Belive

EPCR | ფოკუსირება შავ ლომზე!

9 თვის წინ რაგბი
3 წთ

მომავალ სეზონში "შავი ლომი" ისტორიას დაწერს, როდესაც გახდება პირველი ქართული ფრენჩაიზი, რომელიც EPCR-ის ეგიდით ორგანიზებულ პროფესიონალურ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. 2023/24 წლების სეზონში, "შავი ლომი" მიწვეული გუნდის სტატუსით "ჩელენჯ ქაფზე" იასპარეზებს.

EPCR-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელი სტატია განთავსდა, რომელიც "შავი ლომის" ისტორიას, ამჟამინდელ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივას ეხება. პირველი ქართული ფრენჩაიზი მესამე ჯგუფში: ორი ყოფილი ჩემპიონის - "გლოსტერისა" და "კლერმონის", ასევე "კასტრისა" და "სკარლეტსის" წინააღმდეგ იასპარეზებს.

"შავი ლომის" ისტორია

"შავი ლომი" სულ რაღაც 2 წლისაა. სარაგბო კლუბი 2021 წელს, "რაგბი ევროპის სუპერ თასზე" საასპარეზოდ დაარსდა. აღსანიშნავია, რომ ეს არის ტურნირი, რომელშიც პროფესიონალური ფრენჩაიზები მონაწილეობენ. "შავ ლომი" საქართველოს რაგბის კავშირის ინიცირებით დაარსდა და მასში ქართველი მორაგბეები ასპარეზობენ.

საშინაო არენა

"შავი ლომი" საქართველოს დედაქალ თბილისში თამაშობს. "ჩელენჯ ქაფის" საშინაო მატჩებს "შავი ლომი" თბილისში მდებარე ერთ-ერთ სტადიონზე უმასპინძლებს.

სათამაშო გამოცდილება

"შავი ლომი" რაგბი ევროპის სუპერთასის ორგზის ტრიუმფატორია. ფრენჩაიზმა 2021/22 წლების სადებიუტო სეზონში გაიმარჯვა, რის შემდეგაც 2022 წელს ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.

2022 წლის მაისში, ლისაბონში გამართულ ფინალში მათ "ლუზიტანუში" დაამარცხეს. ნახევარფინალში ესპანური "იბერიანსის" ბარიერი გადალახეს, მანამდე კი "თელ ავივ ჰიტსს" სძლიეს. "შავმა ლომმა" სამხრეთ აფრიკაში, "ქარი ქაფის" მეორე დივიზიონშიც იასპარეზა და მიწვეული გუნდის სტატუსით, სამხრეთ ამერიკაში ლათინური ამერიკის ქვეყნების ფრენჩაიზებსაც შეერკინა.

მთავარი მწვრთნელი

"შავ ლომს" ლევან მაისაშვილი წვრთნის, რომელიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია. 2021 წლის ივლისის ტესტების დროს, სამხრეთ აფრიკაში, მაისაშვილი კოვიდ-19-ით დაინფიცირდა და იოჰანესბურგის ჰოსპიტალში 2-თვიანი უმძიმესი მკურნალობის კურსი გაიარა.

მოთამაშეები

"შავი ლომის" მოთამაშეთა ძირითად ბირთვს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები წარმოადგენენ. ალბათ მათ შორის გამორჩეულია კვაჭი შალვა მამუკაშვილი, რომელიც სხვადასხვა დროს "სეილ შარქსის", "გლაზგო უორიორსის", "მონპელიეს", "ტულონისა" და "ლესტერ ტაიგერსის" ღირსებას იცავდა.

ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი კიდევ ერთი მორაგბეა, რომელიც "მონპელიეში" ასპარეზობდა და "შავი ლომის" შემადგენლობაში ალბათ სწორედ მას აქვს EPCR-ის ეგიდით ორგანიზებულ ტურნირებზე მონაწილეობის ყველაზე დიდი გამოცდილება - მან ფრანგულ სარაგბო კლუბში ათწლეული გაატარა და 2016 წელს, "ჩელენჯ ქაფის" მოგებაში დაეხმარა.

მეორეხაზელი - ნოდარ ჭეიშვილი, ფლანკერი - მიხეილ გაჩეჩილაძე, ცენტრი - მერაბ შარიქაძე, ფრთის მოთამაშე - სანდრო თოდუა და ფულბეკი - ლაშა ხმალაძე, "შავი ლომის" ძალიან გამოცდილი მოთამაშეები არიან.

სხვა სტატიები