გვჯერა | "ემოციებს უნდა გავუმკლავდეთ და ევროსაგზური მოვიპოვოთ" - კახა ცხადაძე
საქართველოს ნაკრებს არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი კარს მოადგა. 21 მარტს, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“, ჩვენი გუნდი უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ შეხვედრას ლუქსემბურგთან ჩაატარებს.
გამარჯვების შემთხვევაში, ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ფინალსაც უმასპინძლებს და იქ საბერძნეთისა და ყაზახეთის ნაკრებების წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. აი იქ მოგების შემთხვევაში კი, ჩვენი ნაკრები ევრო 2024-ის საგზურს მოიპოვებს.
ამ ისტორიული მატჩების წინ, belive-ის გუნდი არაერთ საინტერესო რუბრიკას შემოგთავაზებთ. მათ შორის, ინტერვიუების სერიას, საქართველოს ნაკრების ვეტერან ფეხბურთელებთან.
ამჯერად, ჩვენი სტუმარი, საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი პირველი კაპიტანი, შემდეგ კი მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე იქნება.
ვიდრე საქართველოს ნაკრებზე ვისაუბრებთ, თქვენს კარიერაში არსებულ სიახლეს შევეხოთ. აზერბაიჯანის ჩემპიონატში დაბრუნდით და „გაბალას“ მთავარი მწვრთნელი გახდით. როგორი გარემო დაგხვდათ გუნდში და რა მიზნისთვის აპირებთ მუშაობას?
„გაბალა“ საკმაოდ ისტორიული, ტიტულოვანი და წარმატებული გუნდია, როგორც აზერბაიჯანის მასშტაბით, ისე ევროტურნირებზე მოპოვებული ჯგუფური ეტაპის საგზურებით. ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა, ასევე პრეზიდენტი, რომელიც გუნდის მართვის კარგი მეთოდებით გამოირჩევა. არ ერევა სხვადასხვა ადამიანების პასუხისმგებლობაში, ენდობა მათ პროფესიონალიზმს და თავისუფლად მუშაობის საშუალებას აძლევს.
ასევე, გუნდში, ჩემამდე რამდენიმე დღით ადრე, მივიდა სპორტული დირექტორი, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ჩემთან ერთად ბაქოს „ინტერში“ მუშაობდა.
სწორედ ზემოთხსენებული მიზეზებია ის მოტივაცია, რომელმაც მე ამ გუნდში მოსვლის გადაწყვეტილება მიმაღებინა.
ამ ეტაპზე, მთავარი მიზანი ის არის, რომ გუნდმა აზერბაიჯანის ჩემპიონატში დარჩენა მოახერხოს.
ჩვენ (მე და გიორგი ჩიხრაძე) ვაცნობიერებთ, როგორ გუნდში მოვედით და რა მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. ასე რომ, მთავარი ამოცანა გუნდის რანგით ყველაზე მაღალ ლიგაში დარჩენაა, შემდეგ კი ვნახოთ.
საქართველოს ნაკრების განაცხადი უკვე შედგა. როგორ აფასებთ არსებულ შემადგენლობას?
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯაბა კანკავა გუნდში დაბრუნდა. ეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელების და ხელმძღვანელობის მხრიდან მიღებული ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა. მისი გამოცდილება, ბროლისუნარიანობა ჩვენს ნაკრებს ძალიან დაეხმარება.
ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელს ფიზიკურად ვერ მოამზადებ. აქ ის უკვე ისეთ კონდიციებში უნდა მოვიდეს, რომ 90 წუთის სათამაშოდ მზად იყოს. ფაქტია, რომ ყველა ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული, ამ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩებისთვის სრულფასოვნად სათამაშოდ მზად იქნება.
დანარჩენი, მწვრთნელი თავად დაალაგებს სათამაშო სქემას, ფორმაციას, შემადგენლობას და ასე შემდეგ. ეს ვილი სანიოლის პრეროგატივაა და ჩვენ მარჩიელობას ვერ დავიწყებთ. თავადაც, პრესკონფერენციის დროს ასე აღნიშნა და მეც მიმაჩნია, რომ მთავარი არის შედეგი: ჯერ ფინალში გასვლა და შემდეგ, ფინალში გამარჯვება. ევროპის ჩემპიონატზე უნდა ვითამაშოთ. ყველაფერს, ნაბიჯ-ნაბიჯ, გეგმაზომიერად უნდა გავყვეთ და წარმატებასთან მივიდეთ.
რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არსებობს, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების უდიდესი ძალაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ახლა, ასეთ, ძალიან მაგარ ფორმაშია. თუმცა, ის ფაქტი, რომ ლუქსემბურგთან შეხვედრაში კვარა მონაწილეობას ვერ მიიღებს, უკვე გასაგებია და ყველამ უნდა გადავხარშოთ. ამაზე, აქცენტი აღარ უნდა გაკეთდეს.
ვიფიქროთ იმაზე, რომ რა რესურსიც გვაქვს, იმის მაქსიმალური გამოყენებით ჩვენს მიზანთან მივიდეთ. გვყავს გიორგი ჩაკვეტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი მამარდაშვილი და ფეხბურთელები, რომლებსაც აქვთ კარგი სათამაშო პრაქტიკა, ფიზიკური კონდიციები და სათამაშო ფორმა. შესაბამისად, მატჩს პოზიტიურად ველოდებით.
ალბათ, მეტოქის სათანადოდ შეფასებაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება...
აუცილებლად. მეტოქე მაქსიმალურად უნდა დავაფასოთ და ფსიქოლოგიურად სწორად მოვემზადოთ. საშინაო კედლებში ვთამაშობთ, სტადიონი სავსე იქნება და მთელი ქვეყანა ამ მატჩის გარშემო ერთიანდება. ამიტომ, ფეხბურთელებმა, ამ საერთო ემოციებს სწორი მიმართულება უნდა მისცენ და გამარჯვება შეძლონ. მე მჯერა, ჩვენი ფეხბურთელების პროფესიონალიზმის და იმის, რომ ემოციებს საშუალებას არ მისცემენ ხელი შეუშალონ ამ მიზნისკენ სვლაში.
პოტენციურ მეტოქეებზეც ვისაუბროთ. ყაზახეთში გიმუშავიათ და მათი ფეხბურთის განვითარებასაც თვალს ახლოდან ადევნებდით.
საბერძნეთი ევროპის ჩემპიონი ქვეყანაა. ნაკრები, რომელსაც აქვს საკუთარი სათამაშო სტილი და ფილოსოფია, რომელსაც არასდროს ღალატობენ. ძალისმიერი, მაღალი წნეხით თამაში. ეს დაახლოებით ძველ ბრიტანულ ფეხბურთს წააგავს. თუმცა, მათ ყოველთვის ყავდათ გამორჩეული ინდივიდუალისტები.
რაც შეეხება ყაზახეთის ნაკრებს, ვფიქრობ ისინი საკმაოდ განვითარდნენ. სათამაშო სტილით საბერძნეთს საკმაოდ ჰგვანან. დანიის ნაკრებთან აგებდნენ და გამარჯვების მოპოვება შეძლეს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ყაზახეთი ბრძოლისუნარიანი ნაკრებია და საბერძნეთს ფინალში გასვლა გარანტირებული არ აქვს.
იმედი მაქვს, საქართველოს ნაკრებს წინ ორი ძალიან წარმატებული მატჩი ელოდება და მჯერა, მალე ერთად ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გასვლას ვიზეიმებთ.