მსოფლიო რაგბი და ჯორჯიის რაგბის კავშირი საქართველოს გვერდში უდგებიან
ამ დღეებში აშშ-ის ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირის განცხადება რომ თავის ფავორიტად საქართველოს ნაკრებს განიხილავს და საფრანგეთში მსოფლიო ჩემპიონატზე წელს მას უქომაგებს იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ 2031-ში ამერიკა თავად უმასპინძლებს რაგბის მსოფლიოს თასს. სტატისტიკა აჩვენებს რომ რაგბის მსოფლიო თავისი პოპულარობით და კომერციულადაც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატსა და ოლიმპიადასთან ერთად, ერთ-ერთი მოწინავეა, და, ორივე ეს ტურნირიც მომდევნო 6 წელიწადში შეერთებულ შტატებში გაიმართება.
“იმედი გვაქვს, ბორჯღალოსნები, ასევე ჩვენი მეგობრები საქართველოს რაგბის კავშირიდან შეძლებენ გაიგონონ ჩვენი შეძახილები ოკეანის გაღმიდან, როდესაც მსოფლიო რაგბის ჩემპიონატზე გიქომაგებთ” - დაწერა სტივ მეისმა, ჯორჯია რაგბის პრეზიდენტმა.
არამხოლოდ ოკეანის გაღმა, - გამოღმიდანაც საქართველოს დიდი მხარდაჭერა აქვს, - ბილ ბომონტმა, მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა გვერდში დგომის და ახალ ელიტურ ტურნირებზე მიწვევის პირობა შარშან საქართველოში ყოფნისას დადო და წელს, რაგბის, როგორც სპორტის მე-200 წლისთავი, ამისთვის საუკეთესო დროა.
სარაგბო გეოგრაფიის გაფართოება მსოფლიო რაგბის პრეზიდენტ ბილ ბომონტის საარჩევნო დაპირების ნაწილია, როგორც თავად განაცხადა, - საერთაშორისო რაგბის კავშირი ჩაკეტილი კლუბი აღარ იქნება და ისეთ ქვეყნებსაც მოიცავს როგორიც საქართველოა, რომელიც მნიშვნელოვნად განვითარდა და იმსახურებს აღარ ელოდოს 4 წელი მსოფლიო თასს, რომ ყველაზე ძლიერ სარაგბო ერებს მინდორზე დაუპირისპირდეს, უფრო მეტიც, ტიერ 2-ის ქვეყნებს მსოფლიო თასის წინ უნდა ჰქონდეთ ტიერ-1-ის ქვეყნებთან თამაშის და მსოფლიო თასისთვის გახურების საშუალება.
პრეზიდენტ ბომონტის მოლოდინები საქართველომ შარშან სრულად გაამართლა როდესაც ამ გახურება-გახურებაში ისტორიაში პირველად ტიერ1-ის ზედიზედ ორი ქვეყანა იტალია და უელსი დაამარცხა, მათ შორის უელსი საკუთარ მოედანზე.
- World Rugby, RugbyPass, Planet rugby – რას წერს მსოფლიო პრესა
- უმჯობესია, 6 ერისგან მოწვევა მეილზე მალე იყოს
ამ სენსაციურ მატჩებამდე ბილ ბომონტი თავად ჩამოვიდა საქართველოში უმაღლესი დონის დელეგაციით და საქართველოს რაგბის კავშირის საქმიანობა შეისწავლა, და, როგორც თავად აღნიშნა, პირადად დარწმუნდა, რომ ქართული რაგბი სწორი განვითარების რელსებზე დგას.
“ძალიან შთამბეჭდავია, რასაც საქართველოს რაგბის კავშირი აკეთებს, მათ აქვთ სწორი ხედვა და მსოფლიო რაგბი მათ გვერდით იდგება, რომ ეს სვლა ფინიშის ნიშნულამდე წარმატებით დასრულდეს” - აღნიშნა მან. გვერდში დგომაში მსოფლიო რაგბი კონსულტაციით და ტრენინგებით დახმარების გარდა ქართული რაგბის დაფინანსების გაზრდასაც გულისხმობს, ხოლო რწმენას რომ ყველაფერი გამოვა მთავრობის, რაგბის კავშირისა და გულშემატკივრების ერთიანი ენთუზიაზმი აძლევს, - “ საქართველოში მე ვნახე რაგბისადმი უდიდესი სამთავრობო მხარდაჭერა, რაც შესანიშნავი ფაქტია, ვფიქრობ, იმ პირობებში როდესაც ასეთი მხარდაჭერაა ზედა სამთავრობო ეშელონებიდან და ქვედა დონეზეც ისეთი ორგანიზებულობაა, როგორსაც რაგბის კავშირში ვხედავ, - ყველაფერი აუცილებლად გამოვა” - თქვა პრეზიდენტმა ბომონტმა.
სამთავრობო მხარდაჭერის გარდა რაგბის განვითარებაში კერძო სექტორიც სულ უფრო მეტად ერთვება, რის შედეგადაც ქართული სპორტისთვის უპრეცედენტო მასშტაბის სასპონსორო ხელშეკრულებები გაფორმდა. ამის ნათელი დასტური კომპანია ბეთლაივსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებაა, რომლის თანახმადაც, betlive.com საქართველოს რაგბის კავშირის სპონსორი გახდა.
მსოფლიო რაგბის სრულ მხარდაჭერას წარმატების გარანტიას უწოდებს სოსო ტყემალაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი. მილიონიანი დაფინანსების გარდა, მისი თქმით, მსოფლიო რაგბი კადრების, მათ შორის მწვრთნელების და მსაჯების გადამზადებაში, ახალი თაობის მორაგბეთა აღზრდაში, მარკეტინგსა და დაგეგმარებაში მონაწილეობს რასაც ქართული რაგბის ბოლოდროინდელ წარმატებებში ლომის წილი აქვს. ამასთან წარმატებებში ის მხოლოდ ნაკრების ისტორიულ გამარჯვებებს არ გულისხმობს, არამედ რაგბის კავშირის ინსტიტუციურ განვითარებასაც, დემოკრატიული და გამჭვირვალე მართვის დამკვიდრებას.
მსოფლიო რაგბმა უკვე განაცხადა, რომ უმაღლესი დონის საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს და ტიერ 2-ის სხვა ქვეყნების მეტი ჩართულობისთვის ახალი გაფართოებული ტურნირების შექმნაზე მუშაობს, რომლებიც მოიცავს 6 ერს მაგრამ სცდება მას. ვერსიებს შორის განიხილება ერთა თასი და ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირიც 12 ქვეყნის მონაწილეობით, მათ შორის საქართველო და იაპონია უპირობო კანდიდატები არიან, ამ მუშაობის შედეგად ახალი მსხვილი ტურნირის გამოცხადებას ანალიტიკოსები 2024 წლიდან ელიან.
ამ ეტაპზე ახალმა მიდგომამ სამხრეთ აფრიკა მოიცვა, რომელიც წელსაც და 2024-შიც 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.
ორივე ჯერზე იქ ქართველი ახალგაზრდებისგან დიდ წარმატებას ელიან, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, სოსო ტყემალაძის განცხადებით, მონაწილეობა უთუოდ საპატიოა, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გამარჯვება და ახალი ვარსკვლავების გამოჩენაა, რომლებიც დიდ ნაკრებს შეავსებენ და გააძლიერებენ.