Belive

ვიქტორ მონხილი: "მგონია, რომ საქართველოში ჩემი დრო არ დასრულებულა"

1 წლის წინ ქართული სპორტი
6 წთ

საქართველოს ეროვნულ ლიგაში გასულ წლებში ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი ვიქტორ მონხილი გახლდათ. "დინამო თბილისის" ცენტრალური მცველი თავის პოზიციაზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო და ქვეყნის ჩემპიონი ორჯერ გახდა.

ის საქართველოს 19-გზის ჩემპიონის რიგებში ჩისკო მუნიოსის მთავარ მწვრთნელად პირველად დანიშვნის დროს მივიდა და მოგვიანებით მასთან ერთად დაბრუნდა.

საქართველოს შემდეგ 31 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა ძალები ინდოეთშიც მოსინჯა და ტიტულის გარეშე არც აზია დაუტოვებია (ინდოეთის ჩემპიონი 2020 წელს).

ამჟამად, ვიქტორ მონხილი თავისუფალი აგენტია. ჩვენ მას ვესაუბრეთ და საქართველოსთან არსებული მოგონებები გავახსენეთ, ასევე სამომავლო გეგმების შესახებ ვკითხეთ და გავიგეთ, სურს თუ არა საქართველოში მესამედ დაბრუნება.

შენს ამჟამინდელ ცხოვრებაზე საუბრით დავიწყოთ. წინა სეზონში ინდოეთის ჩემპიონატში თამაშობდი, ახლა კი თავისუფალი აგენტი ხარ. რა სიახლეებია შენს კარიერაში?

გასულ სეზონში ინდოეთის ჩემპიონატში ვთამაშობდი. ტურნირს განსხვავებული, მაგრამ საკმაოდ საინტერესო და კონკურენტუნარიანი ფორმატი აქვს, რაც სამომავლოდ ფორმის შენარჩუნებაში დამეხმარება.

პარალელურად, სამეწარმეო საქმიანობა დავიწყე და წინ ძალიან საინტერესო 2024 წელი გველოდება, არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოში რაიმეს კეთება დავიწყო...

მას შემდეგ რაც თავისუფალი აგენტი ხარ, "დინამოდან" ან სხვა ქართული გუნდიდან შემოთავაზება ხომ არ გქონია. ასეთის შემთხვევაში რა პოზიცია გექნება?

"დინამო თბილისი" ის გუნდია, რომელსაც ყოველთვის ძალიან დიდ "დიახს" ვეტყოდი. მაქვს გარკვეული განცდა, რომ ამ გუნდსა და საქართველოში ჩემი დრო შეიძლება დასრულებული არ იყოს. საქართველოში დაბრუნებაზე სიამოვნებით ვიფიქრებდი.

ზოგადად ქართულ ფეხბურთს თუ ადევნებ თვალს. გასულ წლებში ჩვენმა ფეხბურთმა საკმაოდ დიდი პროგრესი განიცადა სანაკრებო დონეზე, ხვიჩა კვარაცხელიასა და იმ სხვა ფეხბურთელების დამსახურებით, რომლებიც ევროპის ტოპ ჩემპიონატებში ფეხს ნელ-ნელა იკიდებენ. რამდენად ხშირად ეცნობი სიახლეებს ქართული ფეხბურთის შესახებ?

რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებ ეროვნულ ლიგას და ასევე საქართველოს ნაკრების გამოსვლას.

ვხედავ, რომ ნელ-ნელა ნათელი მომავლის მქონე ახალგაზრდები ეროვნულ ნაკრებში თავის დამკვიდრებას ახერხებენ და მათი როლი გუნდში იზრდება. ამის გამო მჯერა და იმედი მაქვს, რომ მალე საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.

მგონია, რომ საქართველოს ნაკრები ისტორიის შექმნას უახლოვდება და ამაში თავისი დიდი წვლილი იმ ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიუძღვით, რომლებიც რეგულარულად თამაშობენ ევროპის წამყვანი ლიგების წარმომადგენელ გუნდებში. მგონია, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის მთავარი სანაკრებო ფორუმის მონაწილეობასთან ძალიან ახლოსაა.

Image 11

ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელებს შევეხეთ. აქედან ერთ-ერთი მინდა გამოვარჩიო, რომელიც "დინამოში" შენი ყოფნის დროს ირიცხებოდა. რას ფიქრობ გიორგი მამარდაშვილზე, დღეს ის შენს სამშობლოში თამაშობს. სად და როგორ ხედავ მისი კარიერის განვითარებას?

როცა გავიგე, რომ ესპანეთში მიდიოდა, ვიცოდი, რომ სწორ გადაწყვეტილებას იღებდა. როცა ნიჭისადმი ერთგულება 100%-იანია, მაშინ ფეხბურთელი აუცილებლად განვითარდება, ისევე, როგორც მამარდაშვილის შემთხვევაში ხდება. პირადად მე, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის ასე კარგად მუშაობს.

დარწმუნებული ვარ, რომ მისი კარიერული მომავალი არის და იქნება ძალიან ნათელი და ის ბევრ სიხარულს მოუტანს საქართველოს ეროვნულ გუნდს.

მამარდაშვილი და სერია A - გიორგი იტალიურ გრანდსაც დაუკავშირეს - europop

ესპანეთში და ვალენსიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს, რომელიც "ლევანტეს" მაისურს ირგებს და ლა ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის. ეს ის გუნდია, რომელშიც შენ წარსულში თამაშობდი. რას იტყვი ქართველ ფეხბურთელსა და ვალენსიური გუნდის მომავალზე?

ვიცი, რომ ახლა გუნდში რთული ეკონომიკური სიტუაციაა. ეს ჩვეულებრივი ამბავია მაშინ, როცა გუნდი რანგით ქვედა ლიგაში დაქვეითდება და იქიდან სწრაფად ამოსვლას ვერ ახერხებს. ასეთ დროს დიდია ზარალი რეკლამაში, სპონსორებსა და სხვადასხვა ეკონომიკურ აქტივებში. შესაბამისად, გუნდს ფსონის გაკეთება ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე უწევს. იმედი მააქვს, გიორგი ქოჩორაშვილთან ერთად "ლევანტე" ლა ლიგაში დაბრუნებას შეძლებს.

ესპანურ ფეხბურთშიც ახალი თაობის აღმავლობას ვადევნებთ თვალს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოგებამ და ერთა ლიგის ჩემპიონობამ გვაჩვენა, რომ "ფურია როხა" შესაძლოა ევროპის ჩემპიონატის ისევ ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყოს. რას ელი ესპანეთის ნაკრებისგან შემდეგ წელს?

საქართველოს მსგავსად, ესპანეთიც ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების თაობის ზრდის მომსწრეა. ერთადერთი, რაც ამ გუნდს აკლია, ეს გამოცდილების ნაკლებობაა. მიუხედავად ამისა, გარკვეული შედეგები, უკვე მოდის.

ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების მოგების შემდეგ, ესპანეთი ყოველთვის, ყველა მეტოქესთან ფავორიტია. ვფიქრობ, თუ ერთის მხრივ გამოცდილი და მოწიფული, ხოლო მეორეს მხრივ ნიჭიერი ახალგაზრდების ბალანსის პოვნა მოხერხდება, ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს კიდევ ერთხელ მოიგებს

ინტერვიუს დასასრულს, "დინამო თბილისის" ქომაგს და ზოგადად ქართველ გულშემატკივარს რას ეტყოდი?

"დინამო თბილისი" არასდროს ნებდება. წელს გუნდი ჩემპიონი არ გამხდარა, მაგრამ "დინამოს" მიზანი ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაა.

იმედი მაქვს, მალე "დინამო" ისევ ტიტულებისთვის ბრძოლას შეძლებს და მე თქვენ გესტუმრებით. მენატრება ქვეყანა, ხალხი და სამზარეულო. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ჩემს თანაგუნდელებთან, მწვრთნელებთან და გულშემატკივართან. იმედი მაქვს, მალე ისევ შევხვდებით.

სხვა სტატიები