ასეთ დიდ თამაშებს რომ მაძლევენ. დავმკვიდრდი სამსაჯო ელიტაში და საკმაოდ მაღალ პოზიციაზე ვარ. მსოფლიო თასის შემდეგ გაკვირვების მომენტები დასრულდა და სანაკრებო თუ საკლუბო დონეზე, სულ მაქვს რთულ თამაშებზე დანიშვნის მოლოდინი. უფრო სიამოვნების მომენტი მქონდა, რადგან ძალიან ბევრმა დიდმა მსაჯმა ისე დაამთავრა კარიერა, რომ ბლედისლოუს თასის ფინალის მსაჯობა არ მოუწია.

ჩემთვის ხატოვანი და სიმბოლურია ეს დაპირისპირება. ბავშვობაში ხშირად წარმოვიდგენდი ხოლმე ბლედისლოუს თასს და 2000-იან წლებში აღიარებულ, „სამოთხის ტესტ-მატჩად“ წოდებულ ახალი ზელანდიისა და ავსტრალის დაპირისპირებას. ეს იყო ნამდვილი ვარსკვლავთცვენა, მინახავს კადრები, ვთამაშობდი კომპიუტერულ თამაშებს და ვგრძნობდი რამდენად დიდი იყო ეს ყველაფერი. ახლა კი მე ვხდები ამ ყველაფრის ნაწილი და ეს განსაკუთრებული მომენტია, რომლის სიტყვებით გადმოცემა მართლა წარმოუდგენელია.

ეს შესანიშნავი სიახლე და ნდობაა ქართული რაგბისთვის. მნიშვნელოვანია, რომ სარაგბო პროცესებს ყველა მხრივ მივყვებოდეთ, როგორც სანაკრებო, ასევე 7-კაცა, 7-ქალა და სამსაჯო კუთხით. საქართველო ყოველმხრივ უნდა იყოს ტიერ1-ის დონეზე და მიმაჩნია, რომ სამსაჯო კუთხით უკვე დავიმკვიდრეთ საკადრისი ადგილი. ასეთ თამაშებზე დანიშვნა სწორედ ამის დასტურია და ამავდროულად, არის უდიდესი პატივი, წნეხი, პასუხისმგებლობა და მას ჭირდება შეუჩერებელი მზადება, ყოველგვარი ზაფხულისა და დასვენებების გარეშე.

იცით, რომ ავსტრალიის ნაკრების მწვრთნელი ჯო შმიდტი მანამდე ახალი ზელანდიის მწვრთნელი იყო და თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ყველა განსაკუთრებული მონდომებით თამაშობს. ამასთან, ეს არის წლევანდელი ოთხი ერის დასკვნითი რაუნდი და შესაძლოა ჩემპიონის ბედიც ამ თამაშმა გადაწყვიტოს. მე-5 ტურში, სიდნეიში, პირველ ბლედისლოუზე ვიქნები გვერდითი მსაჯი და უკვე ერთი კვირის შემდეგ, ველინგტონში მოედნის მსაჯი, რაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, უდიდესი პატივია როგორც პირადად ჩემთვის, ასევე ქართული რაგბისთვის. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ გზაზე გვერდში მიდგას – ჩემს ოჯახს, რაგბის კავშირს, მენტორს და გულშემატკივარს. - ნიკა ამაშუკელი.

შეგახსენებთ, "ოლ ბლექსისა" და "ვოლაბების" შეხვედრა 28 სექტემბერს ველინგტონში გაიმართება და "ბლედისლოუს თასის" მფლობელიც გაირკვევა, რომელიც პირველად 1930 წელს გათამაშდა.

სხვა სტატიები