ვილი სანიოლი: "შეკრებით კმაყოფილი ვარ, პროცესის ლოგიკური გაგრძელება ბაჰრეინთან მატჩია"
2 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ბაჰრეინთან გასამართი ამხანაგური მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი პრესკონფერენციას მართავს და მოახლოებული შეხვედრის შესახებ საუბრობს.
"წინა მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის ძირითად შემადგენლობაში 5-6 ცვლილება იქნება.
ბაჰრეინის ნაკრებმა აზიაში ჩატარებულ ტურნირებში გასულ პერიოდში კარგი შედეგები დააფიქსირა. საინტერესოა, ახალ განსხვავებულ მეტოქეებთან თამაში. ჩვენს მეტოქეს და მათთან თამაშს სერიოზულად უნდა მივუდგეთ.
გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ არ გავრისკოთ და ბაჰრეინთან შეხვედრაში ის დაისვენებს, შემდეგი კვირიდან კი უკვე ვარჯიშის განახლებას შევძლებთ.
ჩემი აზრით, რუმინეთთან ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ დასკვნით ფაზაში, გოლად ქცევა გაგვიჭირდა. ისევ მინდა ვთქვა, რომ ეს გასული წლის განმავლობაში საუკეთესო მატჩი გახლდათ, რომელიც ჩავატარეთ. იმედი მაქვს, ბაჰრეინთან მატჩში უკეთ რეალიზებას მოვახერხებთ და შედეგიც უკეთესი გვექნება.
ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი შეკრება გვქონდა. კმაყოფილი ვარ ფეხბურთელებით, შედეგი არის ის, რაც რუმინეთთან ვნახეთ, ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება ხვალინდელ მატჩში გამარჯვება უნდა გამოვიდეს.
გიორგი მამარდაშვილს საკმაოდ რთული სეზონი ჰქონდა, ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების კარს ლუკა გუგეშაშვილი დაიცავს.
ანდრია ბართიშვილი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. მე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მატჩს ვუყურე და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. თანამედროვე ფეხბურთში იმისთვის, რომ მოთამაშემ წარმატებას მიაღწიოს, ტექნიკურ შესაძლებლობებთან ერთად მნიშვნელოვანი მენტალური მზაობაა, რისი მაგალითიც ხვიჩა კვარაცხელიაა. იმედია, ანდრია ბართიშვილიც გააგრძელებს ზრდას, განვითარებასა და პოტენციალის გამოვლენას.
გიორგი მიქაუტაძეს და ვილიარეალს წარმატებული სეზონი ჰქონდათ. ის ძალიან კარგად მოერგო ახალ გუნდს და მის გამო გახარებული ვარ. მამარდაშვილის ტრანსფერი ლივერპულში ყველას ძალიან გაგვიხარდა, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და დიდი გუნდია, მაგრამ ყველა ფეხბურთელისთვის უმნიშვნელოვანესია სათამაშო პრაქტიკა, ამიტომ ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, თუ გუნდს შეიცვლის", - ამბობს ვილი სანიოლი.
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 5 ივნისს უნდა შეხვდეს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.