ყველაფერი ჩელსიზე, ბეტისსა და ფიორენტინაზეა დამოკიდებული: სპაერს მეორე ეტაპიდან დაწყების შანსი აქვს
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2024 წლის გამარჯვებული, თბილისის "სპაერი", რომელიც რანგით მეორე ლიგაში თამაშობს, ისტორიაში სადებიუტოდ ევროტურნირებზე მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერი იმ ოთხი ქართული გუნდიდან ერთ-ერთია, რომელიც 2025 წლის ზაფხულში საქართველოს ევროპულ ტურნირებზე წარმოადგენს.
არსებობს შანსი, რომ "სპაერმა" კონფერენს ლიგაზე მონაწილეობა პირდაპირ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან მიიღოს, ისე, როგორც ეს შარშან, იმ დროს თასის მოქმედმა გამარჯვებულმა, "იბერია 1999-მა" გააკეთა. ეს ყველაფერი ევროპული ტურნირების ამ სეზონზეა დამოკიდებული, უფრო კონკრეტულად კი კონფერენს ლიგის ნახევარფინალში გასულ გუნდებზე. საქმე ისაა, რომ უეფას წესდების მიხედვით, თუ კონფერენს ლიგას ის გუნდი მოიგებს, რომელსაც თავისი ქვეყნის ჩემპიონატიდან შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ან ევროპა ლიგის ფინალური ეტაპის საგზური განაღდებული ექნება, ტურნირის ჩემპიონისთვის განკუთვნილი საგზური ვაკანტური გახდება, რეიტინგში გასული წლების განმავლობაში დაგროვებული კოეფიციენტის მიხედვით, მას სხვებთან ერთად, საქართველოს თასის გამარჯვებული მიიღებს და გამოსვლას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს.
ამ მომენტში, კონფერენს ლიგის ნახევარფინალში, ლონდონის "ჩელსი", სევილიური "ბეტისი", ფლორენციული "ფიორენტინა" და შვედური "იურგორდენია" გასული. ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონატებში შესაბამის პოზიციაზე გასვლა გუნდებს შემდეგ სეზონში ევროტურნირის საგზურს პირდაპირ უნაღდებს, შვედებს კი ეს უპირატესობა არ აქვთ. შესაბამისად, თუ ტურნირის ფინალში "იურგორდენის" გარდა ნებისმიერი სამი გუნდი გავა და ისინი შიდა ჩემპიონატებიდან ევროტურნირის დასკვნითი ეტაპის საგზურს მოიპოვებენ, "სპაერს" მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა შეეძლება.
ნახევარფინალური ეტაპების საწყის მატჩებში, "ბეტისმა" "ფიორენტინას" 2:1, ხოლო ლონდონის "ჩელსიმ" "იურგორდენს" 4:1 აჯობა.
შიდა ჩემპიონატებში, ტოპ 5 ლიგის წარმომადგენელი სამივე გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის, საუკეთესო შანსი ლონდონელებს აქვთ, რომლებიც პრემიერ ლიგაში მეხუთე პოზიციას იკავებენ, შემდეგ "ბეტისს", რომელიც ლა ლიგაში მეექვსე პოზიციაზეა და ხუთეულს მინიმალური სხვაობით ჩამორჩება, ხოლო ფლორენციელები სერია A-ში მერვე ადგილზე არიან და მთავარ ევროპულ ტურნირზე გასასვლელად 4-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა სჭირდებათ.
"სპაერი", რომელიც 2017 წელს დაარსდა, რეგიონალური ლიგიდან ყველა ეტაპის გავლით უკვე მეოთხე სეზონს რანგით მეორე ლიგაში ატარებს, აქედან ორჯერ გუნდმა ეროვნულ ლიგაში დასაწინაურებელი პლეი-ოფი ითამაშა და წააგო, ახლა კი 10 ტურის შემდეგ, ჩემპიონატში 7 მოგებითა და 3 ფრით 24 ქულას ფლობს და გათამაშებას წაუგებლად ლიდერობს.