Belive

ბორჯღალოსნები | უძლიერესი ფიჯის წინააღმდეგ

6 თვის წინ რაგბი
3 წთ

2023 წლის მსოფლიო თასზე დღეს მეოთხე რაუნდის შეხვედრები იწყება. ბორჯღალოსნები თავის მესამე მატჩს 30 სექტემბერს ბორდოში, ჩვენი დროით 19:45 საათზე ფიჯის წინააღმდეგ გამართავენ.

ორი თამაშის შემდეგ, საქართველო მსოფლიო თასზე ჯერჯერობით მოგების გარეშეა. ავსტრალიასთან და პორტუგალიასთან თითო ტაიმში ნაჩვენები კარგი თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა და ავსტრალიამ 35:15 მოიგო, პორტუგალიასთან ჯახი კი ფრედ 18:18 დასრულდა.

ფიჯი მსოფლიო თასზე მეცხრედ თამაშობს. მან მხოლოდ ერთი, 1995 წლის ჩემპიონატი გამოტოვა, ორჯერ კი მეოთხედფინალში (1987 და 2007 წლებში) გავიდა და წელს ამ შედეგის გამეორების კარგი შანსი აქვს.

მას შემდეგ, რაც ფიჯის ფრენჩაიზი ზე-რაგბის დაემატა, კუნძულელები კიდევ უფრო უკეთ ათამაშდნენ. წელს მათ უპრობლემოდ მოიგეს წყნარი ოკეანის თასი, რის შემდეგაც ორი გასახურებელი თამაში გამართეს ტიერ1-ის გუნდებთან და საფრანგეთთან 17:34 მარცხის შემდეგ, ისტორიაში პირველად ინგლისს 30:22 მოუგეს, თანაც „თვიქენჰემზე“.

ფაქტია, რომ ახალი სამწვრთნელო შტაბი გუნდს შესანიშნავად მოერგო და ეს უშუალოდ მსოფლიო თასზეც აისახა. საფრანგეთში გამართულ პირველ მატჩში, ფიჯის უელსის დამარცხებამდე სულ ცოტა დააკლდა, თუმცა 7 და ნაკლები ქულით მარცხისა და 4 ლელოს გატანისთვის ორი ბონუს ქულა აიღო – 26:32. მეორე შეხვედრა მათ ავსტრალიასთან ჰქონდათ და მეტოქე 22:15 დაამარცხეს. შედეგად, ფიჯის ორი თამაშიდან 6 ქულა აქვს (ავსტრალიას ამდენივე 3 თამაშიდან), გ ჯგუფში მეორე ადგილზეა და დარჩენილი ორი შეხვედრის მოგების შემთხვევაში, (საქართველო და პორტუგალია) თასის მეოთხედფინალში გავა.

საქართველოს ფიჯისთან 6-ჯერ უთამაშია და ჯერჯერობით სრული უპირატესობა მეტოქის მხარესაა. ბორჯღალოსნებმა მოიგეს მხოლოდ ერთი თამაში, ერთი ფრედ დაასრულეს, 4-ში კი გამარჯვება კუნძულელებს დარჩათ. პირველი თამაში 2012 წელს „მიხეილ მესხზე“ შედგა და ფიჯიმ, 24:19 იმარჯვა. 2016 წელს სუვაში რევანში შედგა – საქართველომ 14:3 გაიმარჯვა. 2018-2021 წლებში მეტოქეს ზედიზედ ოთხჯერ ვეთამაშეთ – სუვაში 15:37, 2019 წლის მსოფლიო თასზე ოსაკაში (იაპონია) 10:45, 2020 წელს ედინბურგში 24:38 და 2021 წელს არანხუესში (ესპანეთი) 15:15.

საქართველომ ფიჯის გაუტანა 8 ლელო და 97 ქულა, თავად კი 23 ლელო და 162 ქულა გაუშვა. მოცემული მომენტისთვის ფიჯი მსოფლიო რეიტინგში მე-8 ადგილზეა, საქართველო კი მე-14 პოზიციაზეა.

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები