Belive

ვილი სანიოლი: "პასუხისმგებლობას არ გავურბივარ - ახლა მთავარი მიზანი მარტის მატჩები გახდა"

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ოქტომბრის მატჩების წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია ჩაატარა და სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა.

 

ესპანეთთან მატჩის შემდეგ, უკვე ვთქვი და გავიმეორებ, რომ ეს იყო საშინელება. ფეხბურთელებს, პრაქტიკულად არაფერი უჩვენებიათ, მაგრამ პასუხისმგებლობა ჩემს კისერზეა. შესაძლებელია, ჩვენ უნდა გვეთამაშა 3 მცველით და არა ოთხით, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ სიახლე შეგვეტანა. ცხოვრებაში არასდროს გავურბივარ პასუხისმგებლობას და ყველაფერს ვიაზრებ. კრიტიკა მიღებული მაქვს და შემდეგი მატჩებისთვის, ყველაფრის სასიკეთოდ შეცვლას შევეცდებით.

რაც შეეხება შემადგენლობის შერჩევას, პირველ რიგში ის დამოკიდებულია ნაჩვენებ შედეგებზე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ის მხოლოდ ერთ კონკრეტულ პრინციპზეა დამოკიდებული. მაგალითად, ბუდუ ზივზივაძეს გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გუნდ "კარლსრუეში" ბევრი არ უთამაშია, რაზეც რა თქმა უნდა, გული გვწყდება, მაგრამ საერთოდ რომ არ ითამაშოს, ვფიქრობ ის აქ ნაკრებში ყოფნას იმსახურებს. მას აქვს მენტალიტეტი, ბოლო 2 წლის განმავლობაში, როცა მას ნდობას ვუცხადებდი, ის ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო. ის ბევრს და ძლიერად მუშაობს როგორც ვარჯიშის დროს, ისე მატჩებში.

აბურჯანია და გოჩოლეიშ​ვილი მოწოდების სიმაღლეზე ვერ იყვნენ, ვერ აჩვენეს ის დონე, რომელიც მათ შეუძლიათ. სწორედ ამიტომ არ არიან ისინი დღეს აქ. მინდა ფეხბურთელებმა გააცნობიერონ, რომ ეროვნული გუნდის კარი დაკეტილი არავისთვის არ არის და მომავალში ისინი დაბრუნდებიან, ისევე როგორც ნიკა კვეკვესკირი და ლევან შენგელია დაგვიბრუნდნენ. სავარაუდოდ, ცვლილებები მომავალშიც იქნება.

თუ ჩვენ რაღაცის შესახებ არ ვსაუბრობთ, ეს არ ნიშნავს, რომ ის ჩვენთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს. მარტის მატჩები ჩვენთვის მთავარი მიზანი გახდა. ეს ყველაზე მოკლე გზაა ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად. უშუალოდ მიმდინარე ჯგუფში ჩვენ ძალიან გამოცდილი მეტოქეები გვყავდა: შოტლანდიის, ესპანეთის, ნორვეგიის ნაკრებები. მათ ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებიც რეგულარულად ევროპის წამყვან ჩემპიონატებსა თუ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ.

შესაბამისად, მარტი ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პერიოდია და ამ დროს ახალი ფეხბურთელების გამოცდა ალოგიკურია. ამიტომ, ამ საქმეს ხელი ახლა უნდა მოვკიდოთ. ამის მაგალითია ივა გელაშვილის გამოძახება, რომელიც "სპეციაში", ის იტალიის რანგით მეორე ლიგაში თამაშობს და ეს საკმაოდ მაღალი დონეა. შევეცდებით, რომ ის მისთვის ბუნებრივ, ცენტრალური მცველის პოზიციაზე მოვსინჯოთ.
ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ საქართველოს ნაკრებს მცველების პრობლემა აქვს, რადგან თანამედროვე ფეხბურთში როგორც ყველა ფეხბურთელი უტევს, ისე ყველა მათგანი ცდილობს თავის დაცვას. თუ რომელიმე ფეხბურთელი საკუთარ შესაძლებლობებს, კარგად ვერ წარმოაჩენს, მის ადგილს ახალი მოთამაშე იკავებს. მაგალითად, ჩვენ გელაშვილი შემოგვემატა, სამწუხაროდ, საბა საზონოვი ტრავმირებულია. ფეხბურთის გუნდის გაწვრთნა არ ნიშნავს მათემატიკასთან ან ჭადრაკთან პარალელების გავლებას.

ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში, საქართველო ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული ნაკრებია ახალგაზრდა ფეხბურთელების დამატების კუთხით და მათი წარმატებული მონაწილეობის გათვალისწინებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი კარი ყოველთვის ღიაა და მზად ვარ იმ ფეხბურთელის მისაღებად, რომელიც რაიმეს აჩვენებს. ამავე დროს, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მე ვარ ის ადამიანი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ ვინ მოხვდება საქართველოს ნაკრებში. - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 12 ოქტომბერს ტაილანდის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს გამართავს, ხოლო 15-ში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით კვიპროსის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

სხვა სტატიები