Belive

"დავიღალეთ მსაჯებზე საუბრით, მაგრამ ვერავინ მიხვდა, რატომ გააძევეს კერვალიშვილი" - მერაბ შარიქაძე

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

რაგბი ევროპის სუპერ თასის 2023 წლის გათამაშების ფინალში, "შავი ლომისა" და "თელ-ავივ ჰითის" დაპირისპირება შედგა. თბილისში, "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" გამართულ მატჩში, პირველმა პროფესიონალურმა ქართულმა ფრენჩაიზმა მეტოქე 27:17 დაამარცხა და სუპერ თასის ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მესამედ დაეუფლა.

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ლევან მაისაშვილმა და მერაბ შარიქაძემ ისაუბრეს.

მარტივი მატჩი ნამდვილად არ გამოვიდა. არც ველოდით მარტივ დაპირისპირებას. ამ გუნდთან მეშვიდედ ვითამაშეთ და მუდმივად ასე დაძაბულად მიმდინარეობს. პირველ ტაიმში დიდი უპირატესობა ავიღეთ და მეორე ტაიმში შეგვეძლო მარტივი გამოსულიყო ეს მატჩი და მაინც ემოციამ, სადღაც დისციპლინამ გვიმტყუვნა. ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ მოვექეცით, როდესაც წითელი ბარათი ავიღეთ. ერთი რამ გასათვალისწინებელია, ესაა გუნდი, რომელიც ერთი თავით მაღლა დგას ამ ტურნირში მონაწილე სხვა მეტოქეებითან შედარებით და მაქსიმალურად ეცადნენ, რომ მიღებული შანსი გამოეყენებინათ. მადლობა ბიჭებს იმისთვის, რომ ამხელა ენერგია ჩადეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემები თავადვე შეუქმნეს საკუთარ თავს, შევძელით რომ მესამედ აგვეწია ეს თასი. "შავმა ლომმა" თავისი ისტორია შექმნა. ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივდივართ და მადლობა ყველას, ვინც საფუძველი ჩაუყარა "შავი ლომის" შექმნას. - ლევან მაისაშვილი.
დღევანდელ შეხვედრას რთულად შევაფასებ მიუხედავად იმისა, რომ რაღაც მომენტში 17-ქულიანი უპირატესობა გვქონდა, რაღაცნაირად შეძლეს მაინც თამაშის დატრიალება. ამას თავისი მიზეზები აქვს - კი დავიღალეთ მსაჯებზე საუბრით, მაგრამ გულშემატკივარმა ვინც უყურა ნახა - კერვალიშვილი რატომ გააძევეს ვერავინ გავიგეთ. მთავარია ზედიზედ მესამე ფინალი მოვიგეთ. ფინალი ყოველთვის დაძაბულია. ვისთანაც მითამაშია, "თელ-ავივ ჰითი" ფიზიკურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია. მიუხედავად ასეთ უხერხულ დროს დანიშნული თამაშისა, გულშემატკივარს ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის.
2024-წლის დასაწყისში ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის. "კასტრთან" გასვლაზე და შინ "კლერმონთან". სერიოზული გამოწვევაა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს წინააღმდეგ მაგრად მოემზადებიან. ვისურვებდი, რომ კლერმონთან თამაშზე მოედანი გადაჭედილი იყოს და ვანახოთ ფრანგებს, რა მაგრად გვიყვარს საქართველოში რაგბი.
- მერაბ შარიქაძე.

სხვა სტატიები