ვილი სანიოლი: "ყველა საინტერესო ფეხბურთელის გამოძახება შეუძლებელია"
10 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი ივნისში გასამართი ამხანაგური შეხვედრების წინ პრესკონფერენციას მართავს.
"ირაკლი იეგოიანი ნიდერლანდებში ჩატარებული სტაბილური სეზონის შემდეგ მივიწვიეთ, მაგრამ მის გამოძახებაზე წლის დასაწყისიდანვე ვფიქრობდით. იეგოიანს თამაშზე გავლენის მოხდენა შეუძლია, მჯერა, მალე გუნდის წარმატებაში თავის წვლილს შეიტანს.
ამ ეტაპზე ამხანაგური შეხვედრებისთვის მეტოქეების მოძებნა მარტივი არ არის, განსაკუთრებით მსოფლიოს ჩემპიონატის წინ.
რუმინეთი ძლიერი ნაკრებია და რთულ მატჩს ველოდებით. ბაჰრეინთან შესაძლებელია, რომ სხვა ფეხბურთელებიც გამოვცადოთ.
ჩვენი ფეხბურთელებისთვის დატვირთული კალენდარია. ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის ფინალი ელის, ხოლო ზურიკო დავითაშვილს ლიგა 1-ის პლეიოფის გადამწყვეტი მატჩები. გიორგი ჩაკვეტაძემ და საბა გოგლიჩიძემ სეზონი ადრიანად დაასრულეს. ყველას ვესაუბრეთ და გავიგეთ, ვინ როგორ მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, ფინალის შემდეგ ხვიჩასთვის რუმინეთთან თამაში რთული იქნება, მაგრამ მითხრა, რომ გუნდთან ერთად ყოფნა სურს და ბაჰრეინთან მეორე მატჩისთვის მზად იქნება.
შეუძლებელია ყველა საინტერესო ფეხბურთელის გამოძახება, მთავარია, ყველა ფორმაში გვყავდეს. მაგალითად, გიზო მამაგეიშვილმა ნაკრებში სადებიუტო შეხვედრები კარგად ჩაატარა და კვლავ მოვიწვიეთ, შემოდგომაზე ოთარ კაკაბაძეც დაგვიბრუნდება.
გურამ კაშიას ვაფასებ როგორც ადამიანს და როგორც ფეხბურთელს. შესანიშნავი, წარმატებული კარიერა ჰქონდა. პირად ურთიერთობაშიც გამორჩეული პიროვნებაა და ძალიან დააკლდება გუნდს. ფრანგებს გვაქვს გამონათქვამი, ადამიანის დანაკლისს მაშინ შეაფასებ, როდესაც შენს გევრდით აღარ იქნებაო. კაშია კი ჩვენს ნაკრებს ნამდვილად დააკლდება.
მიმაჩნია თუ არა კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად? მას ხშირად აკრიტიბენდნენ იმის გამო, რომ მხოლოდ დიდ თამაშებში იხარჯებოდა ბოლომდე, შედარებით პატარა მატჩებში კი ასე თავს ვერ ავლენდა. ხვიჩაში მომეწონა, რომ ამას არ პასუხობდა, გააგრძელა შრომა და კრიტიკოსებს პასუხი თამაშით გასცა. ძალაიან ვაფასებ მის პროფესიონალიზმს. არ ვიცი, ახლა მსოფლიოში საუკეთესოა თუ არა, მაგრამ თუ ასე გააგრძელებს შრომას, ოქროს ბურთს დაიმსახურებს", - ამბობს ვილი სანიოლი.
საქართველოს ნაკრები 2 ივნისს რუმინეთს, ხოლო 5 რიცხვში ბაჰრეინს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა შეხვდეს.