Belive

ვილი სანიოლი: "გამარჯვებისთვის ბრძოლა ჩვენი იდენტობის ნაწილია"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

2024/25 წლების სეზონის უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ჩეხეთს სტუმრად შეხვდება.

მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ოლომოუცში, "სიგმას" სტადიონზე, პრესკონფერენციის დროს, მოახლოებული უმნიშვნელოვანესი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"სექტემბრის მატჩის შემდეგ, სრულფასოვნად განსხვავებული კონტექსტი და მოცემულობაა. ჩვენმა მეტოქემ ბევრი ფეხბურთელი და სათამაშო სტილი შეცვალა. ეს წლის და ჯგუფის დასკვნითი მატჩია და საკუთარ თავზე უნდა ვკონცენტრირდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდის თამაშზე ვიფიქროთ და არა მეტოქეზე.

აქამდე, მარტში და ივნისში, შესარჩევ ეტაპსა და ევროპის ჩემპიონატზე გადამწყვეტი მატჩების მოგება შევძელით. მაგრამ ეს წარსულია და ჩვენ დღევანდელი დღით და მომავალზე ფიქრით უნდა ვიცხოვროთ. ამას მხოლოდ გამოცდილების მოცემა შეუძლია. მთავარია, რომ ფეხბურთელები საკუთარ შესაძლებლობებზე კონცენტრირდნენ.

ევროპის ჩემპიონატზე მეტოქემ მომენტების რაოდენობასა და სიმწვავეში გვაჯობა, მაგრამ სექტემბერში ყველაფერი პირიქით მოხდა. მთავარი ჩვენი თამაში იქნება და ის თუ როგორ წარმოვაჩენთ საკუთარ შესაძლებლობებს.

ჩვენ არ დაგვიწყებია, რომ ოთხწელიწადნახევრის წინ, საქართველოს ნაკრები D ლიგაში თამაშობდა, ახლა კი A დივიზიონში ასვლა შეგვიძლია. აქამდე დისციპლინით და შრომით მოვედით, ეტაპობრივად სწავლით და გამოცდილების მიღებით, ახლაც იგივე გვჭირდება.

ჩვენ უამრავი ტაქტიკური მონახაზი გვაქვს და ვირჩევთ იმას, რომელიც ყველაზე სწორია კონკრეტულ მატჩში და რომელიც ყველაზე კარგად შეგვიძლია ვითამაშოთ. მეტოქეებისთვის უხერხული და შემაწუხებელი გუნდი ვართ.

ოქტომბერი ძალიან რთული გამოვიდა, მაგრამ ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ. D ლიგიდან A დივიზიონამდე ძალიან დიდ გხას გავდივართ. წილისყრის შემდეგ, დავრწმუნდით, რომ ძალიან რთული ჯგუფი გველოდა. აქამდე, ყველა მატჩს გამარჯვებისთვის ვთამაშობდით, ეს ხან გამოდიოდა, ხან არა, მაგრამ ვიცით რა არის ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარეები, გვაქვს ამბიცია და წარმატებისთვის ვიბრძვით. ჯგუფში ყველაზე მეტი საგოლე მომენტი შევქმენით, გამარჯვებისთვის ბრძოლა ჩვენი იდენტობის ნაწილია", - ამბობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

საქართველოს ნაკრები ჯგუფის მოგებას ჩეხეთში გასამართი მატჩით 19 ნოემბერს შეეცდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები