Belive

ვილი სანიოლი: "მინდა საქართველოში რაც შეიძლება დიდი დრო გავატარო"

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა FIFA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში რამდენიმე თემის შესახებ საინტერესოდ ისაუბრა.

"ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურის მოპოვების შემდეგ პირველი ორი-სამი კვირის განმავლობაში საკუთარ თავს ვეკითხებოდით: "ნუთუ ეს მართლა მოხდა?".

ფეხბურთისგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში პაუზა მქონდა აღებული, რადგან არის მომენტები, როცა ოჯახი პირველ პოზიციაზე უნდა დააყენო და პრიორიტეტები განსაზღვრო. შემდეგ ჩემს თავს ვუთხარი, რომ ისეთი შემოთავაზება, რომელიც რაიმე უჩვეულო პროექტს შეიცავდა, აუცილებლად უნდა მიმეღო, უნდა მემუშავა მწვრთნელად და ბედნიერი ვყოფილიყავი.

იმ ეტაპზე ახალგაზრდული ძალის შეტანა გუნდში მნიშვნელოვანი გახლდათ. ჩვენ როგორც აღმასვლის, ისე დაღმასვლის პერიოდები გვქონდა, მაგრამ ფეხბურთის ფედერაცია მხარს მიჭერდა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებში მე და ჩემი გუნდი მივედით, გუნდს თავისი არსებობის ისტორიაში საუკეთესო გამარჯვების პროცენტული მაჩვენებელი აქვს.

ფედერაციამ რამდენიმე წლის წინ განახორციელა კარგი იდეები ინფრასტრუქტურისა და აკადემიების კუთხით. მანამდე იყო დრო, როდესაც ბავშვებისთვის სტადიონიც კი არ იყო დარჩენილი.

ჩემს მოთამაშეებს უყვართ მხიარული, პატარა ისტორიების მოსმენა ჩემი კარიერიდან, მაგრამ თუ თქვენ მხოლოდ იმაზე ისაუბრებთ, რაც გააკეთეთ წარსულში და ამით რაღაცის ახსნას შეეცდებით, მაშინაც კი, თუ მოთამაშეები პატივს გცემენ, მათ ეს არ აინტერესებთ. ისინი იფიქრებენ: „შენ მოიგე რაღაც, ეს კარგია შენთვის“, მაგრამ ეს არ დაეხმარება მათ პრობლემების მოგვარებაში.

საქართველოს აქამდე ევროპის ჩემპიონატზე არასდროს უთამაშია, საბერძნეთთან გამარჯვების მეორე დღეს კი ხალხი უკვე მერვედფინალში გასვლაზე საუბრობდა. ეს აზროვნების ერთგვარი ფორმაა: ან ყველაფერი ან არაფერი.

ვფიქრობ სისულელე იქნება თუ ვიტყვი, რომ ამა და ამ მიზნისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ესა და ეს მატჩი მოვიგოთ. მთავარია, რომ საქართველოში ფეხბურთზე კარგი შთაბეჭდილება შევქმნათ და 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებულად ჩავატაროთ.

ჩემამდე საქართველოს ნაკრების მწვრთნელები გარკვეული ეტაპის შემდეგ გუნდს იცვლიდნენ, ჩემი მიზანი კი აქ რაც შეიძლება მეტი დროს გატარებაა. მე მჯერა, რომ ადგილობრივ კულტურას რეალური მნიშვნელობა აქვს ნაკრების თამაშზე და ჩემთვის ამის გაგება მნიშვნელოვანი გახლავთ", - თქვა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა არსებობის ისტორიაში პირველად დიდი ტურნირის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. ევრო 2024-ის პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 18 ივნისს, თურქეთთან, დორტმუნდში, "სიგნალ იდუნა პარკზე" გამართავს.

სხვა სტატიები