Belive

ვილი სანიოლი: "მთავარი განვითარების გაგრძელება და სტაბილურობის შენარჩუნებაა"

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩების წინ, საქართველოს ნაკრების პრესკონფერენცია შედგა, სადაც მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა.

"გასული წლების განმავლობაში ძირითადად სამმცველიანი ტაქტიკური მინახაზით ვთამაშობთ. მე მიზანშეწონილად ტაქტიკის ხშირი ცვლა არ მიმაჩნია, უბრალოდ ალბანეთთან მატჩი გიორგი ქოჩორაშვილმა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა და იძულებულები ვიყავით, რომ ეს ცვლილება გაგვეკეთებინა. ზოგადად, ფეხბურთელებს, ნაკრებში ტაქტიკის ხშირი ცვლა არ უნდა უწევდეთ.

რა თქმა უნდა, ვხვდებით, რომ დაცვაში არაერთი ვეტერანი ფეხბურთელი გვყავს. ადრე, ამ პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი გამოვცადეთ: ალექსანდრე კალანდაძე, საბა ხვადაგიანი და სხვები. ამ მომენტში, საბა გოგლიჩიძე საქართველოს ნაკრების მომავალია, მასზე რამდენიმე თვის წინ არ ვსაუბრობდით, ახლა კი აქ არის და ამ შეკრებაზე სულ მცირე ერთ მატჩს ძირითადი შემადგენლობიდან ითამაშებს. მან "ემპოლის" შემადგენლობაში შანსი მიიღო და ამას იყენებს, ასე რომ, ნებისმერ დროს შესაძლებელია ველოდოთ, რომ ნაკრებში ახალი სახეები გამოჩნდნენ.

"ლიონისა" და "სენტ-ეტიენის" მატჩი ისტორიული დერბია, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქართველი ფეხბურთელების გამოა. ჩემი სიმპატიები "სენტ-ეტიენისკენაა" მიმართული და მათ წარმატებას გულით ვუსურვებ. კარგია, რომ ორივე მათგანი ფორმაშია, გიორგი მიქაუტაძე თავდაჯერებული ხდება და სათამაშო დრო ეზრდება. მისი თავდაჯერებულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როცა ასეა, ის ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ხდება.

ნიკა კვეკვესკირი და ანზორ მექვაბიშვილი ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან. წინა შეკრების დროს მათ ტრავმა ჰქონდათ, ახლა კი ჩვენს გუნდში დაბრუნდნენ. ამ პოზიციებზე კონკურენცია საკმაოდ კარგ დონეზეა, შოთა ნონიკაშვილი და სანდრო ალთუნაშვილი ასევე კარგ ფორმაში არიან.

ალბანეთთან მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ სათადარიგოთა სკამზე შემტევი რესურსის ნაკლებობა გვქონდა. ტაქტიკური ცვლილება განვახორციელეთ, რომელმაც არ გაამართლა, მაგრამ ამ მატჩს არაერთხელ ვუყურე და ვთვლი, რომ გაცილებით მეტს, სულ მცირე ქულის მოპოვებას ვიმსახურებდით.

ჩვენ გასული წლების განმავლობაში განსაკუთრებულ წარმატებას მივაღწიეთ, ლოგიკურია, რომ რაღაც მომენტში დადგებოდა დრო, რომელიც მაინცდამაინც არ გაგვახარებდა, მაგრამ ჩვენი მიზანი არის ის, რომ დავამტკიცოთ, ჩვენი ადგილი ნამდვილად აქ, ელიტარული დონის ნაკრებებთანაა. ეს ორი მატჩი ამის დასტური უნდა გამოდგეს.

ვფიქრობ, გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. ახლა ფეხბურთელებს გასულ პერიდოში მომხდარი წარმატების გადახარშვა სჭირდებათ, რაც მარტივი არ არის. ჩემი დავალება სწორედ ეს არის, ამას ვცდილობ, ავხსნა რომ მუდმივი შრომის და უწყვეტი განვითარების გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ამის მაგალითი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელსაც ბრწყინვალე სეზონის შემდეგ მცირე პერიოდი წარმატებული არ გამოუვიდა, მაგრამ ყველაფერი გაანალიზა და ისევ მაღალ დონეზე თამაშს აგრძელებს.

", - ამბობს ვილი სანიოლი.

ჩვენი გუნდი უკრაინის ნაკრებს 16 ნოემბერს, ბათუმში უმასპინძლებს, ხოლო 3 დღის შემდეგ ჩეხეთს სტუმრად შეხვდება.

სხვა სტატიები