Belive

ვინ მოიაზრება რუდი გარსიას შემცვლელად? - დე ლაურენტისი კონკრეტულ კანდიდატურაზე ფიქრობს

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

იტალიის მოქმედი ჩემპიონი, "ნაპოლი" თავის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობისა და პერიოდის მიუხედავად, 2023/24 წლების სეზონზე სასურველ შედეგებს ვერ აჩვენებს და სულ რამდენიმე თვის წინანდელი გუნდისგან ძალიან შორის არის. ამას შესაძლოა ბევრი მიზეზი ჰქონდეს, თუმცა სფეროს ექსპერტები და სრულად, იტალიური და ევროპული საფეხბურთო საზოგადოება თანხმდება, რომ როგორც ყველა საქმეში, მთავარი პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაშიც ლიდერზე, შესაბამისად გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელზე რუდი გარსიაზე მოდის.

ტაქტიკურ შეცდომებს რომ თავი დავანებოთ, ფრანგმა სპეციალისტმა გუნდში ყველაზე მთავარის, ჯანსაღი გარემოსა და ატმოსფეროს შენარჩუნება ვერ შეძლო. ამავე დროს, რუდი გარსიასა და მისი ნაადრევი შეცვლების მიმართ უკმაყოფილებას გუნდის ორი მთავარი ვარსკვლავი, სერია A-ს წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია და ამავე ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი, ვიქტორ ოსიმენი გამოხატავენ. სხვა ჯილდოებს რომ თავი დავანებოთ, ორივე მათგანი მსოფლიოს წლის 30 საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა დასახელებული და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჯილდოს მოგების 30 ნომინანტს შორის იმყოფება, მთავარი მწვრთნელი კი გადამწყვეტ მომენტებში მათი რესურსის გამოყენებაზე ხშირად უარს ამბობს.

ამ დროს, ბუნებრივია ჩნდება ვარიანტი, რომ გუნდის როგორც სპორტული შედეგების, ისე გასახდელში არსებული გარემოს გაუმჯობესების კუთხით, ხელმძღვანელობის მხრიდან ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება მთავარი მწვრთნელის შეცვლა იქნება, რასაც იტალიური მედია აქტიურად განიხილავს.

როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული მედია საშუალება Gazzetta dello Sport-ი წერს, პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს გუნდისთვის ახალი მთავარი მწვრთნელი უკვე მოძებნილი ჰყავს და ეს ყველაზე მეტად სავარაუდო ანტონიო კონტე არ არის.

"აურელიო დე ლაურენტისს ქასთინგის ჩატარება არ დაუწყია, ის ამას არასდროს აღიარებდა, მაგრამ რამდენიმე სიტუაციის ანალიზი და ინტერესით დაკვირვება კი ნამდვილად დაიწყო. ანტონიო კონტე თავისუფალია, მაგრამ ეს საკითხი გადაჭრილი არ არის, თანაც აურელიო დე ლაურენტისის სურვილია, რომ 4-3-3 სათამაშო ფორმაცია შეინარჩუნოს.

ამ თვალსაზრისით, ყურადღება ეთმობა იგორ ტუდორის ფიგურას, რომელიც კარგად მუშაობდა "ვერონაში", წინა სეზონში კი უკვე "მარსელში". ის ფაქტი, რომ მას სამკაციანი დაცვა ურჩევნია, დამაბრკოლებელი გარემოება არ იქნება. ხორვატმა სპეციალისტმა იცის როგორ იყოს მოქნილი და ლავირება კარგად შეუძლია. იმ კანდიდატებს შორის, რომლებიც ივნისში ჩატარებულ ქასთინგზე განიხილეს, ასევე კრისტოფ გალტიე ფიგურირებს, რომელმაც "მარსელში" მუშაობაზე უარი თქვა. მას დე ლაურენტისმა ზაფხულში სწორედ რუდი გარსია ამჯობინა", - წერს გამოცემა.

საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის გუნდს სერია A-ში 5 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს დაგროვებული და მეშვიდე ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩს "ნაპოლი" 27 სექტემბერს "უდინეზეს" წინააღმდეგ საშინაო კედლებში გამართავს.

სხვა სტატიები