Belive

ვიტინია: "ამ მატჩებს ფავორიტი არ ჰყავს, ყველაფერი დეტალებზე იქნება დამოკიდებული"

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის ორრაუნდიანი დუელის საწყისი მატჩის წინ, "პსჟ-ს" ნახევარმცველმა, ვიტინიამ "არსენალთან" შეხვედრაზე ისაუბრა.

"ახალგაზრდული გუნდი ვართ, მაგრამ უკვე დიდი გამოცდილება დავაგროვეთ. ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონის ლიგის ფაზაზე რთული შეხვედრები ჩავატარეთ, მაგალითად სწორედ "არსენალთან", სადაც მიღებულ გამოცდილებას ახლა საჩვენოდ გამოვიყენებთ. გასულ წელსაც ვითამაშეთ ნახევარფინალში და ეს გამოცდილებაც გვაქვს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წინა სეზონთან შედარებით უკეთ ვითამაშოთ.

ლიგის ფაზაზე "არსენალთან" მატჩის შემდეგ დიდი დრო გავიდა და ეს განსხვავებული შეხვედრა იქნება. ყველაფერს ვიღონებთ საიმისოდ, რომ განსხვავებული შედეგი მივიღოთ. ჩვენ საკუთარი ფილოსოფიის ერთგულები ვართ და სტილის შეცვლას არ ვაპირებთ.

ორივე გუნდისთვის ძალიან რთულ მატჩს ველოდები. ვიცი, რომ ყველაფერი პატარა დეტალებზე იქნება დამოკიდებული. შეცდომები არ უნდა დავუშვათ. „არსენალი“ შესანიშნავი გუნდია ძლიერი შემადგენლობით და ეს უდავოდ, მათი ყველაზე ძლიერი მხარეა. ისინი გუნდურად თამაშობენ და ცოტათი გვგვანან კიდეც. ეს შესანიშნავი მატჩი იქნება.

ყველა ფეხბურთელის ოცნება ასეთ მატჩებში მონაწილეობის მიღებაა. ბედნიერები ვართ, რომ ასეთ შეხვედრებში უნდა ვითამაშოთ. "ნიცასთან" თამაშზე აღარ ვფიქრობთ და ახლა მხოლოდ შემდეგ მატჩებზე ვკონცენტრირდებით.

არ მგონია, რომ ამ დუელში ფავორიტი არსებობს. "არსენალს" მასპინძლის უპირატესობა ექნება, მაგრამ საპასუხო მატჩში იგივე როლში ჩვენ ვიქნებით. მადლობას ვუხდი ქომაგებს, რომლებიც ლონდონში გამოგვყვებიან, მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ. ეს ჩვენთვის ნამდვილად დამატებითი ძალაა", - ამბობს ვიტინია.

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი "არსენალს" საწყის მატჩში 29 აპრილს, "ემირეითს სთედიუმზე" შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები