"ეს ორი თამაში გამოცდილების მიღებასა და განვითარებაში დაგვეხმარება" - ლადო კილასონია
6 თვის წინ
რაგბი
1 წთ
U20 რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე, უმცროსი ბორჯღალოსნები ინგლისელ თანატოლებს 2-მატჩიან დუელში დაუპირისპირდებიან. ორივე შეხვედრა "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" გაიმართება და გულშემატკივრებისთვის დასწრება თავისუფალია.
ინგლისთან გასამართი პრინციპული მატჩების წინ, უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ ამ მატჩების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სამწუხაროდ, ტიერ 1-ის გუნდებისგან განსხვავებით, ბევრი საერთაშორისო თამაშის ჩატარების შესაძლებლობა არ გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოთამაშეებს მივცეთ გამოცდილება და ვნახოთ ვინ როგორ გამოიჩენს თავს. ეს იქნება ერთგვარი ექსპერიმენტი მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე.
ინგლისთან შარშანდელმა თამაშებმა მოგვცა საკუთარი თავის რწმენა. რწმენა იმისა, რომ რასაც ვაკეთებთ მნიშვნელოვანია და კარგად გამოგვდის. წელს ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებმა ექვსი ერი მოიგო და ჩვენს ერთ-ერთ მეტოქე ირლანდიას ერთი ქულით აჯობა. დიდი იმედი მაქვს, რომ ინგლისელები შარშანდელი შედეგის გამოსასწორებლად ჩამოვიდნენ და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება.
ეს ორი თამაში გამოცდილების მიღებასა და განვითარებაში დაგვეხმარება. ასევე დაგვანახებს სურათს, თუ რამდენად შევძელით კონკრეტული დეტალების გაუმჯობესება საფრანგეთთან მატჩის შემდეგ. ეს იქნება ბოლო რეპეტიცია სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე და კიდევ ერთხელ მოვინიშნავთ იმ დეტალებს, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ. ჩვენი სურვილია, რომ ამ თამაშებშიც მაქსიმალურად ბევრ მორაგბეს მივცეთ თამაშის შესაძლებლობა, რაც საბოლოო შემადგენლობის შერჩევაში დაგვეხმარება.
კარგია, რომ თბილისში, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობთ. ამას ვერაფერი გადაწონის. ყველას კარგად გვახსოვს ინგლისთან შარშანდელ თამაშებზე რა მაგარი ატმოსფერო იყო და იგივეს მოლოდინი გვაქვს წელსაც.
- ლადო კილასონია.
შეგახსენებთ, შარშან, პირველი თამაში, ინგლისმა ბოლო წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით 41:35 მოიგო. მეორე მატჩში კი უმცროსმა ბორჯღალოსნებმა რევანში აიღეს და 40:38 გაიმარჯვეს.