ვილი სანიოლი: "იმედი მაქვს, ოქროს ბურთს კვარა მოიგებს, ჩემდამი დამოკიდებულება არასამართლიანია"
2 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონის დაწყების წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა შემადგენლობის დასახელების შემდეგ ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა.
"უეფას ერთა ლიგის ახალი ფორმატი ბევრ რამეს შეცვლის. მახსოვს ის პერიოდი, როცა ცვლილებებზე დაიწყო საუბარი და მაშინაც ვფიქრობდი, რომ ეს გაერთიანებული სანაკრებო ფანჯარა ისეთ გუნდებს შეუწყობს ხელს, რომლებსაც დიდი რესურსი და შემადგენლობის ფართო არჩევანი აქვთ. ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს 50-ფეხბურთელიანი რესურსი, რომ სრულფასოვან როტაციას მივმართოთ.
დიდი დრო სტრატეგიული ცვლილებებისთვის არ გვაქვს, მაგრამ შევეცდებით, რომ მოახლოებული მატჩებისთვის მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ.
ბევრ ფეხბურთელს სხვადასხვა სახის პრობლემა შეექმნა. ახალი სეზონის დასაწყისში ზოგს ტრავმის ან სხვა მიზეზის გამო სათამაშო დროის პრაქტიკა აკლია. ჩვენთვის ოთარ კიტეიშვილის, გიორგი ჩაკვეტაძის მსგავსი ფეხბურთელების სრულფასოვნად ჩანაცვლება ძალიან ძნელია. ფაქტია, რომ მათ საკმაოდ დიდი დრო გაუცდათ. იმედი მაქვს, ჩაკვეტაძეს ნაკრებისადმი სიყვარული დაეხმარება იმაში, რომ მოედანზე მაქსიმუმი გაიღოს და ინტენსიურ ფეხბურთში მონაწილეობა შეძლოს.
ოთო მამაგეიშვილი ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ, საქართველოში თამაშის დროს საქართველოს ნაკრებში გამოძახების ერთ-ერთი კანდიდატი გახლდათ, პორტუგალიაში არასტაბილური სათამაშო დროის შემდეგ, ის ავსტრიაში გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა და სადებიუტო გამოძახებაც მიიღო. იმედი მაქვს როცა ორივე ტყუპი ძმა მამაგეიშვილი ნაკრებში გამოვიძახე, მათი გარჩევა არ გამიჭირდება. ყველა ახალგაზრდისთვის ნაკრებში გამოძახება განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა.
ირაკლი იეგოიანმა პოზიცია შეიცვალა, მაგრამ მისი თამაშის ხარისხი და დონე მხოლოდ პოზიტიურია. მივესალმები ფეხბურთელის მრავალ პოზიციაზე გამოცდილების ქონის შესაძლებლობას. ის ნაკრებისთვის ძალიან მალე მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება.
ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია ჰარი კეინთან და კილიან მბაპესთან ერთად. იმედი მაქვს, გამარჯვებული ის გახდება. წინა წლებში, როდესაც ხვიჩას იდეალური სეზონიც არ ჰქონია, გამოკითხვის დროს ყოველთვის კვარას ვაძლევდი ხმას. ამაზე, ხალხის რეაქცია არ მახსენდება, მაგრამ მე ყოველთვის პატიოსნად ვიქცევი და მგონია, რომ იმ ინტერვიუშიც, სადაც მუნდიალის კონტექსტში მაიკლ ოლისეზე ვისაუბრე, პატიოსანი ვიყავი და არასამართლიანი გამოხმაურება მივიღე.
გუნდში ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამ წლების განმავლობაში ყოველთვის ვცდილობდი რომ საუკეთესო გამეკეთებინა როგორც ქართული ფეხბურთისა და ქართველი ფეხბურთელებისთვის, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ვარ და შესაძლებელია კონკრეტულ მომენტებში განსხვავებული აზრი მქონდეს.
ყოველთვის, 6 წლის განმავლობაში ქართული ფეხბურთის მხარდაჭერას ვცდილობ და ყველა გამოკითხვაში ხმას ხვიჩა კვარაცხელიას ვაძლევ, მაგრამ 95% შემთხვევებში თუ სწორად ვიქცევი, 5%-ში დაშვებული შეცდომის გამო, მგონია, რომ მსგავს დამოკიდებულებას არ ვიმსახურებ.
ალბათ გახსოვთ, რომ როცა გურამ კაშიამ გადაწყვიტა, რომ სანაკრებო კარიერა დაესრულებინა, მე ვთქვი, რომ მისთვის ჩვენი გუნდის კარი ყოველთვის ღია იქნებოდა. მე მას ყველანაირად ხელს შევუწყობ თუ მისი გადაწყვეტილება იქნება, რომ საბოლოდ მწვრთნელად იმუშაოს. მიუხედავად იმისა, რომ მას სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს, გადავწყვიტე ნდობა გამომეცხადებინა, რადგანაც ის ქართული ფეხბურთის უდიდესი ავტორიტეტია", - ვილი სანიოლი.
საქართველოს ნაკრები 25 და 28 სექტემბერს საშინაო კედლებში, შესაბამისად ჩრდილოეთ ირლანდიასა და უკრაინასთან ითამაშებს, ხოლო 2 და 5 ოქტომბერს უნგრეთსა და ჩრდ. ირლანდიას სტუმრად შეხვდება.