ჩემპიონთა თასზე ქართული სამსაჯო ბრიგადა იმუშავებს
ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) უმაღლესი დონის ტურნირზე - ჩემპიონთა თასზე, ოთხი ქართველი მსაჯი იმუშავებს.
ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ჩემპიონთა თასი 1995 წლიდან ტარდება. 2021 წლის 12 დეკემბერს, ნიკა ამაშუკელი გახდა პირველი ქართველი რეფერი, რომელმაც ამ ტურნირზე იმსაჯა. მას შემდეგ ნიკას არაერთხელ მოუწია ჩემპიონთა თასის შეხვედრების განსჯა. მოგვიანებით მას საბა აბულაშვილიც შეუერთდა, ახლა კი, პირველად ქართული და ევროპული რაგბის ისტორიაში, საქართველო ჩემპიონთა თასზე ერთბაშად 4 მსაჯით იქნება წარმოდგენილი და თანაც ზედიზედ ორ თამაშში.
პირველ ტურში, 6 დეკემბერს, ფრანგული ‘ბაიონი’ სამხრეთ აფრიკულ ‘შტორმერსს’ მასპინძლობს და მოედნის მსაჯი ნიკა ამაშუკელია, რომელსაც კიდეებიდან საბა აბულაშვილი და საბა მახარაძე დაეხმარებიან, ვიდეო-რეფერის დამხმარე კი იოსებ ჯაფარიძე იქნება. მახარაძისა და ჯაფარიძესთვის ეს სადებიუტო მატჩი იქნება ჩემპიონთა თასზე.
„ორი პრინციპული, მაღალ პროფილური თამაში გველის და ძალიან მიხარია EPCR-მა მათი განსჯა სრულად ქართულ სამსაჯო გუნდს რომ გვანდო. მე და საბა აბულაშვილს ჩემპიონთა თასზე ერთად ადრეც გვიმუშავია, საბა მახარაძე და იოსებ ჯაფარიძე კი დებიუტანტები არიან. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული რაგბისთვის. ორივე დებიუტანტი მუხლჩაუხრელად შრომობს, არ ერიდებიან წნეხს, ბოლო პერიოდში საგრძნობი პროგრესი აქვთ და ძალიან გამიხარდა ეს შრომა რომ დაუფასდათ. ჯაფარიძე ვიდეო-რეფერის დამხმარეს ამპლუაში იქნება, გაეცნოს გარემოს და სპეციფიკას, რის შემდეგაც ახალ დანიშვნებს მიიღებს. ის და საბა (მახარაძე) დააგროვებენ გამოცდილებას, რომელიც მომავალში ძალიან წაადგება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისი რაგბს“ - ნიკა ამაშუკელი
14 დეკემბერს, მეორე ტურში ფრანგული ‘ტულონი’ ინგლისურ ‘ბათს’ მასპინძლობს და საქართველო ამ თამაშზეც იგივე სამსაჯო გუნდით იქნება წარმოდგენილი. მოგეხსენებათ, რაგბში ფრანგულ-ინგლისური დაპირისპირება განსაკუთრებული მოვლენაა, ეს თამაში მეორე ტურში ცენტრალურადაა მიჩნეული და სასიამოვნოა მისი განსჯა ქართველებს რომ ანდეს.
წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი