7-კაცა | საქართველო მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მეორე ეტაპზე იასპარეზებს
საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები ურუგვაიში მიემგზავრება, სადაც 8-10 მარტს მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მეორე ეტაპზე იასპარეზებს. მატჩები ქალაქ მონტევიდეოში გაიმართება.
პირველ ეტაპზე, რომელსაც დუბაიმ უმასპინძლა, საქართველოს ნაკრებმა ხუთიდან 2 თამაში მოიგო და მე-8 ადგილი დაიკავა, რისთვისაც საერთო ჩათვლაში 6 ქულა ჩაიწერა. შედეგად, მონტევიდეოში საქართველოს ნაკრები A-ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები კენია, ტონგა და პორტუგალია იქნებიან. B-ჯგუფში ჩილე, ჰონკონგი, იაპონია და მექსიკა მოხვდნენ, ხოლო C-ჯგუფში გერმანია, პაპუა ახალი გვინეა, უგანდა და ურუგვაი ითამაშებენ.
გამგზავრების წინ, საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა - გია ლაბაძემ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ნაკრები ურუგვაიში უკეთესი შედეგის დასაფიქსირებლად მიემგზავრება.
პირველ ეტაპზე უკეთეს შედეგს ველოდით, თუმცა დუბაიში დავინახეთ, რომ ამ ეტაპზე წარმატების მისაღწევად მეტი მუშაობაა საჭირო. ამას არავის და არაფერს ვაბრალებთ და ვმუშაობთ საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე. დუბაიში იყო უდისციპლინობა, გაგვიფუჭდა ბევრი ბოჭვა და 7-კაცაში ამის დაზღვევა ძალიან რთულია.
მეტი მოთმინება გვმართებს. ურუგვაიში გამგზავრებამდე გვქონდა ორი 3-3 დღიანი შეკრება. ვეცდებით გამოვასწოროთ დაფიქსირებული შეცდომები, გამოვასწოროთ გამძლეობა, ავწიოთ სათამაშო ტემპი, უკეთესები ვიყოთ ბოჭვებისას და დაკიდებულ ბურთებზე თამაშისას. მოკლედ რომ ვთქვა, ვეცდებით ამ ეტაპზე შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენოთ და თუ ეს გამოგვივა, შედეგიც უკეთესი იქნება. - გია ლაბაძე.
საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა
ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი ჭუაძე, იოსებ მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, თემურ კოხოძე, საბა არჩვაძე, გიორგი ჯობავა, გაგა ქევხიშვილი, რომან მახათაძე, ირაკლი სიმსივე, თემურ ჭიჭინაძე, დავით იმნაძე.
მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე.