მამადუ სახო: "პსჟ-ს და ლივერპულის საოცარ მატჩს საქართველოდან ვუყურებ, სადაც ყოფნა ძალიან მომწონს"
21 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ქუთაისის "ტორპედოს" ცენტრალური მცველი, მამადუ სახო საქართველოს ეროვნული ლიგის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლეგიონერია.
თავისი ქვეყნის ნაკრების ვეტერან წევრ ფრანგ ფეხბურთელს კარიერის ორი გამორჩეული ეტაპი "პსჟ-სა" და "ლივერპულში" აქვს გატარებული. ამ ორი გუნდის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას მონაწილეობით გასამართი საპასუხო მატჩის წინ 35 წლის ფეხბურთელი ბრიტანულ მედიასთან საუბრობს. უშუალოდ მატჩის გარდა, ინტერვიუში მამადუ სახო საქართველოში ცხოვრების დეტალებსაც აქცევს ყურადღებას.
"საქართველოში ვიქნები ჩემს სახლში ოჯახთან ერთად და ვუყურებ ამ ლამაზ თამაშს. განსაკუთრებული მატჩი იქნება.
ჩემთვის ეს მატჩი კიდევ უფრო მეტად განსაკუთრებულია, მშობლიური ქალაქის გუნდი თამაშობს. მიყვარს პარიზი, რომელშიც დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ "ლივერპულში" კარიერის გამორჩეული პერიოდი გავატარე. ეს ჩემი მეორე სახლია, გუნდი და გულშემატკივარი, რომელთანაც განსაკუთრებული კავშირი მაქვს. ორივე გუნდს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ და მაღალი დონის თამაშს ვადევნებ თვალს. მე არ შემიძლია მხარეების არჩევა, სანახევროდ ორივე მხარეს ვარ.
საწყისი მატჩის შემდეგ, ცხადია ყველას იდენტური აზრი გვაქვს: "პსჟ-ს" უამრავი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ალისონმა "ლივერპული" არაერთხელ გადაარჩინა. შეხვედრა ინგლისელებმა მოიგეს და მთავარი სწორედ ესაა: გამარჯვება.
რთულ მატჩს ველოდი და ახლაც ასეა, "პსჟ-მ" "ენფილდზე" ძალიან რთული შეხვედრა უნდა გამართოს. რომც მოიგონ, მათ ეს შეხვედრა ყოველთვის ემახსოვრებათ.
შესაძლებელია, ბევრს გაუკვირდეს ჩემი ტრანსფერი, მაგრამ მე საქართველო ძალიან მომწონს. წინა ზაფხულს, ბევრი ქვეყნიდან, მათ შორის, ბრაზილიიდან, პორტუგალიიდან, იტალიიდან შეთავაზებები მქონდა, მაგრამ "ტორპედოში" გადასვლა ვარჩიე. საქართველო ყველაზე კარგი ვარიანტი გამოდგა, ჩემამდე რამდენიმე კვირით ადრე იქ ჩემი ოჯახი გავუშვი და ისინი მოხიბლულები დარჩნენ. ნახეს საერთაშორისო სკოლა, ისეთი, როგორიც ცხოვრებაში არ მინახავს. ლამაზი ქალაქები, ლამაზი დედაქალაქი, მათ აქვთ პლაჟიც და სათხილამურო კურორტებიც. ასე რომ, ვფიქრობ, ჩემს ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდე, რომ ჩემი ოჯახი კარგ მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, აქ პროექტმაც ძალიან დამაინტერესა.
დუბაიში ჩემი ბიზნესი დავიწყე, სადაც ფრენას აქედან მხოლოდ 3 საათი სჭირდება. ყველაფრის გათვალისწინებით, ჩემი არჩევანით კმაყოფილი ვარ", - ამბობს მამადუ სახო.
საწყის მატჩში "ლივერპულმა" "პსჟ-ს" 1:0 აჯობა, საპასუხო შეხვედრა კი 12 მარტს, "ენფილდზე" გაიმართება და თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.