ვასილიოს გორდეზიანი: "მეტოქე ძლიერია, მაგრამ არავისი გვეშინია"
გასული წლების განმავლობაში, ქართულ ფეხბურთს რამდენიმე ისეთი ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშე შეემატა, რომელმაც საფეხბურთო კარიერა ქვეყნის ფარგლებს მიღმა დაიწყო. ერთ-ერთი მათგანი, 22 წლის ცენტრალური თავდამსხმელი, ვასილიოს გორდეზიანია. ფეხბურთელი, რომელიც თესალონიკში დაიბადა და ამავე ქალაქში მდებარე ბერძნული ფეხბურთის ერთ-ერთი წამყვანი გუნდის, "პაოკის" აკადემიაში აღიზარდა.
"პაოკის" სარეზერვო გუნდში წარმატებული თამაშის შემდეგ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს, რომელთან ერთადაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლას უახლოვდება, ამის მერე კი "დინამო თბილისის" წევრიც გახდა.
კარიერაში მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ, ქართველ ფორვარდს 21-წლამდელთა შემადგენლობაში შეკრების დაწყებამდე ვესაუბრეთ.
გილოცავ საქართველოს თასის ფინალში გასვლას, როგორ შეაფასებ ფოთის „კოლხეთი 1913-თან“ ნახევარფინალურ მატჩს და ზოგადად, თასის ფინალამდე განვლილ გზას?
როგორც ნახევარფინალური, ისე ყველა მატჩი, რომელიც საქართველოს თასზე ამ სეზონში ჩავატარეთ, ძალიან ძნელი გამოვიდა, რადგან ძლიერი მეტოქეები გვერგო. ის, რომ ფინალში გავედით, უდიდესი შრომის და ფეხბურთელების მხრიდან საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის დამსახურებაა.
წელს „დინამო თბილისს“ ჩემპიონატში განსაკუთრებულად წარმატებით საქმე არ მისდის, სამაგიეროდ თასზე ფინალში გასვლა შეძელით, სავარაუდოდ გუნდმა სეზონის დასაწყისიდანვე აქცენტი თასზე წარმატების მიღწევაზე გააკეთა.
დიახ, სეზონი ჩვენთვის სასურველი მიზნისაკენ მიმავალ გზაზე სიარულით ვერ დავიწყეთ. სხვაგვარად ვგეგმავდით და ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც გვსურდა: მატჩებში სასურველი შედეგი ვერ დავაფიქსირეთ. სამაგიეროდ, ვაგრძელებთ ბრძოლას და თასის მოგებისაკენ მივიწევთ. ახლა გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაშია, საკუთარ სახეს და იდენტობას მეტოქეს ვაჩვენებთ, რაც მეტწილად იმის დამსახურებაა, რომ ყველა ცდილობს 100%-ით დაიხარჯოს.
შენთვის საქართველოში დაბრუნების შემდეგ სადებიუტო სეზონია. რამდენად მარტივად შეძელი „დინამო თბილისთან“ ადაპტირება, ახალ გარემოსთან, თანაგუნდელებთან, ჩემპიონატთან და ზოგადად, ქართულ ფეხბურთთან?
როცა საქართველოში ჩამოვედი, რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი დამხვდა, რომელსაც აქამდე ვიცნობდი და ამან საქმე გამიმარტივა. ახალ გარემოსთან შეგუება ჩემთვის განსაკუთრებულად რთული არ ყოფილა. მატჩიდან მატჩამდე თავს უკეთ ვგრძნობდი და ყველაფერი უფრო მეტად მიმარტივდებოდა.
საქართველოს ჩემპიონატი მარტივად სათამაშო ნამდვილად არ გახლავთ. აქ საკმაოდ დიდი დაძაბულობა და კონკურენციაა. ასევე, ყველა გუნდი ცდილობს, რომ "დინამო თბილისთან" გაიმარჯვოს და განსხვავებული მოტივაციით თამაშობენ. აქედან გამომდინარე, ყველა მატჩი რთული გამოდის. შენც იძულებული ხარ, რომ მაქსიმუმი გააკეთო, სხვანაირად წარმატებას ვერ მიაღწევ.
შენი საფეხბურთო კარიერა საბერძნეთში დაიწყო, როგორც ფეხბურთელი იქ ჩამოყალიბდი. რა არის ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები, რაც როგორც ფეხბურთელმა საბერძნეთში და კერძოდ “პაოკის” აკადემიაში შეიძინე?
"პაოკს" საბერძნეთში საუკეთესო აკადემია აქვს. ძალიან პატარა, პრაქტიკულად ბავშვი ვიყავი, როცა ამ გუნდის აკადემიაში მივედი და ყველაფერი, ფეხბურთის შესახებ სწორედ იქ ვისწავლე. გუნდმა ძალიან ბევრი რამ მომცა და აქ როგორც ფეხბურთელი ჩამოვყალიბდი. ის, თუ როგორი ფეხბურთელი ვარ, მთლიანად "პაოკის" დამსახურებაა და ყველაფრისთვის, რაც იქ ვისწავლე, მათი მადლიერი ვარ.
ალბათ, “დინამო თბილისში” გადმოსვლამდე სხვა შემოთავაზებებიც არსებობდა, მაგრამ აქცენტი “დინამოზე” გააკეთე. რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება?
"დინამო თბილისი" ძალიან დიდი გუნდია და შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის რთული არ ყოფილა. ასევე, 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ მითხრა, რომ ეს ჩემი კარიერის განვითარებისათვის სწორი და კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა.
ნაკრები ახსენე, "დინამომდე" სწორედ 21-წლამდელთა გუნდში მოხვდი. რამდენად მარტივად მოახერხე გუნდთან ადაპტაციის გავლა?
ნაკრებში გამოძახებისას ცოტას ვნერვიულობდი, რადგან ქართულ ენას გამართულად არ ვფლობდი და ეს გარკვეულ ბარიერს წარმოადგენს. როცა გუნდში ჩამოვედი, ფეხბურთელები და მწვრთნელები ძალიან თბილად დამხვდნენ, კარგად მიმიღეს და ამ ეტაპის გადალახვაში დამეხმარნენ.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია 21-წლამდელთა ნაკრებს დავეხმარო. გუნდს, რომელშიც ძალიან კარგი ატმოსფერო და გარემოა. გვყავს მთავარი მწვრთნელი, რომელიც ძალიან მეხმარება განვითარებაში და მისი ძალიან მადლობელი ვარ. მჯერა, რომ შეგვიძლია, ერთად ძალიან ბევრს მივაღწიოთ.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს წინ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფი და ხორვატიასთან ორი გადამწყვეტი მატჩი ელოდება. როგორ შეაფასებ აქამდე განვლილ გზას და მეტოქეს, რომელთან ბრძოლაშიც ევროპის ჩემპიონატის საგზური უნდა მოვიპოვოთ?
შესარჩევ ეტაპზე საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით და მარტივი არცერთი მატჩი არ ყოფილა. გუნდური სულისკვეთებით და ერთიანობით აქ სასურველი შედეგის დაფიქსირება და აქამდე მოსვლა შევძელით.
ახლა წინ ხორვატიასთან გადამწყვეტი მატჩები გველის. ვიცით მეტოქის ძალები და ვაცნობიერებთ, რომ რთული მეტოქე გვყავს, მაგრამ არავისი არ გვეშინია და ვეცდებით ყველას დავანახოთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია.