Belive

დენ კარტერი | მესიჯი გულშემატკივრებს

3 წლის წინ რაგბი
11 წთ
ახალი ზელანდიისა და მსოფლიო რაგბის ლეგენდამ, დენ კარტერმა, თავისი ცხოვრების საინტერესო დეტალები გაიხსენა და ერთგულ გულშემატკივარს ემოციური სიტყვებით მიმართა. სანამ ვარსკვლავი გავხდებოდი, რაგბის რიგითი გულშემატკივარი ვიყავი. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც 5-წლის ვიყავი და ახალი ზელანდია რაგბის მსოფლიო თასის ერთ-ერთი მასპინძელი იყო. 1987 წელს 5-წლის ვიყავი, უამრავი იმ დროინდელი მოგონება ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ აღნიშნული ტურნირი ჩემი მეხსიერებიდან არასდროს ამოიშლება - ყველაფერი დეტალურად მახსოვს.

1987 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, ოკლენდში, "ოლ ბლექსი" პირველ შეხვედრაში იტალიას დაუპირისპირდა. ბუნებრივია მატჩი "ოლ ბლექსის" გამარჯვებით დასრულდა, თუმცა გამარჯვებაზე მეტად ჯონ კირვანის ლელო დამამახსოვრდა, რომელიც ჩემი აზრით, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. მან ბურთს ფეხი დაარტყა და თავად მიჰყვა - საოცარი სისწრაფით გაირბინა მოედანი და იტალიელთა რიგები. ბოჭვას - ბოჭვაზე დააღწია თავი და საბოლოოდ, იტალია დაალელოვა. ამ ქმედებამ ჩემში ცეცხლი გააღვივა - დღესაც კი ჟრუანტელი მივლის. მატჩის დასრულების შემდეგ, მისი ლელოს ინსცენირებას საკუთარი სახლის ეზოში ვცდილობდი. იმ დროისათვის, ძალიან პატარა ვიყავი და ბურთი უზარმაზარი მეჩვენებოდა, მაგრამ ჩემს გონებაში ჯონ კირვანი ვიყავი და შეუპოვრად ვიბრძოდი. მთელი სიჩქარით გავრბოდი, მბოჭავებს თავს ვარიდებდი, ის საკულტო კვართი მეცვა და წარმოსახვითი ფანების თვალწინ ლელოს ვდებდი.

1987 წლის რაგბის მსოფლიო თასი ახალი ზელანდიის ტრიუმფით დასრულდა. კაპიტანმა დევიდ კირკმა თასი აღმართა და სწორედ მაშინ დავისახე მიზანი, რომლისთვისაც თავდაუზოგავად ვიბრძოდი. მინდოდა, რომ ერთ დღეს თასი მე ამეღმართა! მინდოდა, გავმხდარიყავი "ოლ ბლექსის" წევრი - მინდოდა თუნდაც ერთ მატჩში საკუთარი ქვეყნის ღირსება დამეცვა! იმ დროისათვის ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ ოდნავადაც კი არ მეპარებოდა ეჭვი, თუ ვინ მინდოდა გავმხდარიყავი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი და მიზნის მისაღწევად თავს არ დავზოგავდი. რა თავგანწირვაც არ უნდა გამხდარიყო საჭირო - მე მიზანს მივაღწევდი.

იმ დროისათვის ეს ყველაფერი აუხდენელ ოცნებას ჰგავდა, რადგან მე ვიყავი პატარა დასახლებიდან, რომლის მოსახლეობა 700 კაცს არ აღემატებოდა. სიმართლე გითრათ, ეს დამატებით მოტივაციას მმატებდა. რაგბისადმი უსაზღვრო სიყვარულითა და ვნებით ვიყავი აღვსილი და ვერაფერი შემაჩერებდა. ჩემი ოთახი სავსე იყო იმ სპორტსმენების პოსტერებით, რომელთაც ვეთაყვანებოდი (მორაგბეები, კრიკეტის მოთამაშეები, კალათბურთელები). ყველაზე მეტად რაგბი მიყვარდა! რაგბის თითოეულ მატჩს ვესწრებოდი, რომლის ბილეთის შოვნაც შემეძლო. ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი და ავტოგრაფისა თუ სამახსოვრო ფოტოს გამო, ყველა მორაგბეს ვაწუხებდი. ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს, იმ მორაგბის სიახლოვეს ყოფნა, რომელსაც ეთაყვანები. ეს გამოცდილება მაშინ მივიღე, როდესაც გამუდმებით დავდევდი ჩემს საყვარელ მორაგბეებს - მადლობა ღმერთს, მომავალში ზოგიერთ მათგანთან ერთად თამაშის შესაძლებლობა მომეცა. სწორედ ამიტომ, იმ დროს, როდესაც ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპს ვიწყებ, საჭიროდ ვთვლი მოგმართოთ ჩემს გულშემატკივრებს - თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ჩემი "მოგზაურობა" დაუვიყარი და განსაკუთრებული გახადეთ.
222

2002 წელს, 20-წლის ვიყავი და პროფესიონალურ კონტრაქტზე ჯერ კიდევ არ მქონდა ხელი მოწერილი. რაგბს ერთ-ერთ პროვინციაში ვთამაშობდი და პარალელურად, რამდენიმე დროებითი სამსახური მქონდა. სახლს მეგობრებთან ერთად ვიყოფდი. ერთ დღეს, კრაისტჩერჩში, ქუჩაში მივდიოდი, როდესაც სრულიად უცნობმა მამაკაცმა გამაჩერა და საუბარი ისე დამიწყო თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით. საკმაოდ სასიამოვნო ადამიანი ჩანდა, რაგბზე ვსაუბრობდით და მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანმა ჩემზე ძალიან ბევრი რამ იცოდა. მთელი საუბრის განმავლობაში ვფიქრობდი: ადრე მინახავს? იქნებ ჩემი მასწავლებელია ან მამაჩემის მეგობარი? დაახლოებით 20 წუთი ვისაუბრეთ და ერთმანეთს დავემშვიდობეთ. თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა - ვიცნობდი თუ არა და შევხვედრილვარ თუ არა ამ ადამიანს? ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, გავიაზრე, რომ ამ ადამიანს წარსულში არ შევხვედრივარ. ის უბრალოდ უქმეებზე ჩემი გუნდის თამაშს დაესწრო და ჩემი თამაში ნახა. ქუჩაში 20 წუთის განმავლობაში ვესაუბრებოდი ადამიანს, რომელსაც არ ვიცნობდი და ზრდილობის გამო, მის გვერდით ვიდექი. მოგვიანებით დავფიქრდი და საკუთარ თავზე ძალიან გავბრაზდი - ამ ადამიანმა საკუთარი დროის 20 წუთი დამითმო! მან დრო დამითმო მხოლოდ იმიტომ, რომ მოიხიბლა იმით, თუ როგორ ვთამაშობდი ჩემთვის საყვარელ თამაშს! მივხვდი, რომ ამ ადამიანთან უამრავი რამ მქონდა საერთო - განსაკუთრებით რაგბისადმი სიყვარული და ვნება!

ეს არის სპორტი, რომელიც სხვადასხვა კონტინენტებსა და კულტურებს აერთიანებს. მსოფლიოს მასშტაბით, ფანებს მორაგბეებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. ეს არის თამაში, რომელშიც 80 წუთის განმავლობაში ბრუტალური ხარ, თუმცა საფინალო სასტვენის შემდეგ, ყველაფერი რადიკალურად იცვლება. სპორტის უამრავ სახეობაში, მოწინაარმდეგე გუნდის გულშემატკივრები სპეციალურ სექტორში, ერთმანეთისგან განცალკევებით სხედან, მაგრამ რაგბში ეს არასდროს ხდება. მატჩის დროს, მორაგბეც და გულშემატკივარიც ყველაფერს აკეთებს გამარჯვებისთვის, მაგრამ საფინალო სასტვენის შემდეგ, მოწინააღმდეგეს არავინ უყურებს, როგორც მტერს - საპირისპიროდ, სურვილი გიჩნდება მასთან ერთად კათხა ლუდი მიირთვა. ჩემი კარიერის მსვლელობისა და განვითარების პერიოდში, უამრავი გულშემატკივრის ყურადღებას მუდამ ვგრძნობდი. ჩემი სათამაშო ფორმითა და ნაჩვენები შედეგით სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდებოდა. როდესაც ფანებისგან პირველი წერილები მივიღე, ვეცადე ყველა მათგანისთვის მეპასუხა. გამარჯვება ყოველთვის სასიხარულო იყო, რადგან ვიცოდი, რომ უამრავი ადამიანი გავაბედნიერე. მარცხი, ყოველთვის ძალიან მძიმე იყო, რადგან ვიცოდი, რომ უამრავ გულშემატკივარს ვატკინე გული - ეს ყველაფერი მანადგურებდა. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდი, იმ ფაქტს, რომ უამრავი ადამიანი საკუთარ დროს თმობდა, იმისათვის რომ ჩემი თამაში ენახა - თითოეული ფანის ყურადღებას ვაფასებ.

ცხოვრებაში ადამიანები უამრავ დაბრკოლებასა და სირთულეს ვაწყდებით. თითოეულ ჩვენგანს უამრავი ბრძოლის გადატანა გვიწევს. ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და დასაფასებელია იმის გაანალიზება, რომ 80 წუთის განმავლობაში ადამიანები საკუთარ პრობლემებს ივიწყებენ და უყურებენ ჩემს თამაშს. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი 2011 წელს მქონდა - ერთი იაპონელი ფანი მყავდა, რომელიც უამრავ წერილს მწერდა. ის პრაქტიკულად არ ჩერდებოდა და გამუდმებით მწერდა. მსოფლიოს მასშტაბით, ის თითქმის ყველა მატჩს ესწრებოდა, რომელშიც ვმონაწილეობდი. შესაძლებლობა მაქვს მას და ჩემს ფანებს მადლობა გადავუხადო. იუკა, მოგვმართავ შენ და ჩემს თითოეულ გულშემატკივარს - მადლობა, გულწრფელი მადლობა!

"ოლ ბლექსის" კვართი პირველად 2003 წელს, უელსის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მოვირგე. 21 წლის, ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი. მახსოვს მატჩის დასრულების შემდეგ, გასახდელში ფართოდ გახელილი თვალებით ვიჯექი. ჩემს ოთახში გაკრული პოსტერები რეალობა გახდა. ჩემი ოცნება რეალობად იქცა. წარმოუდგენლად დიადი გრძნობა დამეუფლა - "ოლ ბლექსის" ლეგენდების გვერდით მომიწია თამაში. ჰაკას შესრულების შემდეგ, ემოციების ტყვეობაში აღმოვჩნდი, თუმცა თამაშის მსვლელობისას თვი ხელში ავიყვანე და ემოციები მოვთოკე. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ კიდევ და კიდევ, უფრო და უფრო მეტი მატჩის ჩატარება მსურდა. მას შემდეგ, რაც ბურთი პირველად ავიღე, რაგბი გახდა სპორტის ის სახეობა, რომელიც მინდოდა სულ მეთამაშა. რაგბი უბრალოდ მიყვარდა. ჩემი ცხოვრების მანძილზე, რაგბი იყო უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი, რომელზეც ფოკუსირებას მუდამ ვახდენდი. ამ ყველაფერმა დიდი მსხვერპლი მოითხოვა - იოლი არაა მიუძღვნა საკუთარი ცხოვრება სპორტის იმ სახეობას, რომელშიც ფიზიკური დატვირთვა უსაზღვროა. 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასამდე ერთი წლით ადრე, როდესაც უამრავი ტრავმა მქონდა გადატანილი და საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა ტურნირზე ჩემი ასპარეზობა - რომ გეთქვათ, რომ კიდევ 5 წლის განმავლობაში ვითამაშებდი და 3 განსხვავებული კონტინენტის პირველობის გამარჯვებული გავხდებოდი, ნამდვილად არ დაგიჯერებდით. ფიზიკურმა ტკივილმა საკმაოდ დიდი დაღი დამასვა. დილით, როდესაც ვიღვიძებ, ტკივილს კვლავ ვგრძნობ. გული მწყდება დაკარგულ დროზე, რომელიც ჩემი ოჯახისგან შორს გავატარე, მაგრამ ამას ვერ შევცვლი. როდესაც იაპონიაში სეზონი შეწყდა და ახალ ზელანდიაში ჩემს ოჯახს დავუბრუნდი, გავაანალიზე, რომ მათი დატოვება აღარასოდეს მინდოდა. ახლა მეოთხე შვილს ველოდებით და ჩემთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად მსურს უამრავი მოგონების შექმნა, სასიამოვნო წუთების გატარება.

ჩემს ცოლს ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ კარიერას ვასრულებ. ყველაზე მეტად ის მიჭერდა მხარს და სწორედ მისი გვერდში დგომის შედეგად შევძელი ასეთი ხანგრძლივი კარიერის შექმნა. ის ჩემი შეუვალი ციხესიმაგრეა. მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ თამაში არ მენატრება. მოედანზე გასვლა, საყვარელი სპორტის თამაში და ფანების გაბედნიერება,ჩემში ყოველთვის განსაკუთრებულ სიხარულს იწვევდა. იმედი მაქვს, ერთი ბავშვი მაინც აღმოჩნდება, რომელიც ჩემს თამაშებს უყურებდა და ისეთივე ოცნებებს ისახავდა, როგორსაც მე. მისთვის ისეთივე მოტივაციის წყარო გავხდები, როგორიც ჩემთვის ხდებოდნენ ჩემი ბავშვობის დროინდელი ლეგენდები. და შესაძლოა თავდაუზოგავი შრომისა და მონდომების შედეგად, ოცნება აისრულოს.

სხვა სტატიები