ვარდან მინასიანი: "ქართულ-სომხური დუელი ყოველთვის განსაკუთრებული მატჩია, ფავორიტი არ გვყავს"
საქართველოს ნაკრები 2025 წელს უეფას ერთა ლიგის B და C ლიგებს შორის გასამართი პლეი-ოფის მატჩებით დაიწყებს. ჩვენი მეტოქე სომხეთის ნაკრები იქნება. სამხრეთკავკასიური დერბი, რომლის არაერთი საინტერესო ეტაპიც გვინახავს, ამჯერად გადამწყვეტი შეხვედრების ეგიდით გაიმართება.
მეზობელი ნაკრებების მორიგი მატჩის წინ, გამოცდილ სომეხ სპეციალისტს, ვარდან მინასიანს ვისაუბრეთ. თავისი ქვეყნის 5-გზის ჩემპიონი მწვრთნელი, რომელიც არაერთ სომხურ და ყაზახურ გუნდში მუშაობდა, სანაკრებო დონეზე დიდ გამოცდილებასაც ფლობს. ვარდან მინასიანს 2007 წელს სომხეთის ნაკრებში დროებითი მწვრთნელის ფუნქციების შესრულების უფლება ანდეს, შემდეგ კი გუნდი მთავარი მწვრთნელის რანგში ჩააბარეს. 4-წლიანი ეტაპის შემდეგ, მინასიანი ნაკრებს მესამე ვადით, ოღონდ ტექნიკური დირექტორის სტატუსით 2017 წელს დაუბრუნდა. 2018 წელს მან გუნდს კიდევ 4 მატჩის განმავლობაში უმწვრთნელა, სულ კი სომხეთის ნაკრებს ვარდან მინასიანის ხელმძღვანელობით 45 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
ვარდან მინასიანს, რომელიც ახლა "არარატ-არმენიას" მთავარი მწვრთნელია, შეხება ქართულ ფეხბურთთანაც აქვს, 51 წლის სპეციალისტი 2023 წელს ეროვნულ ლიგაში მუშაობდა და "თელავს" ხელმძღვანელობდა. ჩვენთან ინტერვიუში ვარდან მინასიანი მოახლოებული მატჩების მნიშვნელობასა და ქართული და სომხური ფეხბურთის შესახებ საუბრობს.
თქვენ სომხეთის ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მწვრთნელი ხართ და ქართულ ფეხბურთთან შეხებაც გქონიათ, საინტერესოა თქვენი აზრი მოახლოებული მატჩების შესახებ.
ამ მომენტში საქართველო უფრო ძლიერი ჩანს, ვიდრე სომხეთი. ასევე, თქვენი გუნდი უფრო გამოცდილია. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ შანსები 50/50-ზეა.
ქართული და სომხური ფეხბურთის დუელი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიდან იღებს სათავეს, როცა თბილისის "დიანამო" და ერევნის "არარატი" ერთმანეთს ხვდებოდნენ. როგორ ფიქრობთ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რამდენად სწორად განვითარდა როგორც სომხეთის, ისე საქართველოს საფეხბურთო ცხოვრება და დღეს როგორ შეიძლება მათი ერთმანეთთან შედარება?
საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული, "დინამოსა" და არარატის თამაშები ყოველთვის მოედანზე დიდი დუელი გახლდათ. სავსე სტადიონით, მაყურებლებით, მატჩების დროს დიდი დაძაბულობით.
რა თქმა უნდა, მოედნის გარეთ ფეხბურთელები მეგობრები იყვნენ და მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
სომხურ და ქართულ ფეხბურთს როცა ვადარებ, შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც პერიოდში თქვენი გუნდი უკეთესი გახლდათ, ისევე, როგორც ახლა, რაღაც პერიოდში კი ჩვენი ნაკრები, როგორც 2010-დან 2014 წლამდე.

ამ მატჩების წინ, სომხეთის ნაკრებს გარკვეული პრობლემები აქვს, დანაკლისი შემადგენლობაში და ტრავმირებული ედუარდ სპერტსიანი, ასევე ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრებში თამაშზე უარს აცხადებენ. როგორ ფიქრობთ, რა გავლენას იქონიებს ეს სომხეთის ნაკრების თამაშზე?
რა თქმა უნდა, ამ მატჩებში სომხეთის ნაკრებში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე ვერ გვეხმარება.
ამავე დროს, გვყავს ახალი სამწვრთნელო გუნდი, რომელსაც დრო დასჭირდება, რომ კარგად გაერკვეს და განახორციელოს თავისი იდეები გუნდში. იმედი მაქვს, ჩვენი გუნდი სასურველი შედეგის მისაღებად ყველაფერს გააკეთებს.
სომხეთის ნაკრებში თაობათა ცვლა მიმდინარეობს: ის ფეხბურთელები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ერთად თამაშობდნენ, ნელ-ნელა კარიერას ასრულებენ, მაგალითად ჰენრიხ მხითარიანი, ლუკას ზელარაიანი და სხვები, ამავე დროს მოდიან ახალგაზრდები, ედუარდ სპერტსიანი, რომლის დამატებაც მადრიდის "ატლეტიკოს" სურს. როგორია გზა თაობათა ცვლისკენ და ახალ, მწვრთნელთან ერთად რა შედეგს უნდა ელოდოს სომხეთის ნაკრები?
დიახ, ახლა ჩვენ გვყავს ახალი თაობა და შემიძლია ჩვენი ნაკრების ორი გუნდი, ადრინდელი და ახლანდელი ერთმანეთს შევადარო. შემიძლია ვთქვა, რომ ახლა ჩვენ გვყავს კარგი გუნდი, რომელსაც ასევე კარგი მომავალი აქვს. გუნდი, რომელსაც შეუძლია ძალიან მიმზიდველი და შემტევი ფეხბურთის თამაში, გუნდი კარგი ბალანსით ყველა ხაზში.
რას იტყვით ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელზე, ჯონ ვანტ სხიპზე, რამდენად კარგი კანდიდატურაა ის სომხეთის ნაკრების ამჟამინდელი ფორმაციისთვის?
ახალ სამწვრთნელო გუნდზე შემიძლია ის ვთქვა, რომ, ნიდერლანდური და სომხური ფეხბურთის თამაშის ფილოსოფიას ბევრი მსგავსება აქვს და იმედი მაქვს, რომ გუნდი წარმატებას მიაღწევს. ახალ მთავარ მწვრთნელს წარმატებებს ვუსურვებ.

2024 წელი საქართველოს ნაკრების ისტორიაში გამორჩეული გამოდგა, სადებიუტოდ ევროპის ჩემპიონატზე თამაში და მერვედფინალში გასვლა, ზედიზედ მეორედ ახალგაზრდული ევროზე მოხვედრა. თქვენი აზრით, რა განაპირობებს ქართული ფეხბურთის წინსვლას?
ვფიქრობ, თქვენ ძალიან დიდი სამუშაო გასწიეთ ორივე ფლანგზე: როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. ამავე დროს, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეს წარმატება ახლა არ დაწყებულა, არამედ რამდენიმე წლის წინ.
როგორც ვიცი, ახალგაზრდულ ფეხბურთს გაცილებით მეტ ყურადღებას აქცევთ, ასევე ინფრასტრუქტურაში, სტადიონებისა და სავარჯიშო მოედნების მშენებლობაში ინვესტირებას ახდენთ, არამხოლოდ თბილისში, არამედ სრულიად საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ვფიქრობ, მენეჯმენტიც ძალიან კარგ დონეზე მუშაობს.

"თელავში" თქვენი მუშაობა რომ გავიხსენოთ: მცირე დრო გაატარეთ, მაგრამ ჩემპიონატი გაიცანით, შემდეგ არარატში ქართველი ფეხბურთელებიც მიიწვიეთ და ამ ჩემპიონატში ნათამაშები ლეგიონერებიც დაიმატეთ, რამდენად მოგეწონათ საქართველოს ჩემპიონატი, რა სხვაობაა ჩვენს ლიგებს შორის და როგორ ფიქრობთ, რატომ ახერხებენ "ნოა" და სხვა სომხური გუნდები ევროტურნირებზე წარმატებით თამაშს?
დიახ, მართალი ხართ, საქართველოში ძალიან ცოტა დრო მქონდა სამუშაოდ, მაგრამ რამდენიმე რამ შევიტყვე. ორ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს გამოვყოფ.
საქართველოს ეროვნულ ლიგაში გაცილებით ნაკლები ლეგიონერია, ვიდრე სომხეთის ჩემპიონატში. რა თქმა უნდა, კარგ უცხოელებს მეტი ხარისხი, მეტი გამოცდილება, მეტი რამ მოაქვთ ევროპული ფეხბურთიდან, გუნდს ეხმარებიან და ასევე ეხმარებიან ახალგაზრდებს საკუთარი თავის განვითარებაში.
მეორე საკითხია გუნდური თამაში, რასაც სომხეთის ჩემპიონატის გუნდებში გაცილებით მეტი ყურადღება ექცევა. აქცენტი პოზიციურ თამაშსა და ტაქტიკურ განსწავლულობაზე კეთდება. საქართველოში, გაცილებით მეტი ასპარეზი ეთმობა ინდივიდუალიზმს, სხვადასხვა სათამაშო ეპიზოდებში გადაწყვეტილებების მიღებისას, ფეხბურთელებს აქვთ მეტი თავისუფლება და მათი ტექნიკური შესაძლებლობები უფრო მეტად ჩანს.
დიახ, სომხურ გუნდებს ევროპულ ტურნირებში მეტი წარმატება აქვთ, მაგრამ არ ვიცი რა არის ამისთვის სწორი ან არასწორი გზა, ფაქტია, რომ მეთოდები მუშაობს.
უახლოესი მატჩის სათამაშო სცენართან დაკავშირებით როგორია თქვენი პროგნოზი?
როგორც ვთქვი, არ აქვს მნიშვნელობა როგორ პირობებში და ფორმაში არიან გუნდები: თამაში ორივესთვის რთული იქნება, შედეგი კი არაპროგნოზირებადია.