Belive

2 დებიუტანტით კანადასთან | ბორჯღალოსნების შემადგენლობა ცნობილია

3 საათის წინ რაგბი
3 წთ

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა, 7 ნოემბერს კანადასთან გასამართი შეხვედრისთვის სათამაშო შემადგენლობა დაასახელა და მასში ორი დებიუტანტია.

მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის ნოემბრის ეტაპის პირველ მატჩში საქართველო „ავჭალაზე“ კანადას უმასპინძლებს. მატჩი 18 საათზე დაიწყება.

დებიუტანტთაგან ერთი - ლუკა ტაბატაძე, თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს. 19 წლის მორაგბე ცენტრში თორნიკე კახოიძეს შეუწყვილდება. ღერძზე გამოცდილი მოთამაშეები - ვასილ ლობჟანიძე და ლუკა მატკავა დადგებიან, ფულბეკი გუნდის კაპიტანი დავით ნინიაშვილია, ფრთებზე კი თამაშს აკა ტაბუცაძე და დაჩი პაპუნაშვილი იწყებენ.

შერკინების პირველ ხაზში გიორგი ახალაძეს, ვახტანგ ჯინჭარაძეს და ბაჩუკი ჭუმბაძეს ვიხილავთ, მეორე ხაზში ლადო ჩაჩანიძე და გიორგი ჯავახია შეწყვილდებიან, მესამე ხაზში კი ლუკა ივანიშვილი, ბექა საღინაძე და ბექა შვანგირაძე ითამაშებენ.

მარქაფაში ექვსი მორკინალი და ორი ხაზის მოთამაშეა. მათგან ერთი დებიუტანტია - ახალგაზრდა მეორეხაზელი გაგი მარგველაშვილი. ჩვენს შერკინებას ასევე გააძლიერებენ პირველხაზელები ვანო კარკაძე, სერგი აბრამიშვილი და ბექა გიგაშვილი, ასევე მესამეხაზელები მიხეილ შიოშვილი და ილია სპანდერაშვილი. ხაზში შეცვლაზე არიან ჰავბეკი გელა აფრასიძე და ცენტრი გიორგი შველიძე.

მთლიანობაში, ბრონკანმა კანადასთან აქცენტი ახალგაზრდებზე გააკეთა. 23-კაციან განაცხადში 9 ისეთი მოთამაშეა (6 შერკინება, 3 ხაზი), რომელთა ანგარიშზე 10-ზე ნაკლები სანაკრებო კეპია, თუმცა გუნდში მრავლად არიან გამოცდილი მორაგბეებიც.

2026 წლის მსოფლიო რაგბის ერთა თასზე, საქართველომ ზაფხულში სამივე თამაში მოიგო (ურუგვაისთან, სამოასთან და ჩილესთან) და ევროპა-აზია-აფრიკის ჯგუფის ლიდერია. კანადამ ზაფხულის კამპანიისას ერთი თამაში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთი დათმო. ის 7 ქულით ამერიკა-წყნარი ოკეანის ჯგუფში ბოლო ადგილზეა, თუმცა ამ ჯგუფის ექვსი ბინადრიდან ოთხს, 7 ქულა აქვს და ჩრდილოამერიკელები ბოლო ადგილზე დამატებითი მაჩვენებლებით არიან.

შეგახსენებთ, ნოემბრის ფანჯარაში საქართველო კანადის შემდეგ 14 ნოემბერს ტონგას, ხოლო 21 ნოემბერს აშშ-ს უმასპინძლებს. კანადა საქართველოს შემდეგ 14 ნოემბერს საფრანგეთში ჰონკონგს, ხოლო 20 ნოემბერს ბუქარესტში მასპინძელ რუმინეთს ეთამაშება.

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. ლუკა ტაბატაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. დაჩი პაპუნაშვილი, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე, 2. ვახტანგ ჯინჭარაძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 5. გიორგი ჯავახია, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა შვანგირაძე.

მარქაფა: 16. ვანო კარკაძე, 17. სერგი აბრამიშვილი, 18. ბექა გიგაშვილი, 19. გაგი მარგველაშვილი, 20. მიხეილ შიოშვილი, 21. ილია სპანდერაშვილი; 22. გელა აფრასიძე, 23. გიორგი შველიძე.