ვილი სანიოლი: "ახალ ტაქტიკაზე დროულად გადავდივართ, სამომავლო წინსვლისთვის ასე უკეთესია"
2 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები ბულგარეთს შეხვდება.
მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწრვთნელი, ვილი სანიოლი პრესკონფერენციას მართავს და მოახლოებული შეხვედრის შესახებ საუბრობს.
"ჯერ კიდევ არ მესმის, რატომ მივიღე წითელი ბარათი. მოგეხსენებათ, მატჩის დროს მწვრთნელის საქმიანობა მარტივი არ არის. ხშირად, გიჩნდება შეკითხვები მსაჯებთან, საპასუხოდ კი მხოლოდ იმას იღებ, რომ უნდა დაწყნარდე და დამშვიდდე. ამის შემდეგ, ხშირად ხდება, რომ მწვრთნელი წონასწორობას კარგავს. ადეკვატურ პასუხებს ვერ ვიღებთ, ისეთი სიტუაციაა, როგორც სკოლაში.
არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ყველა შეცვლა გამომეყენებინა. იმ ფეხბრუთელებმა, რომლებმაც ითამაშეს, იბრძოლეს და თამაშის დინამიკა შემოატრიალეს, შესაძლებლობა არსებობდა, რომ ანგარიში შემოგვებრუნებინა.
ამ სათამაშო სისტემით ჩვენ მარტიდან მოყოლებულები ვთამაშობთ. ვფიქრობ, დაცვის ოთხ ფეხბურთელზე გადასვლა სწორი და დროული გადაწყვეტილება გამოდგა. დავინახეთ, რომ სამი ცენტრალური მცველის პირობებში, ისე კარგად ვეღარ ვთამაშობდით. გუნდში თაობათა ცვლა მიმდინარეობს, ამიტომ, ვცდილობთ, რომ არამხოლოდ ამ მომენტისა და ამ შეხვედრებისთვის, არამედ გუნდის სამომავლო წინსვლისათვის, აუცილებელია, რომ ახლავე გადავიდეთ ახალ სათამაშო სისტემაზე.
შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება, რადგანაც ბულგარეთი თურქეთის ნაკრებისგან განსხვავებული სტილის გუნდია. არა რადიკალური, მაგრამ გარკვეული ცვლილებები იქნება. შევეცდებით, თამაში უფრო მეტად ორგანიზებულად დავიწყოთ.
მიხარია, რომ მატჩისთვის ტრიბუნიდან თვალის დევნების საშუალება უფასოდ მექნება. ამისთვის მსაჯებს მადლობას ვუხდი.
ბულგარეთის ნაკრების რამდენიმე მატჩს თვალი ვადევნე და ვნახე, რომ ჩვენი შეხვედრის შემდეგ გაუმჯობესებული და უკეთ ორგანიზებული გუნდია", - ამბობს ვილი სანიოლი.
საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 7 სექტემბერს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.