Belive

"ვამაყობ, რომ ქართველი ვარ, ბრძოლა ჩვენი მენტალიტეტია" - ხვიჩა კვარაცხელია UEFA-ს ესაუბრა

8 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია UEFA-ს ოფიციალურ გვერდს ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული ფინალის წინ ესაუბრა.

"მოედანზე მშვიდად და რელაქსირებულად რომ გამოიყურებოდე, ისეთი მარტივი არ არის, როგორც  ჩანს, რადგან როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე სხვადასხვა გუნდების პირისპირ თამაშობ, ყველას შეუძლია იყოს შესანიშნავი და მათ წინააღმდეგ გოლის გატანა მართლაც რთულია. თუმცა, მე მყავს საოცარი თანაგუნდელები, რომლებსაც შეუძლიათ შემიქმნან ისეთი მომენტები, სადაც მე მხოლოდ დარტყმა და გოლის გატანა მიწევს.

ვფიქრობ, ხანდახან იმაზე მეტ ემოციას გამოვხატავ, ვიდრე საჭიროა, ხანდახან კი იმაზე ნაკლებს, ვიდრე უნდა გამოვხატავდე. ეს განწყობაზეა დამოკიდებული, თუმცა მოედანზე ყოველთვის 100%-ით ვიხარჯები და ხანდახან ემოციებმა შეიძლება იმაზე მეტად დაგაფიქროს, ვიდრე ჩვეულებრივ. როდესაც გოლი გაგაქვს, ეს ემოცია საუკეთესოა. ყოველ ჯერზე, როცა მოედანზე გავდივარ, მინდა ეს ემოცია განვიცადო.

ვფიქრობ, შარშანდელი სეზონის შემდეგ, გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა, რადგან ბევრმა მეტოქემ იცოდა, როგორ ვთამაშობდით გასულ წელს. ისინი ცდილობდნენ ჩვენი სტრატეგიების ბლოკირებას, თუმცა ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია ვიპოვოთ წარმატების გასაღები ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ კარგად სათამაშოდ. ჩვენ მათ პატივს ვცემთ, მაგრამ ვიცით, რომ გვაქვს ისეთი ხარისხი, რომლითაც ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია. უბრალოდ ჩვენს თამაშზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია და სწორედ ამის გაკეთებას ვცდილობთ ყოველთვის. გარკვეულწილად ყველაფერი იგივეა, რადგან გასულ სეზონში შესანიშნავი სამუშაო შევასრულეთ და ვცდილობთ, მიმდინარე წელსაც ბრწყინვალე სეზონი გვქონდეს.

ვიცით, რომ მოქმედი ჩემპიონები ვართ. წლევანდელი გათამაშების დასაწყისი ისე არ წარიმართა, როგორც გვინდოდა. ამდენი მატჩის შემდეგ ბევრი დასვენება არ მოგვიწია, ამიტომ მალევე იმ ფაქტის გაანალიზება მოგვიხდა, რომ ყველასთვის კვლავ უნდა გვეჩვენებინა, რომ გასულ სეზონში ამ ტურნირის მოგება დავიმსახურეთ. თავიდან გაგვიჭირდა, თუმცა სეზონის შუა პერიოდში მივხვდით, რომ მინიმუმ იმის გაკეთება შეგვეძლო, რაც ყველაზე კარგად გამოგვდის. ასე რომ, ჰარმონიულად ავთამაშდით, გავაგრძელეთ მოგებები და ფინალში გავედით.

ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ გვესმის, რომ მოქმედი ჩემპიონები ვართ და შეგვიძლია კვლავ გავიმარჯვოთ. რა თქმა უნდა, ეს რთული იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია, თუკი ჩვენს თამაშს ვითამაშებთ და მოედანზე მაქსიმუმს გავიღებთ.

ზოგი ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩებში გუნდში მეტი წვლილი შემაქვს, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ. არის მატჩები, როდესაც შეიძლება გოლის გატანა ან საგოლე გადაცემის გაკეთება ვერ მოახერხო, მაგრამ გუნდს მაინც მაქსიმალურად დაეხმარო, რაც ზუსტად ის სტრატეგიაა, რომელსაც ჩვენი გუნდი იყენებს. როდესაც მატჩის შემდეგ მოედანს ვტოვებ, მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ 100%-ით დავიხარჯე და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ვფიქრობ, ჩვენ ამ ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვართ და მჯერა, ეს დავამტკიცეთ კიდეც. მე მიწევს იმ ფეხბურთელებთან ერთად თამაში, რომლებსაც შეუძლიათ შემიქმნან შესაძლებლობები, რომ უბრალოდ დავარტყა და გოლი გავიტანო. მოხარული ვარ, რომ ბევრი გოლი გავიტანე და ბევრი საგოლე გადაცემა გავაკეთე, თუმცა მინდა საქმე ბოლომდე მივიყვანო და ეს გავაგრძელო მანამ, სანამ შევძლებ.

გასულ ჯერზე იმდენი სიყვარული ვიგრძენი ქართველი გულშემატკივრებისა და ხალხისგან, იმდენმა ადამიანმა მომილოცა და გამაბედნიერა. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ფეხბურთს თითქმის არასდროს უყურებდნენ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართველ გულშემატკივრებს ეს ბედნიერება კიდევ ერთხელ მივანიჭო. ბედნიერი ვარ, რომ ქართველი ვარ და ჩემი ამ მცირე წვლილით ქვეყნისთვის ამ სიხარულის მოტანა შემიძლია.

ვფიქრობ, ჩვენი ისტორია არის ის, რომ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ყოველთვის ვიბრძვით. ჩვენ ყოველთვის გვაქვს პასუხი, იცით? ერთად ჩვენ ძლიერი მთლიანობა ვართ, ყოველთვის ვიბრძვით ერთმანეთისთვის, თუმცა ვიცით სტუმრების მიღებაც. ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ, რადგან ბრძოლა ჩვენი მენტალიტეტია. საქართველოში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გასვლა ჩემთვის მარტივი არ არის, რადგან მათ ასე ძლიერ უყვართ ფეხბურთი, მაგრამ ჩემს ქვეყანაში დაბრუნება მართლაც ძალიან მიყვარს. ვცდილობ, ჩავიდე ხოლმე ყოველთვის, როცა კი ამის შესაძლებლობა მეძლევა", - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია UEFA-სთან ინტერვიუში.

ხვიჩა კვარაცხელიამ ამ სეზონში ლიგა 1 და ფიფას ინტერკონტინენტალური თასი მოიგო და უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალშია გასული. მას პსჟ-ს შემადგენლობაში 19 გოლი აქვს გატანილი და 10 საგოლე პასი გაკეთებული.

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს ბუდაპეშტში უნდა გაიმართოს და პსჟ ლონდონის არსენალს შეხვდეს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე უნდა დაიწყოს.

სხვა სტატიები