"ეს ქალაქი რაგბით ცხოვრობს" - ლევან ჩილაჩავა
პირველი პროფესიონალური ქართული ფრენჩაიზი - "შავი ლომი", ჩელენჯ ქაფის მატჩებისთვის ემზადება. 13 იანვარს, 19:15 საათზე, ჩელენჯ ქაფის მესამე ტურში "კასტრისა" და "შავი ლომის" დაპირისპირება შედგება, ხოლო 20 იანვარს, 17:00 საათზე, "მიხეილ მესხზე" ქართული ფრენჩაიზი სახელოვან ფრანგულ კლუბს - "კლერმონს" უმასპინძლებს.
"კასტრის" ღირსებას ქართველი ბურჯი - ლევან ჩილაჩავა იცავს, რომელსაც სხვადასხვა დროს "ტულონისა" და "მონპელიეს" კვართით არაერთი გასაოცარი მატჩი ჩაუტარებია. ასევე, ჩილაჩავას ბორჯღალოსნების რიგებში 54 მატჩი აქვს ჩატარებული.
ჩელენჯ ქაფის მესამე ტურის მატჩის წინ, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე, ლევან ჩილაჩავამ ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ქართველი ბურჯი "კასტრისა" და მომავალი დაპირისპირების შესახებ საუბრობს.
სტუმრად შეიძლება ნებისმიერ გუნდთან დიდი სხვაობით დავმარცხდეთ, მაგრამ საშინაო თამაშებში ყველაფერი იცვლება. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე წაგება ყველას დაუშვებლად მიაჩნია და განსაკუთრებული აგრესიით და მონდომებით ვთამაშობთ.
კასტრში რაგბი ძალიან უყვართ. რომ არა რაგბი, ალბათ მისი არსებობა არც არავის ეცოდინებოდა. სტადიონი 12 500 გულშემატკივარს იტევს, თუმცა დიდი თამაშებისას, მაგალითად "ტულუზას" წინააღმდეგ, ფაქტობრივად მთელი ქალაქი სტადიონზეა და სასწაულ ატმოსფეროს ქმნიან. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი თავგადაკლული ფანები არიან, ისინი თავშეკავებითაც გამოირჩევიან და არასდროს გადადიან ზღვარს, მოწინააღმდეგე გუნდს და მის ფანებს მუდამ პატივისცემით ეპყრობიან.
მოედანზე ისე გავედით, თითქოს გამარჯვება გარანტირებული გვქონდა და ამის გამო, ბოლო წუთზე დავისაჯეთ. მას შემდეგ, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე პირველად "შავ ლომს" ვეთამაშებით და სრული სერიოზულობით და მონდომებით ვემზადებით. ორშაბათს გვქონდა ვიდეო-ანალიზი და მწვრთნელებმა იციან, რომ მეტოქე მოდუნებას არ გვაპატიებს. რაც არ უნდა კრიზისში იყოს "სქარლეთსი", მისი უელსში დამარცხება იოლი არავისთვისაა. "შავი ლომის" სიძლიერეზე "გლოსტერთან" მხოლოდ 5-ქულიანი სხვაობაც მეტყველებს.
მწვრთნელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ "შავი ლომის" შემადგენლობის ნახევარზე მეტი საქართველოს ნაკრებში თამაშობს. არავინ ფიქრობს რომ ის ტურნირის დებიუტანტია. სეზონის დასაწყისში ჩელენჯ თასზე მიზნად ჯგუფური ეტაპის გადალახვა დავისახეთ და დარწმუნებული ვარ 13-ის თამაშზე მოედანზე ძლიერი შემადგენლობით გავალთ.
ჯერ არ ვიცი ვიქნები თუ არა სათამაშო შემადგენლობაში თუმცა უცნაური შეგრძნება უკვე მაქვს. "გლოსტერთან" და "სქარლეთსთან" რა თქმა უნდა "შავ ლომს" ვქომაგობდი, მის შემადგენლობაში ხომ არაერთი ისეთი მორაგბეა, რომელთა მხარდამხარ მითამაშია და ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს, მაგრამ პროფესიონალი ვარ და თუ თამაში მომიწევს, აუცილებლად მოსაგებად ვიბრძოლებ.
-
შეგახსენებთ, "კასტრის" შემდეგ, ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში, "შავი ლომი" "კლერმონს" უმასპინძლებს. შეხვედრა 20 იანვარს, 17:00 საათზე, "მიხეილ მესხზე" გაიმართება.