Belive

"მიქაუტაძე მრავალმხრივია და გუნდს ძალიან დაეხმარება" - Marca ვილიარეალის ინვესტიციას ამართლებს

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პოპულარული ესპანური მედია საშუალება Marca საქართველოს ნაკრებისა და ვილიარეალის ცენტრალური ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს. Marca ქართველი ფეხბურთელის მიერ ახალ გუნდში შესანიშნავ დაწყებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ვალენსიურმა გუნდმა გონივრული ინვესტიცია განახორციელა.

"დიდი ინვესტიცია ფეხბურთში გარანტირებულ წარმატებას არ ნიშნავს და ვილიარეალს ამის მაგალითები აქვს: არნაუ დანჯუმა (22.5 მილიონი ევრო) და პაკო ალკასერი (24.5 მილიონი ევრო). მიუხედავად იმისა, რომ დასკვნების გამოტანა ნაადრევია, ეჭვგარეშეა, რომ მიქაუტაძე ახალ გუნდში შთამბეჭდავად იწყებს.

ქართველი ფეხბურთელი გუნდის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახლავთ, 30 მილიონი ევრო მათ ისტორიაში სარეკორდო თანხაა და თუ გავითვალისწინებთ, რომ მას ადაპტაციისთვის დრო პრაქტიკულად არ ჰქონია, მიქაუტაძის თამაში როგორც სტატისტიკის, ისე მოედანზე ნაჩვენები სანახაობის თვალსაზრისით შთამბეჭდავი გახლავთ. 3 გოლით და 1 საგოლე პასით ის კასტელონურ გუნდში გადასვლის შემდეგ ყველაზე გადამწყვეტი მოთამაშეა.

მიქაუტაძემ ლა ლიგის ხუთ და ჩემპიონთა ლიგის ორ მატჩში მონაწილეობა მიიღო და ამ ტურნირზე თავის გამოჩენაც მოახერხა, სადაც ტურინის იუვენტუსთან სეზონის სადებიუტო ქულის მოპოვებაში მისმა გატანილმა გოლმა მნიშვნელოვანი წვლილი ითამაშა.

მიქაუტაძე მრავალმხრივი მოთამაშეა გოლის დიდებული ალღოთი და დამაგვირგვინებელ ფაზაში ბრწყინვალე მოქმედებით. გვჯერა, რომ მას შეუძლია ბევრი გოლის გატანა და კარგი თამაში, რითაც გუნდს ქულების მოპოვებაში დაეხმარება", - წერს Marca.

საქართველოს ნაკრების ცენტრალურ ფორვარდს ახალ სეზონში ყველა ტურნირზე 4 გოლი აქვს გატანილი და 1 საგოლე პასი გაკეთებული (ლიონისა და ვილიარეალის შემადგენლობაში). ახალ სეზონში მიქაუტაძემ გოლის გატანა საქართველოს ნაკრებშიც მოახერხა და მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში ბულგარეთთან გამარჯვებაში წვლილი შეიტანა.

სხვა სტატიები